„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის.
კანონპროექტის მიხედვით, სამედიცინო მედიაციის სამსახური უქმდება და შესაბამისად, კანონიდან ამოდის მასთან დაკავშირებული ნორმები.
გარდა ამისა, ზუსტდება, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების (ნაცვლად კომპეტენტური სამსახურისა) მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაძლებელია, დაწესდეს მომსახურების საფასური და განაკვეთები, განისაზღვროს საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესები, ასევე საფასურისგან გათავისუფლების პირობები. ამასთან, გარდამავალი დებულებით სამედიცინო მედიაციის სამსახურის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხებიც განისაზღვრება. დავით ლომიძის განცხადებით, ცვლილებები შედის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონშიც და ხდება იმ დებულების ამოღება, რომლის მიხედვითაც მოქმედი რედაქციით აღსრულებას ექვემდებარება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტურ სამსახურთან არსებული სამედიცინო მედიაციის სამსახურის გადაწყვეტილება. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ცვლილებები შედის „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონშიც.
წარმოდგენილი ცვლილებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსიდან ხდება იმ ნორმების ამოღება, რომლებიც არეგულირებს სამედიცინო მედიაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ამასთან, გარდამავალი დებულებით დგინდება, რომ სასამართლო მედიაციის სამსახურის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული სასამართლო წარმოებაში არსებული დავების განხილვა და დასრულება განხორციელდება ამ ცვლილების ამოქმედებამდე არსებული წესისა და პროცედურების შესაბამისად, ხოლო, კანონპროექტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონიდან იმ ნორმების ამოღებას ითვალისწინებს, რომლებიც სამედიცინო მედიაციასთან დაკავშირებული, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე გადასახდელ სახელმწიფო ბაჟის ოდენობებს ადგენს. როგორც დავით ლომიძემ აღნიშნა, ლიკვიდირებული სამედიცინო მედიაციის სამსახურის 25 თანამშრომელი ჯანდაცვის სისტემაში, სხვადასხვა სამუშაო პოზიციებზე გააგრძელებს საქმიანობას.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით ლომიძემ საქართველოს კანონის პროექტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 18 თებერვლის სხდომაზე, I მოსმენით განხილვისთვის წარადგინა.
მასალის გამოყენების პირობები