გურჯაანის საბავშვო ბაღების გაერთიანება 47 ათასი ლარის სათამაშოებს შეიძენს
გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანება 37-ვე
საბავშვო ბაღისთვის სათამაშოებს, საკანცელარიო ნივთებსა და ჭურჭელს
შეიძენს. ამის შესახებ speqtri.ge- ს გაერთიანების ხელმძღვანელმა,
ნატა რუაძემ განუცხადა.
“გავაფორმეთ ხელშეკრულება საკანცელარიო ნივთებთან დაკავშირებით.
შევიძენთ ფანქრებს, საღებავებს, პლასტელინებს და სხვა.“-ამბობს ნატა
რუაძე.
რაც შეეხება სათამაშოებს, გაერთიანებამ ტენდერი 52 000 ლარზე
გამოაცხადა. გამარჯვებულმა ნათია ხუციშვილმა ტენდერი 47 000.00 ლარში
მოიგო. ამჟამად მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საბავშვო ბაღებისთვის შეიძენენ
როგორც სათამაშოებს, ისე საგანმანათლებლო და სამაგიდო თამაშებს.
“ხელშეკრულების მომზადების პროცესში ვართ სათამაშოებზე. ვიმედოვნებ,
კარგად დასრულდება იმირომ, რომ ძალიან დიდი თანხის ხარისხიან
სათამაშოებს ვყიდულობთ. ასევე გამოცხადებული გვაქვს ტენდერი ჭურჭლის
შესყიდვაზე.”-ამბობს ნატა რუაძე.
გარდა ამისა, გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების
გაერთიანებამ 37- ვე საბავშვო ბაგა-ბაღს შეუძინა A4 ფორმატის
მრავალფუნქციური, შავ-თეთრი ლაზერული პრინტერები და დიდი რესურსის
ორიგინალი კარტრიჯები.
გაერთიანების დირექტორის, ნატა რუაძის განმარტებით, საბავშვო
ბაგა-ბაღებში პრინტერების შეტანა ხელს შეუწყობს ელექტრონული
საქმისწარმოებისა და სააღმზრდელო პროცესის ეფექტურად წარმართვას.
“პრინტერები საჭიროა როგორც დოკუმენტწარმოებაში, ისე ბავშვების
აღზრდის პროცესში. მოგეხსენებათ, მასწავლებლები უამრავ მასალას
უბეჭდავენ ბავშვებს. პრინტერის არქონის პირობებში, მასწავლებლებს
უწევდათ მშობლების შეწუხება მასალების ამობეჭდვასთან დაკავშირებით.
ახლა მენეჯერი მოუმზადებს ყველა მასალას, რაც ჯგუფებში დასჭირდებათ.
პრინტერი ყველაფერს გაამარტივებს და ნაკლებ პრობლემებს
შექმნის,”-ამბობს ნატა რუაძე.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბაგა-ბაღების ყველა
აღმზრდელს გადაეცა მეთოდური სახელმძღვანელოები - "ადრეული განათლების
კურიკულუმი თამაში" - ს I და ll ნაწილი და "რჩევები 6 წლამდე ასაკის
ბავშვების მშობლებს".
"მეთოდური ლიტერატურა ყველა აღმზრდელს უნდა ჰქონოდა აქამდეც, რის
მეშვეობითაც ხელმძღვანელობენ ჯგუფში და მიმდინარეობს სააღმზრდელო
პროცესი. ყველა აღმზრდელს ექნება თავის სამაგიდო წიგნი და იმუშავებენ
ამ წიგნებით,"-გვეუბნება ნატა რუაძე.
მასალის გამოყენების პირობები