კოლაგში „ჩაკრულოს“ მსოფლიო აღიარებისადმი მიძღვნილი ძეგლის დადგმა იგეგმება
კოსმოსში გაშვებული „ჩაკრულოს“ ერთ-ერთი შემსრულებლის, აწ გარდაცვლილი
როსტომ საგინაშვილის ოჯახი, კოლაგში, მის მამულში ქართული სიმღერის ამ
მსოფლიო აღიარებისადმი მიძღვნილი ძეგლის დადგმასა და მუდმივმოქმედი
ფოტოგამოფენის მოწყობას გეგმავს.
თუმცა, როგორც მომღერლის შვილი, თამარ საგინაშვილი გვეუბნება, პროექტი
იმდენად მასშტაბურია, რომ მისი განხორციელება ოჯახის შესაძლებლობებს
სცილდება. ამიტომ მასში საზოგადოების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და
ბიზნესმენების ჩართულობა ძალზე მნიშვნელოვანია.
„დაახლოებით 2 წლის წინ დავაფუძნეთ როსტომ საგინაშვილის სახელობის
საერთაშორისო ფონდი, რომლის მიზანია ქართული ხალხური სიმღერის
პოპულარიზაცია და ასევე, ის დაეხმარება ნიჭიერ ახალგაზრდებს და
ხანდაზმულ მომღერლებს.
ამჯერად, ფონდის ფარგლებში ვგეგმავთ, თანხების მოზიდვას ჩვენი ახალი
პროექტისთვის.
გვინდა ჩაკრულოს ისტორია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ეს არ არის
ჩაკრულოს ძეგლი. ეს არის იმ ქართული სიმღერის დიდი გამარჯვებისადმი და
ანსამბლის ყველა მომღერლისადმი მიძღვნილი ძეგლი, რომლებიც მღერიან
მამასთან და ილია ზაქაიძესთან ერთად.
მამას მამულში თბილისი-თელავის ცენტრალური გზის პირას გამოვყავით
ტერიტორია, სადაც მოეწყობა ეს სივრცე. ეს იქნება ღია გამოფენა, მინაში
ჩასმული ფოტოებით, რომ ექსპონატები წვიმამ არ გააფუჭოს, აქვე
დაიდგმება ძეგლი. მას რომ მიუახლოვდები, ჩაკრულო ჩაირთვება. აქ
განთავსდება ფოტოების ნაწილი და ქვემოთ იქნება დახული სივრცე, სრული
გამოფენა, რადგან ძალიან მდიდარი ფოტოარქივი გვაქვს. ქვედა სივრცე სულ
ღია ვერ იქნება, როცა ვინმეს სურვილი გაუჩნდება, რომ მოვიდეს,
დაგვირეკავენ, წინასწარ შეგვატყობინებენ და გავხსნით. აქ შესაძლებელი
იქნება სხვადასხვა ღონისძიების ან კონცერტის ჩატარება. ზედა სივრცე კი
სულ ღია იქნება.
ჩვენი სურვილია და მომავალში აუცილებლად განვახორციელებთ, რომ ამავე
სივრცეში, ხანდაზმულმა მომღერლებმა ახალგაზრდებს ჩაუტარონ
მასტერკლასები. ეს მათთვის იქნება დამატებით შემოსავლის წყარო და
თავიანთი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა.
ეს საკმაოდ დიდი პროექტია და ჩვენი ოჯახი, ვერც ფიზიკურად და ვერც
ფინანსურად ვერ შეძლებს ამის გაკეთებას და არც ვთვლით, რომ მარტო
ჩვენია.
ჩვენ გამოვყოფთ სივრცეს, უზრუნველვყოფთ, რომ ეს გაკეთდეს და მერე
მივხედავთ,“ - ამბობს თამარ საგინაშვილი და იქვე კიდევ ერთხელ
გვიყვება ჩაკრულოს, თითქმის ყველასათვის ცნობილ ისტორიას.
„მემგონი ყველამ იცის ისტორია, როგორ გავიდა ჩაკრულო კოსმოსში. მაშინ
როცა იგეგმებოდა, რომ კოსმოსში გაეშვათ დისკი, სადაც დედამიწის ხმები
იყო ჩაწერილი (იქ არის ფორმულები, ხმები, მისალმება სხვადასხვა ენაზე
და 27 სიმღერა), საბჭოთა კავშირიდან უნდა გაეგზავნათ ერთი სიმღერა.
გაუგზავნეს „პად მასკოვნიე ვეჩერა“ და NASA-ში არ მოეწონათ. მაშინ ეს
ანსამბლი (ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო
დამსახურებული ანსამბლი) უკვე იყო ამერიკაში ნამყოფი და ეს ჩანაწერი
ჰქონდათ. როგორც კი პროექტის ხელმძღვანელს კარლ სეიგანს ჩაურთეს
ჩაკრულო, პირველივე ბგერებიდან გადაწყდა, რომ ეს სიმღერა იქნებოდა
დედამიწის ერთ-ერთი ელჩი კოსმოსში. ეს იყო ჩაკრულოს 74 წლის ჩანაწერი.
როდესაც ანსამბლი მეორედ ჩავიდა ამერიკაში 77 წელს, ამის შესახებ
მაშინ გაიგეს.“
როგორც თამარ საგინაშვილი ამბობს, მათ მიერ დაგეგმილი პროექტის
განხორციელებაში, მონაწილეობა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, რომელთა
სახელებიც ოქროს წიგნში ჩაიწერება.
„ვინც ფინანსურ წვლილს შეიტანს პროექტის განხორციელებაში, მათი გვარი
ჩაიწერება ოქროს წიგნში. ასევე ყველას გადავცემთ კოსმოსში გაშვებული
იმ " ოქროს დისკის" სუვენირად დამზადებულ ასლებს, რომელიც "
ვოიაჯერის" პროექტის ხელმძღვანელმა კარლ სეიგანმა ჩამოუტანა მამას.
პირველი შემომწირველებისთვის კი დამატებით გვექნება საჩუქრად მამას
სახელზე დამზადებული ღვინო, რომელსაც აქვს QR-კოდი, დაასკანირებ და
ირთვება ჩაკრულო. “
ვისაც სურვილი გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ ამ დიდ პროექტში, შეგიძლიათ
თანხა გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე:
საქართველოს ბანკი: GE14BG0000000589074089
ააიპ როსტომ საგინაშვილის სახ საერთ ფონდი.
ფოტოს ავტორი: Francis Prymerski
მასალის გამოყენების პირობები