სოფელ გურჯაანში მცხოვრები თამაზ ნადირაშვილის ოჯახი უკიდურეს
გაჭირვებაშია. სახლს, სადაც ოთხი ადამიანი ცხოვრობს, არც ჭერი აქვს,
არც იატაკი და არც კარები. როგორც ოჯახის უფროსმა აღნიშნა,
დახმარებისთვის მუნიციპალიტეტის გამგეობას რამდენჯერმე მიმართა,
მაგრამ უშედეგოდ. ნადირაშვილების ოჯახი სამოთახიან უკარფანჯრო
შენობაში ცხოვრობს. სკამების მაგივრად "აკუმულატორის" ყუთები უდგათ.
ამას გარდა, ჭერი ისეა დაზიანებული, რომ წვიმა ყოველ კუთხეში ჩამოდის,
კედლები სველდება და ოთახებში სინესტის სუნი დგას.
-"მიწაზე ვცხოვრობთ, სახლში პოლიც კი არ გვაქვს. ფეჩი კი დავდგით,
მაგრამ არც შეშა გვაქვს, მეზობლებმა "ფანერკის" ნაჭრები მომცეს და
იმას ვუკეთებთ. ჭერიც ძალიან დაზიანებულია. კოჭები ისეა დამპალი,
ზამთარში თოვლი რომ მოვიდეს, თავზე ჩამოგვექცევა. გასულ წლებში
გამგეობაში რამდენჯერმე მივაკითხე შიფერზე, მაგრამ უშედეგოდ. ზოგს
ისეთს მისცეს, ვისაც არ სჭირდებოდა, წაიღეს და გაყიდეს, მე კიდევ ასე
დავრჩი. ათჯერ მაინც მაქვს განცხადება შეტანილი, მაგრამ რად
გინდა?"-გვითხრა თამაზ ნადირაშვილმა.
რამდენიმე წლის წინ, გამონაცვალი შიფერი მისცეს, რომელიც მისივე
თქმით, ისეა დაჩვრეტილი, რომ წვიმას ვერ იკავებს.
-"წლების წინ თავში რკინა ჩამარტყეს, ინვალიდი ვარ და ფიზიკურად
მუშაობა არ შემიძლია. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური
დახმარება და ჩემი ინვალიდობის პენსიაა, რომელიც ვალების დასაფარად არ
მყოფნის. რამდენი გამგებელიც მოვიდა, დახმარება ყველას ვთხოვე, მაგრამ
არავინ არაფერი გაიმეტა. საბავშვო ბაღს შიფერი გადახადეს, 30 ცალი
მომცეს, ისიც ნახევრად დამტვრეული, ერთმანეთზე დავალაგე, წყალი მაინც
ჩამოდიოდა. ავდექი და გუდრონით დავაწებე, მაგრამ ზაფხულში ის გუდრონი
გადნა და წვიმა ისევ ჩამოდის. ამდენი თხოვნით და აქეთ-იქით სირბილით
უკვე დავიღალე, ჩემი გაჭირვება გულთან მაინც არავის მიაქვს. ადრე
ერთჯერადი დახმარება მოგვცეს, ეგ იყო და ეგ,"- გვითხრა მან.
მის გაჭირვებას შვილის ავადმყოფობაც თან დაერთო, რომლის გამოც ვალები
აიღო და დღემდე გაჭირვებით იხდის.
-"მეუღლე და ორი შვილი მყავს. ბიჭი 12-ის გოგო 21 წლის. გოგოს თავში
სიმსივნე აქვს და ოპერაცია გავუკეთეთ, ამის გულისთვის 3 ათასამდე ვალი
ავიღე. შვილი მიკვდებოდა და მაშ რა მექნა? შვიდი თვეა რაც ამ
მდგომარეობაშია. უცებ გახდა ცუდად, ჯერ ვერ იგებდნენ, მაგრამ გაირკვა,
რომ თურმე სიმსივნე ჰქონია. თან შვიდი თვის ფეხმძიმეა და ბავშვს
ელოდება. ძალიან ძვირიან წამლებს ვაძლევთ, თუ არ მიიღო, ცუდად ხდება.
ხანდახან სოფელი მეხმარება, ფულს მიქუჩებენ, რომ წამალი ვიყიდო,
მაგრამ როდემდე? იმათაც თავიანთი ოჯახები აქვთ,"-გვითხრა მან.
ოჯახს არც გაზი აქვს და არც წყალი, ყველაფერ ამასთან ერთად დენიც
გათიშული აქვთ.
-"200 ლარამდე დავალიანება მაქვს და ვერ ვიხდი. არც წყალი გვაქვს და
არც გაზი, უბანში კი არის, მაგრამ ვერ შემომყავს. რა უნდა ვქნათ,
წარმოდგენა არ მაქვს. ეხლა ბავშვიც გვეყოლება და რით უნდა გავათბოთ
სახლი, არ ვიცი. თვიდან თვემდე მშივრები ვართ, რასაც ჰქვია, მარტო
ვარსებობთ. ეხლაც სახლში რომ არაფერი იყო, ცოლ-შვილი, რამდენიმე დღით
ნათესავთან გავგზავნე. ბევრჯერ მშიერი დავწოლილვარ, რომ სხვებს ეჭამათ
რამე. იქნებ ვინმემ მიიტანოს ჩვენი გასაჭირი გულთან და რამით
დაგვეხმარონ,"-გვითხრა მან.
როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის
მოვალეობის შემსრულებელმა ემზარ ჯიქურაშვილმა განმარტა, საცხოვრებელი
სახლების შესაკეთებლად გამგეობის ბიუჯეტში თანხები არ არის
განსაზღვრული.
-"დღეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს რაც შეუძლია, ეს არის ერთჯერადი
დახმარების გაცემა, მედიკამენტებზე და ოპერაციებში თანადაფინანსება.
მე მესმის ამ ოჯახის გასაჭირი და გულთანაც მიმაქვს. ჩვენ შეგვიძლია
მათ ერთჯერადი დახმარება გავუწიოთ 50-100 ლარის ფარგლებში, რომლითაც
საკვებს ან სხვა საჭირო რამეს იყიდიან. მოვახდენთ ასევე წამლების
თანადაფინანსებას. რაც შეეხება სახლს, აქ ბევრი ადამიანი მოდის,
რომელსაც ანალოგიური მდგომარეობა აქვს. ჩვენ მათ ვუხსნით, რომ
ბიუჯეტში თანხები არ არის, მაგრამ ზოგი ამას ვერ იგებს და უკმაყოფილო
მიდის. სახურავების შეცვლა, მხოლოდ სტიქიის შემდგომ პერიოდში ხდება.
ასეთ დროს კომისია გადის ადგილზე და აღწერას აკეთებს რა დონეზეა
დაზიანებული ჭერი. თუ გადაწყვეტილება მიღებული იქნა, დგება აქტი,
იგზავნება ინფრასქტრუქტურის სამინისტროში და ცენტრალური ბიუჯეტიდან
გამოიყოფა მიზნობრივი თანხები. სხვა შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს
საშუალება ვინმეს სახლი შევუკეთოთ," -აღნიშნა მან.
ემზარ ჯიქურაშვილი იმასაც დაპირდათ, რომ ამ ოჯახის შესახებ სოფლის
ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულსაც ჩააყენებს საქმის კურსში, რათა
მომავალში, თუკი რამის შესაძლებლობა გამოჩნდება, დახმარება გაუწიონ.
მასალის გამოყენების პირობები