გურჯაანის მოსახლეობის გარკვეული ნაწილის თქმით, სასწრაფოს მედპერსონალს ან ახალი აღჭურვილობა არ მიუღია, ან მისი მოხმარება არ იცის.
სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის გურჯაანის რაიონული სამსახურის უფროსი მანანა ბერიკაშვილი კი განმარტავს, რომ ახალ ავტომობილებს შესაბამისი აღჭურვილობა აქვს.
„ჩვენი მანქანა რეანომობილი არ არის, ეს არის სასწრაფო დახმარების ავტომანქანა. შიგნით ყველა საჭირო და აუცილებელი აღჭურვულობაა (დეფიბრილატორი, სასუნთქი ტომარა-ამბუს პარკი, სხვადასხვა საჭიროების ნემსები, საკაცეები და სხვა). ზოგიერთ პაციენტს რეანომობილი სჭირდება, რადგან ტრანსპორტირებისას მონიტორზე უნდა იყოს ჩართული. ჩვენ რეანიმატოლოგები არ გვყავს და შესაბამისად სასწრაფო დახმარების ბრიგადას ამის პასუხისმგებლობას ვერ დავაკისრებ. თუ პაციენტი მძიმეა, ადგილზე აღმოჩენილი პირველადი დახმარების ჩატარების შემდეგ, გადმოგვყავს სტაციონარში, სადაც ძირითადი რეანიმაციული ღონისძიებები უტარდება“, - ამბობს მანანა ბერიკაშვილი.
მისივე თქმით, სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის გურჯაანის რაიონული სამსახური ახალადშექმნილი ორგანიზაციაა და მათთან თანამედროვე სტანდარტების მიხედვით გადამზადების კურსი ჯერ არ ჩატარებულა.
„სანამ ეს სისტემა შეიქმნებოდა რამდენიმე თვით ადრე, თელავში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების სემინარები გაიმართა. ეს ტრენინგი რეგიონული მასშტაბის იყო, სადაც ჩვენი ექიმებისა და ექთნების უმრავლესობამაც მიიღო მონაწილეობა. მძღოლებიც კი იყვნენ ჩართული. სამწუხაროდ, გვყავს ისეთებიც ვისაც ეს კურსი არ გაუვლია“.
მისივე თქმით, უკვე დაგეგმილია ახალი სატრეინინგო ჯგუფის შექმნა და პერსონალის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გადამზადება.
„ცენტრალური ოფისი გვპირდება, რომ აუცილებლად ჩაგვრთავს ამ პროგრამაში. რაც მთავარია, ტრეინინგი ჩვენი პერსონალისთვის უფასო იქნება. ადგილზე ჩატარდება და ყველასთვის სავალდებულო იქნება. ჯანდაცვაში ყოველდღე სიახლეა და ამ სიახლეებს ნაბიჯი თუ არ აუწყვეთ, ვერ ვიმუშავებთ. ყოველდღიურად რაღაცა იცვლება, დახმარების კლასიკური მეთოდიც კი აღარ არსებობს“.
მანანა ბერიკაშვილი აღნიშნავს, რომ ტრენინგკურსის დასრულების შემდეგ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის პერსონალი გამოცდას გაივლის.
მასალის გამოყენების პირობები