დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2014-2015 წლების გრიპის სეზონზე პირველი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ოქტომბრის თვეში დაფიქსირდა.
მათივე ცნობით, მიმართვიანობა გაზრდილია 43-ე კვირაში რაც დამახასიათებელია გრიპის სეზონისთვის. „ამჟამად 2 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა და ორივე გამოწვეულია B ტიპის ვირუსით. გრიპისმაგვარი დაავადებების ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების ზრდა არ ფიქსირდება“, - განაცხადეს დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში.
ცენტრის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები არ გამოვლენილა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წინა წელს გრიპისა და მწვავე რესპირატორული ინფექციების სულ 373 231 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 219 262 ბავშვებში გამოვლინდა.
გრიპის სეზონი ყოველი წლის მე–40 კვირას იწყება და მომდევნო წლის მე–20 კვირას მთავრდება.
არის თუ არა შესაძლებელი გრიპის პრევენცია და რა ღონისძიებებს უნდა მივმართოთ იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელების და მიღების შანსი შემცირდეს? როგორც ექიმები აცხადებენ, გრიპისგან თავის დასაცავად ყველაზე ეფექტური გზა ვაქცინაციაა, რომლის გაკეთებაც გრიპების სეზონის დაწყებამდეა რეკომენდებული.
მიუხედავად ექიმების რეკომენდაციისა, საქართველოში, განსაკუთრებით კი რეგიონებში, მოსახლეობის უმრავლესობა გაციების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებას არ მიმართავს, არც მედიკამენტებს იღებს და განკურნებას საკუთარი ძალებით ხალხური მეთოდით ცდილობს. მაგალითად, იყენებენ ისეთ პროდუქტებს, როგორიც არის ნიორი, წიწაკა და ა.შ.
გაციების და გრიპის წინააღმდეგ საბრძოლველად აქტიურად გამოიყენება ე.წ. „შინაური სამკურნალო ნაყენი “. ეს ერთ-ერთი საუკეთესო რეცეპტია. მისი მიღება სასურველია სურდოს პირველივე ნიშნებისას. ნაყენი ეფექტურად მოქმედებს, რადგან აქვს ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები.
ჯანჯაფილი და წიწაკა ორგანიზმს ათბობს, ხახვი, პირშუშხა და ნიორი ვირუსების და მიკრობების მტერია. სალბი და როზმარინი სურდოს უმკლავდება, ვაშლის ძმარი კი მინერალებს შეიცავს.
ნაყენს არც ისეთი საშინელი გემო აქვს. მისი მომზადება უმჯობესია წინასწარ, სანამ გაციების და გრიპის სეზონი პიკს მიაღწევს. ნაყენს 2-3 კვირა სჭირდება.
მოსამზადებლად საჭიროა: 1/4 ჭიქა გახეხილი ჯანჯაფილი (ნედლი), 1/4 ჭიქა ახალდაჭრილი ხახვი, 1/4 ჭიქა ნედლი როზმარინის ფოთლები, დაჩეჩქვილი (უკიდურეს შემთხვევაში ხმელიც გამოდგება) , 1/4 ჭიქა სალბის ფოთლები (თუნდაც ხმელი), 1/4 ჭიქა გახეხილი პირშუშხას ფესვი ( хрен), 4 კბილი ნიორი, 2 ს.კ დაფქვილი წითელი წიწაკა, ვაშლის ძმარი იმდენი, რომ ქილა თითქმის შეავსოს.
ყველა კომპონენტი გადაიტანეთ ნახევარ ლიტრიან მინის ქილაში და დაასხით ძმარი, ისე რომ ქილის გავსებას 5 სმ დაააკლდეს. კარგად მოურიეთ და დააყენეთ 2-3 კვირა ბნელ ადგილას. ქილა ყოველდღე შეანჯღრიეთ. ბოლოს გაწურეთ. ნაყენი ოდნავ გაათბეთ და ჩაამატეთ 1/4 ჭიქა თაფლი. კარგად გახსენით.
მიღებული ნაყენი გამოიყენეთ საჭიროებისამებრ. ჩვეულებრივ, მიიღება 2 ს.კ ნაყენი, გახსნილი 1 ჭიქა თბილ წყალში, დღეში რამდენჯერმე.
მასალის გამოყენების პირობები