"ბავშვს სკოლაში მისვლა აღარ უნდა, დირექტორის ეშინია“- დაპირისპირება ჩალაუბნის სკოლაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჩალაუბნის საჯარო სკოლის მეხუთე კლასის
მოსწავლე გოგონას დედა სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს
უპირისპირდება.
ნათია დათუაშვილის მტკიცებით, სკოლის ხელმძღვანელმა მის შვილს
პანდუსით სარგებლობის უფლება არ მისცა და კიბიდან უკან
ჩამოიყვანა.
-" ჩემს შვილს „როლიკიანი“ ჩანთა პანდუსზე აჰქონდა. დირექტორმა უკან
გამოაბრუნა და ხელით ათრევინა კიბეზე. ბავშვს ოპერაცია აქვს
გაკეთებული და სიმძიმის აწევა არ შეუძლია. ჩემი მეუღლე დირექტორთან
მივიდა, ეს ყველაფერი წყნარად და მშვიდად აუხსნა. ამ საუბრის შემდეგ,
ჩემი ორივე შვილი (პატარა მესამე კლასშია) გამოუყვანია კლასიდან და
უყვირია, ვინ მიუტანა მამაშენს ამბავი, შენი ტარტარა ენის გამო ნახე
რა მოხდაო. სალომე კლასში ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლეა, მაგრამ
ბავშვს სკოლაში მისვლა აღარ უნდა, დირექტორის ეშინია. ისიც
ვიცი, რომ ბავშვები გამოჰყავს ხოლმე კლასიდან და ეკითხება, თქვენს
სახლში ვინ იყო, ვინ ქეიფობდნენო. მეც შევხვდი დირექტორს, ისეთი
ყვირილი დამიწყო, რომ მასწავლებლები გამოცვივდნენ. მათაც უყვირა, რას
მისმენთ, შედით კლასებში ეს რა საყურებელიაო. ინტრიგანი და მოგზავნილი
მეძახა.“
მშობლის თქმით, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი საგაკვეთილო
პროცესის დროს მის შვილთან ერთად სხვა რამდენიმე მოსწავლეს სკოლის
მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებინებდა.
„სკოლასთან ახლოს ვცხოვრობთ, ამას წინათ მე თვითონ დავინახე, რომ
გაკვეთილიდან ჰყავდა ჩემი ორივე შვილი გამოყვანილი და კიდევ ორი სხვა
ბავშვი, სკოლის ეზოში „პამპერსებს“ აგროვებინებდა.“
დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლამზირა ყორჩიშვილი, ბრალდებებს
კატეგორიულად უარყოფს და პოლიტიკურად ანგაჟირებულს უწოდებს:
„დილით სიცივის გამო, კიბეები ისე იყო გაყინული, მარილი ვიყიდე და
ჩემი ხელით დავყარე. გარეთ ვიდექი და ბავშვებს ვეუბნებოდი, რომ
ფრთხილად ამოსულიყვნენ. ზარის დარეკვის შემდეგ, დაგვიანებით მოვიდა ეს
ბავშვი, მხოლოდ ის ვუთხარი, - ყველაზე ახლოს შენ ცხოვრობ და ყოველთვის
რატომ აგვიანებ-მეთქი, ყინულზე ფრთხილად ამოდი, რომ არ დაეცე-თქო.
მშობლის მხრიდან ეს შანტაჟია. ამდენი წელია სკოლაში ვარ და ბავშვი არ
ყოფილა ჩემი მომდურავი. რაც შეეხება დალაგებას, რესპუბლიკის მასშტაბით
რომ იყო შაბათობა, მონაწილეობა ჩვენც მივიღეთ. ბავშვები გაკვეთილიდან
არ გამომიყვანია. არც ის მაინტერესებს, მაგათ ოჯახში ვინ იყრის თავს.
ეგ ჩემი საქმე არ არის. მშობლებისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია,
ჩემი ხმა არავის გაუგია, რასაც ამბობს, ტყუილია. მასწავლებლებს მხოლოდ
ის ვუთხარი, კლასებში შესულიყვნენ და თავიანთ საგაკვეთილო პროცესს
დაბრუნებოდნენ. ბავშვს რომ სკოლაში მოსვლის ეშინია, ესეც სიცრუეა. მე
„ნაციონალები“ მებრძვიან, 2011 წელს ცემა-ტყეპით გამაგდეს სკოლიდან.
