ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში ინსულინის პრეპარატის დეფიციტს უარყოფს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე გავრცელებულ ხმებს ინსულინის პრეპარატის დეფიციტში ყოფნასთან დაკავშირებით უარყობს. მისი თქმით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა პაციენტი შეუფერხებლად მიიღებს პრეპარატ „ლანტუსს“.
"ინსულინის ერთ-ერთი სახეობა „ლანტუსი“ შეუფერხებლად გაიცემა ჯანდაცვის სამინისტროს კონტრაქტორ სააფთიაქო ქსელში „მედფარმა“. ერთადერთი ცვლილება, რომელიც კვირის ბოლომდე, ანუ მედიკამეტის ახალი ნაკადის შემოსვლამდე იმოქმედებს ის არის, რომ ნაცვლად 3 თვის მარაგისა, ბენეფიციარები პრეპარატის 1 თვის მარაგს მიიღებენ. ცვლილება გამოწვეულია იმ მიზეზით, რომ სამინისტრომ გააფართოვა პრეპარატის მიმღებთა წრე", - ამბობს სოფრომაძე.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესყიდულია ინსულინები, მათ შორის ამ პრეპარატის ანალოგები, როგორც ბავშვთა ასევე 18 წელზე უფროსი ასაკის ბენეფიციარებისათვის.
ბავშვთა ასაკისათვის შესყიდულია როგორც ფლაკონები, ასევე კარტრიჯები (ინსულინის ანალოგები) მათთან თავსებადი ინსულინის შპრიც-კალმები და ნემსები.
აქედან გამომდინარე უფროსი ასაკის ბენეფიციარებისათვის პროგრამულად გათვალისწინებული არ არის შპრიც-კალმების შესყიდვა, სოციალური მომსახურების სააგენტო განახორციელებს ამ ასაკისათვის კალმების განსაზღვრული რაოდენობით შემოტანას (საჩუქრად).
ჯანდაცვის სამინისტრო ასევე აფინანსებს, იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთათვის მედიკამენტებს:
• ჰემოფილიით დაავადებულთათვის - VII, VIII, IX, XIII ფაქტორკონცენტრატები, ასევე პროთრომბინ კომპლექსი და აქტივირებული პროთრომბინ კომპლექს-კონცენტრატი.
• ფენილკეტონურიით დაავადებულთთვის - ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით (1 წლამდე; 1 -3 წლამდე და ზემოთა ასაკის) შესყიდულია სამკურნალო საკვები დანამატი; წელს პირველად ამ ბენეფიციარებისათვის 18 წლამდე ასაკი გაიზარდა და გაიცემა უკვე უფროსი ასაკის ბენეფიციარებზეც;
• მუკოვისციდოზით დაავადებულთათვის - შესყიდულია პანკრეასის ფერმენტი;
• ზრდის ჰორმონის დეფიციტის და ტერნერის სინდრომის მქონეთათვის - სომატოტროპული ჰორმონი;
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში პირველად წელს განხორციელდა დიდი თალასემიით დაავადებული პაციენტებისათვის დეფერასიროქსის შესყიდვა;
ასევე პირველად მიმდინარეობს იუვენული რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტებისათვის ეტანერცეპტისა და ტოცილიზუმაბის შესყიდვა.
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მთელი საქართველოს მაშტაბით გაიცემა ფოლიუმის მჟავა და რკინის პრეპარატები.
მასალის გამოყენების პირობები