საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის
გადაწყვეტილებით მიმდინარე წელს ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგის
- 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი გრანტის მქონე აბიტურიენტები
დაასაჩუქრეს. მათ ერთჯერადი ფულადი ვაუჩერი და სიმბოლური საჩუქრები
გადაეცათ.
როგორც მერიაში აცხადებენ, ინიციატივა წელს პირველად ხორციელდება და
მას ტრადიციული სახე მიეცემა.
ავთანდილ გულიკაშვილის ინფორმაციით, წელს ეროვნულ გამოცდებზე გრანტი
47-მა ახალგაზრდამ მოიპოვა.
“წელს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სკოლებში ქართული და არაქართული
სკოლების მოსწავლეთა მიღწევების არნახული სტატისტიკა გვაქვს; გვყავს
მასშტაბური რაოდენობის სტუდენტი - 313 კურსდამთავრებული სექტემბრიდან
უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელებს სწავლას, მათ შორის არიან გრანტის
მქონე პირველკურსელები: 27 – 50%-იანი გრანტის, 12 – 70%-იანი
გრანტის, 8 – 100% - იანი გრანტის მფლობელია.
ვეცადეთ, რომ დღევანდელი დღე, დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი
ყოფილიყო თავისი ღირებულებებითა და მნიშვნელობით, ეს ტიტული
თავისთავად განაპირობებს თქვენი უნარებისა და შესაძლებლობების
მაქსიმუმის გამოვლენას. ამიტომ, მიზნისკენ სწრაფვის ტემპი არ უნდა
შეანელოთ. თითოეულ თქვენგანს მადლობა მიღწეული წარმატებისთვის,
მონდომებისთვის და სიბეჯითისთვის. თქვენს არჩევანსა და
პროფესიონალიზმზე დგას ქვეყნის მომავალი. ჩევენ -კი მზად ვართ
შევქმნათ შესაბამისი გარემო თქვენი გეგმების რეალიზებისთვის" -
აღნიშნა ავთანდილ გულიკაშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას.
მერიის ინფორმაციით, გრანტის მქონე აბიტურიენტები იყვნენ: ქალაქ
საგარეჯოს №1 საჯარო სკოლის, ნუგზარ ჭანტურიას სახელობის №2 საჯარო
სკოლის, №3, №4, სოფელ ბადიაურის, გომბორის, დიდი ჩაილურის,
კაკაბეთის, მანავის, ნინოწმინდის, გიორგი ლეონიძის სახელობის სოფელ
პატარძეულის საჯარო სკოლის, უდაბნოს, ყანდაურის, ლამბალოს,
იორმუღანლოსა და დუზაგრამის საჯარო სკოლების კურსდამთავრებულები.
მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის სკოლებიდან 2022-2023 სასწავლო წელს
ყველაზე მაღალი შედეგი ქალაქ საგარეჯოს პირველი საჯარო სკოლის
კურსდამთავრებულებმა აჩვენეს.
მასალის გამოყენების პირობები