დღეს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში აივ/შიდსის და ტუბერკულოზის სფეროში მოღვაწე სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი გაიმართა.
ღონისძიების ორგანიზატორი აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭოა, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ხელმძღვანელობს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციების, ტუბერკულოზითა და შიდსით დაზარალებული მოსახლეობის უფრო აქტიური ჩართვა საგრანტო განაცხადების მომზადების სამუშაო პროცესში, მათი მოსაზრებების, საჭიროებების გათვალისწინება და შიდსის და ტუბერკულოზის საპასუხო ღონისძიებებში ფართო ჩართულობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა.
სამინისტროს ცნობითვე, ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო წარმოადგენს ერთიან მაკოორდინირებელ ორგანოს, რომლის მიზანია უზრუნველყოს საქართველოში სახელმწიფოს, გლობალური ფონდის და სხვა დონორების დახმარებით მიმდინარე აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის კოორდინირება სახელმწიფო დონეზე.
შეგახსენებთ, რომ 2003 წლიდან დღემდე საქართველოში გლობალური ფონდიდან მიღებული დახმარებით განხორციელდა მალარიის აღმოფხვრისკენ მიმართული ეფექტური ღონისძიებები (ამჟამად ქვეყანა ელის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგზანიზაციის მიერ მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას), დაინერგა აივ/შიდსის და ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის, პრევენციის და მკურნალობის ეფექტური მექანიზმები.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ამჟამად ქვეყანაში მოქმედებს გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული ორი საგრანტო პროგრამა: ტუბერკულოზისა და შიდსის. აივ/შიდსის გრანტი განხორციელდება 2015 წლის დეკემბრამდე, ხოლო ტუბერკულოზის გრანტი - 2016 წლის ივნისამდე. გლობალურ ფონდთან თანამშრომლობის გაგრძელებისა და დამატებითი დაფინანსების მისაღებად ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობით დაიწყო განაცხადების (ე.წ. კონცეფციის დოკუმენტების) შემუშავება. განაცხადები ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური მონაწილეობისა და დიალოგის რეჟიმში მზადდება. სამთავრობო და არასამთავრობო, აგრეთვე დონორი ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფები.
მასალის გამოყენების პირობები