პრემიერის დავალებით ხელისუფლების წარმომადგენლები სტიქიის ზონაში იმყოფებიან
საქართველოს პრემიერ - მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით
გურჯაანში სტიქიის ზონაში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის
რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ
გამყრელიძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, კახეთში სახელმწიფო
რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი,გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის
მოვალეობის შემსრულებელი, ლერი გელენავა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა დილიდან მერიის შენობაში საგანგებო
თათბირი გამართეს და სტიქიის პრევენციის მიზნით ქმედითი ღონისძიებები
დაგეგმეს. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ
დრომდე რჩებიან სტიქიის ზონაში, ადგილზე გაეცნენ სტიქიით დაზიანებულ
უბნებს და მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.
"საქართველოს პრემიერ - მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით
ცენტრალური მთავრობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, სტიქიის
პირველივე წუთებიდან ჩართულია სალიკვიდაციო სამუშაოებში. 24 საათიან
რეჟიმში მიმდინარეობს ქალაქის სტიქიისგან დაზიანებული უბნების
გაწმენდა. დილით გვქონდა სამუშაო შეხვედრა, სადაც განვიხილეთ თითოეული
პრობლემური საკითხი. ხდება დამატებითი ტექნიკის მობილიზება, რათა დღის
ბოლომდე სრულად მოხდეს დაზიანებული უბნების გაწმენდა და
კომუნიკაციების აღდგენა. პარალელურ რეჟიმში, ვაგრძელებთ სტიქიით
დაზიანებული უბნების ადგილზე მონახულებას და მოსახლეობასთან
შეხვედრას,"- აღნიშნა მერაბ გამყრელიძემ.
"ვრჩებით სტიქიის ზონაში, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება, გასული
თვე საკმაოდ რთული აღმოჩნდა, მოგეხსნებათ, რომ უხვი ნალექია მინიმუმ
ორ დღეში ერთხელ, სტიქია გვქონდა - დუშეთში, ახალქალაქში,გორში,
ყვარელში, სიღნაღში, ლაგოდეხში, ამჯერად, სტიქიას ვებრძვით გურჯაანში.
სტიქიის პრევენციის მიზნით სამუშაოები არ წყდება და ინტესნიურად
მიმდინარეობს, როგორც უშუალოდ ქალაქ გურჯაანში, ასევე, მიმდებარე
სოფლებში. საბაზისო ინფრასტრუქტურა: გაზი, წყალი, ელექტრო ენერგია
დღეს საღამოსთვის სრულად იქნება აღდგენილი,"- განაცხადა ილია
ბეგიაშვილმა.
"სტიქიის შედეგების პრევენციის მიზნით, მყისიერად ჩაერთო ყველა
შესაბამისი უწყება, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურის მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა. ამ
ეტაპზე, საქართველოს პრემიერ - მინისტრის დავალებით ადგილზე
იმყოფებიან ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და კოორდინირებულ
რეჟიმში მიმდინარეობს სტიქიის შედეგების პრევენციის მიზნით საჭირო
ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. რაც შეეხება
მუნიციპალიტეტში არსებული ხევების ადიდებას მოგახსენებთ, რომ ხევების
გაწმენდა პერიოდულად მიმდინარეობს, თუმცა, გუშინ მოსული უხვი ნალექის
გატარება ვერ მოხერხდა, რამაც გამოიწვია დატბორვა," -აღნიშნა გიორგი
ალადაშვილმა.
[R]
მასალის გამოყენების პირობები