ესენი ალეკო კახიძის (კახეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე)
მეზობლები არიან და იმან გააქეზათ, რადგან მაშინაც სწორედ მათი კლანი
მიპირისპირდებოდა.“
Speqtri.ge არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის
უფლებებისთვის” აღმასრულებელ დირექტორს ანა არგანაშვილს დაუკავშირდა.
მისი თქმით, ამ საკითხით განათლების სამინისტრო და უფლებადამცველი
უნდა დაინტერესდნენ.
„უნდა აღვნიშნოთ, თუ ეზოს დასუფთავება ბავშვის დასჯის მეთოდი იყო,
ნებისმიერი დისციპლინური სახდელის დადება, მკაცრად წესრიგდება
კანონმდებლობით. უფრო მეტიც, საქართველოს ზოგადი განათლების შესახებ
კანონით, დირექტორი ერთპიროვნულად ვერ დააკისრებს ბავშვს დისციპლინურ
სახდელს და შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც იკვეთება პრობლემა. რატომ
უნდა მოწყვიტო ბავშვი საგაკვეთილო პროცესს და დაალაგებინო?! გაეროს
ბავშვთა უფლებების კონვენციის მიხედვით, ნებისმიერი ქმედება, რაც
ხორციელდება ბავშვის მიმართ, უნდა ეყრდნობოდეს მოზარდის ჭეშმარიტ
ინტერესს, გამორიცხული იყოს ბავშვის მიმართ ძალადობა ან
ითვალისწინებდეს ბავშვის მოსაზრებას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მე
ვერ ვხედავ რომ რომელიმე ზემოთ მოყვანილი პუნქტი იყო გათალისწინებული.
მოსწავლის მიერ სკოლის დალაგება თავისთავად ცუდს არაფერს წარმოადგენს,
მაგრამ ეს არ უნდა იყოს ღირსებაშემლახავი, არ უნდა იყოს იძულებითი,
მითუმეტეს არ უნდა არღვევდეს მისი განათლების უფლებას, ანუ არ
ხდებოდეს საგაკვეთილო პროცესში.“
რაც შეეხება მეორე საკითხს, ანა არგანაშვილი ამბობს, რომ პანდუსით
სარგებლობის უფლება, ბავშვს არ უნდა შეზღუდვოდა.
- „პანდუსი უნვერსალური დიზაინის პრინციპის მიხედვით, განკუთვნილია
ყველასთვის. ანუ, ჩვენს გარშემო ყველა ნივთი თუ ობიექტი უნდა იყოს
ყველასთვის, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის
მისაწვდომი. უფრო მეტიც, სასურველად მიმაჩნია, ყველა მოზარდი მიეჩვიოს
პანდუსის გამოყენებას, ვინაიდან ეს ამცირებს სტიგმას. მითუმეტეს, თუ
ბავშვს ესაჭიროება პანდუსი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეზღუდოს
მისი გამოყენების შესაძლებლობა. ჩემთვის მიუღებელია ასეთი დაყოფა, რომ
ვიღაცამ კიბეზე უნდა იაროს და ვიღაცამ პანდუსით.“
მისივე თქმით, ბავშვის დაშინება ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა და არავის
აქვს უფლება ბავშვის პირად ცხოვრებაში ჩაერიოს, თუ ამას არ გააჩნია
ლეგიტიმური მიზანი.
-„თუ მშობელი ფიქრობს, რომ ბავშვის უფლებები ირღვევა, უნდა მოგვმართოს
ჩვენ, ომბუდსმენს, ან ნებისმიერ უფლებადამცველ ორგანიზაციას. ბავშვის
შერცხვენა, ფეხზე დაყენება ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური და ემოციური
ძალადობის ფორმაა. ბავშვის უფლებები უნდა დაიცვას თავად ამ ოჯახმა და
ასევე უნდა დაინტერესდეს სახალხო დამცველის ბავშვთა უფლებების ცენტრი.
“
მასალის გამოყენების პირობები