სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის გურჯაანის რაიონული სამსახურის უფროსის მანანა ბერიკაშვილის თქმით, გამოძახებაზე გასვლა ზონების და რაიონების მიხედვით აღარ ხდება.
„დღესდღეობით საქართველოში რეგიონული განაწილების პრინციპი მუშაობს. თუ რომელიმე მუნიციპალიტეტს უჭირს და ახლომდებარე რაიონს საშუალება აქვს, ეხმარება. „ვინ სწრაფად მივა“-ს პრინციპით ვმუშაობთ. შეიძლება გურჯაანში დაინახოთ სიღნაღის, ლაგოდეხის, ყვარლის ან თელავის ბრიგადები. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენც ძალიან ხშირად გავდივართ გამოძახებაზე მახლობელ რაიონებში. საგარეჯოს ბრიგადები კაჭრეთის ზონაში გადმოდიან და ა.შ.“
მანანა ბერიკაშვილის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ სასწრაფო სამედიცინო სამსახური რეგიონული პრინციპით მუშაობს, არსებული ბრიგადები საკმარისია. „როგორც ამიხსნეს, კანონში მითითებულია, რომ ყოველ 20 ათას სულ მოსახლეზე სასწრაფო დახმარების ერთი საექიმო ბრიგადაა გათვალისწინებული. ჩვენს მუნიციპალიტეტში კი მოსახლეობის რაოდენობა 60 ათასს არ აღემატება. ანუ ითვლება, რომ სამი ბრიგადა საკმარისი უნდა იყოს. თუმცა გურჯაანში ძალიან ბევრი გამოძახება გვაქვს და ამიტომაც ხშირად სხვა რაიონის „სასწრაფოც“ გვეხმარება".
მისივე თქმით, ადრე გურჯაანში ორი საექმო ბრიგადა იყო (ორი მანქანა), რაც რაიონს არ ჰყოფნიდა. ექიმების მოთხოვნის საფუძველზე სასწრაფო სამედიცინო სამსახურს მესამე მანქანაც დაემატა.
მიუხედავად იმისა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ძველი ავტომობილები ახლით ჩაანაცვლეს, მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ სასწრაფო კვლავაც აგვიანებს. თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ ადრინდელთან შედარებით მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესდა. მანანა ბერიკაშვილის თქმით კი, რაც სასწრაფო დახმარების ავტოპარკი განახლდა, დაგვიანება აღარ ფიქსირდება. „საჩივარი ჩემამდეც აღარ მოდის. ხელმძღვანელის ტელეფონის ნომრები დაფიქსირებულია ჩვენს ვებ გვერდზე და დაგვიანების შემთხვევაში, ზარები არ წყდებოდა ხოლმე. რაც ახალი მანქანები გვყავს, ასეთი შემთხვევა აღარ ყოფილა. სადისპეჩერო აღარ გვაქვს, მაგრამ გამოძახების ბარათებს რომ გადავხედავ ხოლმე, გამოძახებისა და სასწრაფოს ადგილზე მისვლის დრო ერთმანეთთან შეთავსებადია“.
მასალის გამოყენების პირობები