„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული
ცვლილებების შესაბამისად, თუკი მომხმარებელი მოვაჭრისგან ინფორმაციას
ვერ, ან არასრულად მიიღებს, მოვაჭრეს დააჯარიმებენ. - ინფორმაციას
აღნიშნულთან დაკავშირებით
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო
ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონი 2022 წლის 1 ივნისს ამოქმედდა, თუმცა, აღსრულების
პროცესში, მათ მიერ გამოიკვეთა რიგი საკითხები, რომელიც მომხმარებლის
უფლებების დაცვის დროული და ეფექტიანი აღსრულების მიზნით საჭიროებდა
დაზუსტებას.
უფრო კონკრეტულად კი, კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად:
• დისტანციურად ან სარეწს გარეთ შეძენის შემთხვევაში, ყოველგვარი
საფუძვლის მითითების გარეშე, მომხმარებელს არ ექნება უფლება დააბრუნოს
სპორტული ან კულტურული ღონისძიების ბილეთი, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც მოვაჭრე თავად განსაზღვრავს აღნიშნული ბილეთის დაბრუნების
შესაძლებლობას, წესსა და პირობებს.
• 2023 წლის 1 აგვისტოდან, მოვაჭრისგან ინფორმაციის მიუღებლობის ან
არასრულად მიღების შემთხვევაში, სათანადო შეტყობინების შემდეგ,
სააგენტო მოვაჭრეს ჯარიმას დააკისრებს. ჯარიმის ოდენობა შეადგენს 500
ლარს. ჯარიმის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, იგივე ქმედების
ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა შეადგენს 1 000 ლარს.
• განისაზღვრა - სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან
არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრისადმი დასაკისრებელი
ჯარიმის მინიმალური ოდენობა - 600 ლარი. (ჯარიმის ოდენობა არ უნდა
აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მოვაჭრის წლიური
ბრუნვის 2 პროცენტს).
ცნობისთვის, მიღებული ცვლილებები შესაბამისობაშია ევროკავშირის
სამართალთან და მიმართულია ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის
სამართალთან დაახლოებისკენ.
მასალის გამოყენების პირობები