სარეცეპტო სისტემაზე გადასვლის დღიდან ყველა აფთიაქში არსებობს გადაუდებელი დახმარების ე.წ. ჩანთა, რომელშიც შედის რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების გარკვეული ჩამონათვალი. თუმცა, მოსახლეობის უმრავლესობა აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული არ არის. ზოგიერთი მათგანი კი იმაზეც საუბრობს, რომ აფთიაქები მსგავს მომსახურებას მაინც არ უწევენ.
როგორც ჩვენთან საუბრისას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი განმარტავს, გადაუდებელი დახმარების საჭიროების დროს მედიკამენტი ურეცეპტოდ გაიცემა. „გადაუდებელ შემთხვევაში, პაციენტს შეუძლია შეიძინოს ამ ჩანთაში შემავალი ნებისმიერი მედიკამენტის ერთი ერთეული. ანუ თუ აბებზეა საუბარი, თითო აბი, ხოლო ამპულით ინექცირების შემთხვევაში, თითო ამპულა“.
აღსანიშნავია, რომ ამ წამლების შეძენა მომხმარებელს იდენტიფიკაციის გარეშე შეუძლია. „აუცილებლობის დროს მედიკამენტის გაცემას აფთიაქს ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალური ბრძანებით ავალდებულებს. შესაბამისად, არც ფარმაცევტს და არც პაციენტს ამის გამო პრობლემა არ შეექმნება. ამავე დროს, შეიძლება გადაუდებელი დახმარება აფთიაქში ერთმა პირმა მეორესთვის მოითხოვოს, მაგალითად, დედამ შვილისთვის.“
როგორც გურჯაანში „პსპ 76“- ის მენეჯერი ნინო ბაწაშვილი განმარტავს, გადაუდებელი დახმარების მედიკამენტების ნუსხაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლებია შესული და აფთიაქში ცალკე კუთხე აქვს დათმობილი. მისივე თქმით, ეს მედიკამენტები საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ ადამიანზე უპრობლემოდ იყიდება. „ჩვენ აღნიშნულ ნუსხაში შემავალი ყველა პრეპარატი გვაქვს. მომხმარებელი, რომელიც მოდის და მეუბნება, რომ მას სასწრაფოდ სჭირდება დექსამეტაზონი და ამ ეტაპზე არ აქვს რეცეპტი, უპრობლემოდ მიეწოდება ერთი ამპულა. ის ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის პრეპარატს მოიხმარს, მაგრამ თუ დასჭირდება მეტი ოდენობით, მიმართავს ექიმს და გამოიწერს რეცეპტით. პრეპარატის მისაღებად პაციენტის ვინაობის დადგენა საჭირო არ არის, არც რაიმე სახის საბუთს ვითხოვთ. ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ჩვენს აფთიაქში მოხვდება, გავუწევთ კვალიფიციურ დახმარებას“.
აღნიშნულთან დაკავშირებით, „სპექტრმა“ „ფარმადეპოს“ აფთიაქსაც მიაკითხა. მას შემდეგ რაც, აფთიაქის მენეჯერს, ქალბატონ ნინოს, თხოვნით მივმართეთ განემარტა, როგორ უნდა მოვქცეულიყავით გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში, ან რა სახის დახმარების მიღება შეგვეძლო, მან განგვიცხადა, რომ ჟურნალისტთან კომენტარს ვერ გააკეთებს. მისივე თქმით, ყველა მომხმარებელმა თუ პაციენტმა იცის, რომ აფთიაქში გადაუდებელი დახმარების ჩანთით შეუძლია ისარგებლოს.
იმის გასარკვევად, თუ რამდენად ინფორმირებულია საზოგადოება გადაუდებელი დახმარების ჩანთით სარგებლობის შესახებ, სპექტრმა მოსახლეობის გამოკითხვა ჩაატარა.
როგორც გურჯაანის მკვირდი ნაზო რაზმაზიშვილი ამბობს, მსგავსი რამ არ სმენია და შესაბამისად, არც იმის შესახებ იცის, თუ როგორ უნდა მიიღოს ეს დახმარება. „პირველად მესმის, რომ აფთიაქებში გადაუდებელი დახმარება შემიძლია მივიღო. აუცილებლად მოვიკითხავ. თუ ეს მართლა ასეა, რომ გაჭირვების შემთხვევაში, თუნდაც თითო აბს ვიყიდი და ამისთვის რეცეპტი არ დამჭირდება, რა თქმა უნდა კარგია.“
გადაუდებელი დახმარების ჩანთის შესახებ არც ციური ექვთიმიშვილმა იცოდა. როგორც ჩვენთან საუბრისას აცხადებს, ქრონიკულად არის დაავადებული და მსგავსი სახის დახმარება ხანდახან სჭირდება. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ ამ თხოვნით ფარმადეპოს მიაკითხა, მაგრამ წამალი ურეცეპტოდ არ მისცეს. „ერთი კვირის წინ, მაღაზიაში მივდიოდი და შეუძლოდ გავხდი. იქვე ბორდიურზე ჩამოვჯექი, გატოკების თავი არ მქონდა. დახმარება გამვლელს ვთხოვე და „ფარმადეპოში“ შევაგზავნე. მოციმციმე არითმია მაქვს და გულის წამალი მჭირდებოდა. დიგოქსინი ვთხოვე, მაგრამ ნებისმიერი წამალი მიშველიდა. იმ კაცს აფთიაქში უთხრეს რეცეპტის გარეშე წამალს ვერ გავყიდითო. რაღას ვიზამდი, ცოტა სული მოვითქვი და კედელ-კედელ წამოვედი სახლამდე. ლამის მოვკვდი.“
გურჯაანის მკვიდრი ქნარიკა ნიკოგოსიანი აფთიაქებში მსგავსი სახის მომსახურების არსებობას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ეს რეგულაცია ბევრ გაჭირვებულ ადამიანს დაეხმარება. „ამ მომსახურების შესახებ არაფერი ვიცი, აფთიაქში იშვიათად დავდივარ, მით უმეტეს გადაუდებელი დახმარება არ დამჭირვებია. ძალიან კარგია, რომ საჭიროების შემთხვევაში რეცეპტით გასაცემი წამლის ურეცეპტოთ ყიდვა შეიძლება“.
გადაუდებელი დახმარების ჩანთის ნუსხაში შემდეგი პრეპარატები შედის: ადრენალინი ამპულებში; სალბუტამოლი-აეროზოლი; კეტოროლაკი - ტკივილგამაყუჩებელი საშუალება; ატროპინი - საინექციო ფორმა; ფუროსემიდი - შარდმდენი საშუალება და საინექციო ფორმა შედის; დექსამეტაზონი - საინექციო; პრედნიზოლონი - საინექციო ხსნარი; ინსულინი; დიმედროლი ამპულირებული ფორმით -ინექცია, გლუკოზა 40%-იანი 5 მილილიტრიანი საინექციო ხსნარი; ნიფედიპინი - კალციუმის ანტაგონისტი, რომელიც წნევის დამწევი საშუალებაა; მეტოპროლოლი - დეტაადრენობლოკატორია; კაპტოპრილი; ამეჰეინგიბიტორი; ნიტროგლიცერინი - სუბლინგვანური პრეპარატია.
უნდა აღინიშნოს, რომ გადაუდებელი დახმარებისთვის განკუთვნილი მედიკამენტის შეძენა მოქალაქეს შეუძლია ან დაავადების სიმპტომების, ან თავად პრეპარატის სახელწოდების დასახელებით.
მასალის გამოყენების პირობები