გურჯაანელი ახალგაზრდები სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩებად დაასახელეს
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG)
სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები, საქართველოს 6 რეგიონში
შეარჩია. მათ, თანამოაზრეებთან ერთად, სოციალური მეწარმეობით
დაინტერესებული ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა აქტივობის
განხორციელების შესაძლებლობა მიეცათ.
მათ შორის არიან გურჯაანელი ახალგაზრდები: ელენე ქაჩლიშვილი და გიორგი
ბაწაშვილი. როგორც ისინი ამბობენ, გურჯაანის სოციალური ფონის
გაუმჯობესება რთულია, მაგრამ შესაძლებელი.
"გვიყვარს სიახლეები, მოძრაობა, განვითარება და პროექტები, რომლებიც
ცვლილებების შესაძლებლობას იძლევა.
13 წლის ასაკიდან, ჩვენს მუნიციპალიტეტში არ განხორციელებულა პროექტი,
რომელშიც მონაწილეობა არ მიგვიღია. ფეხი გურჯაანის ახალგაზრდული
საბჭოს დახმარებით ავიდგით, სადაც ჩვენი ინიციატივების რეალობად
ქცევის შესაძლებლობა მოგვეცა.
სოციალური მეწარმეობით, რეგიონის საჭიროებებიდან გამომდინარე
დავინტერესდით. გურჯაანი არც ისე პატარა მუნიციპალიტეტია, ბოლო წლებში
ტურისტთა რაოდენობაც საგრძნობლად გაიზარდა და ვფიქრობთ, ჩვენს
მუნიციპალიტეტს, ნამდვილად აქვს სოციალური მეწარმეობის განვითარების
პოტენციალი.
შესაბამისად, ჩვენი მიზანია თბილისში არსებული შესაძლებლობების
მაქსიმალური გამოყენებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები
ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობაზე ზრუნვა.
ძალიან გვინდა, წვლილი შევიტანოთ გურჯაანის სოციალური ფონის
გაუმჯობესებაში, რაც რთულია, მაგრამ შესაძლებელი.
ვფიქრობთ, ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს,
ჩვენს რეგიონში სოციალური მეწარმეობის განვითარებას.
ახალგაზრდა ელჩობა ამაღელვებელი გამოცდილება აღმოჩნდა. სიამაყესთან
ერთად, პასუხისმგებლობის გრძნობა გვაქვს, რადგან ჩვენ, ჩვენს
საზოგადოებას წარმოვადგენთ და ბევრი რამ არის ჩვენზე
დამოკიდებული.“-ამბობენ სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები.
ცნობისთვის, სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროგრამა
პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური
საზოგადოებისთვის“ შემადგენელი ნაწილია, რომელსაც ევროკავშირისა
(European Union in Georgia) და პური მსოფლიოსთვის (Brot für die
Welt) ფინანსური მხარდაჭერით, #CSRDG პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად
ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები