საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითა და ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, მალე დედოფლისწყაროს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საავადმყოფო ექნება.
ახალი ტექნიკით აღჭურვილი 25 საწოლიანი საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოები 2014 წლის ბოლოს დაიწყება და 2015 წელს დასრულდება. მრავალფუნქციური საავადმყოფოს პაციენტებს კვალიფიციური მედპერსონალი მოემსახურება.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ საავადმყოფოს მზა პროექტი უკვე მიიღო.
„პროექტმა ექსპერტიზა გაიარა და გამოგვეგზავნა, რათა გაიაროს შესაბამისი პროცედურები. უახლოეს დღეებში ტენდერი გამოცხადდება მშენებლობის დასაწყებად. ეს არის არაჩვეულებრივი პროექტი, თანამედროვე ტიპის შენობა. თავდაპირველად 15 საწოლიანი იგეგმებოდა, შემდგომ 20 და ამჯერად 25 საწოლიანი დაპროექტდა. რისი მიღწევაც გვინდოდა, შევძელით. ორი საოპერაციო ბლოკი ექნება, რაც მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ეს საავადმყოფო ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის დედოფლისწყაროს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებს. მოგეხსენებათ, დედოფლისწყარო ტერიტორიულად საკმაოდ დიდი მუნიციპალიტეტია და სოფლებიც ორ ნაწილად არის დაყოფილი. ქვედა ზონის სოფლებისთვის დედოფლისწყაროს ცენტრამდე საშუალო მანძილი 50-70 კილომეტრამდეა, ამდენად, როდესაც ადამიანის ჯანმრთელობას ეხება საქმე, ხშირად დრო გადამწყვეტია. საავადმყოფოს უქონლობის გამო ადგილზე სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებდნენ და ამისთვის წნორსა თუ სხვა ქალაქებში უხდებოდათ წასვლა. ეს კი დამატებითი თავისტკივილია. ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია, გვქონდეს შესაბამისად აღჭურვილი კლინიკა. ახლა მიმდინარეობს მედპერსონალის გადამზადებაც. მოსახლეობაშიც დიდი მოლოდინია ამ პროექტის მიმართ, სოფლებში ყოველი შეხვედრისას ამ საკითხს აყენებენ. ბევრს ეს დაპირება ჩვენი წინასაარჩევნო კამპანიის განუყოფელი ნაწილი ეგონა და ამიტომ, სკეპტიკოსებს მინდა წარვუდგინო ეს პროექტი, რომელიც მართლა საუკეთესოდაა მომზადებული და ყველა დეტალი გათვლილია“-განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები