ურნამდე ნაგვის მიტანისაც კი მეშინია - რას ითხოვს 9 აპრილის ქუჩის მოსახლეობა
ქალაქ გურჯაანში, 9 აპრილის ქუჩის მოსახლეობა, ავარიების და
მსხვერპლის თავიდან ასარიდებლად, სიჩქარის შემაფერხებლების - მწოლიარე
პოლიციელების, ე.წ. „ბუგაროკების“ დამონტაჟებას და სიჩქარის
შემზღუდველი ნიშნების დაყენებას ითხოვს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამ ქუჩაზე ქვეითთა გადაადგილება
საკმაოდ საფრთხისშემცველია და მოსახლეობას მუდმივ შიშში უწევს
ცხოვრება.
მათივე განმარტებით, სიტუაცია ბევრად მძიმდება შებინდებისას, რადგან
მოძრაობა უფრო აქტიურია და ქაოსური სიტუაცია იქმნება.
„ცხრა აპრილია ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქუჩაა გურჯაანში. აქ
მცხოვრებლები ყველანაირად დაუცველები ვართ იმის გამო, რომ არანაირი
ამკრძალავი ან გამაფრთხილებელი საგზაო ნიშნები არ არსებობს.
მოგეხსენებათ, მძღოლები ხშირად გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობენ, რაც
ძალიან დიდ საფრთხეს გვიქმნის. ღამე მდგომარეობა უფრო რთულდება,
რადგან მთელი ღამის განმავლობაში ტარდება მძღოლები ერთმანეთს
ეჯიბრებიან, აწყობენ ე.წ. რალს და დრიფტს. ვითხოვთ, რომ რამენაირად
ქალაქის მერიამ გულთან ახლოს მიიტანოს და ან ამკრძალავი ნიშნები
დააყენოს, ან სიჩქარის მაკონტროლებელი კამერა. შეისწავლონ ეს პრობლემა
და მონახონ გამოსავალი,“ - ამბობს Speqtri.ge-სთან საუბარში 9 აპრილის
ქუჩაზე მცხოვრები მარიკა შანყულაშვილი.
მოსახლეობის თქმით, მძღოლები თითქმის არასოდეს უთმობენ გზას ფეხით
მოსიარულეებს, რის გამოც, ქუჩაში ბავშვებს ვერ უშვებენ.
ჯულიეტა ელიზბარაშვილი გვიყვება, რომ ურნამდე ნაგვის მიტანისაც კი
ეშინია.
„ამ ქუჩაზე მანქანები ისე სწრაფად დაჰყავთ, ურნამდე ნაგვის მიტანისაც
კი მეშინია. სასურველია დამცავი ბარიერი გააკეთონ, ისე როგორც სხვა
ქუჩებზეა. ჩვენი აზრით, არ უნდა მოხდეს ასფალტის ბუგაროკების დაგება,
იმიტომ, რომ ეს უფრო მეტად საფრთხის შემცველია, ვიდრე პრობლემის
გადაჭრის გზა. ასეთი „ბუგაროკის“ შორიდან შემჩნევა, ფაქტობრივად
შეუძლებელია. მით უფრო მაშინ, თუ გამაფრთხილებელი ნიშნებიც არ დგას.
სხვა თუ არაფერი, სიჩქარის შემზღუდველი ნიშანი დადგან, იქნებ მაშინ
მაინც გაითვალისწინონ მძღოლებმა,“ - ამბობს ჯულიეტა
ელიზბარაშვილი.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით Speqtri.ge-მ გურჯაანის
მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა. როგორც თვითმმართველობაში
განგვიმარტეს, მოსახლეობამ ამა თუ იმ ქუჩის ინფრასტრუქტურულ
სამუშაობზე, თავად უნდა შეიტანოს განცხადება მერიაში, რომელზეც
მსჯელობის შემდგომ იმოქმედებენ.
„როდესაც მოსახლეობა ითხოვს ამა თუ იმ ქუჩაზე ინფრასტრუქტურულ
სამუშაოებს, აუცილებლად უნდა შემოიტანონ განცხადება მერიაში და
კონკრეტულად მოგვწერონ, რომ ითხოვენ მწოლიარე პოლიციელების
დამონტაჟებას. მერია განიხილავს ამ განცხადებას და თუ კი ეს შიდა
საუბნო გზას ეხება, მერია იმოქმედებს და თუ ეს საგზაო დეპარტამენტს
ეხება, მაშინ განცხადებას გადააგზავნის საგზაო დეპარტამენტში, რათა
მათ იმოქმედონ შესაბამისად. რაც შეეხება ე.წ. ასფალტის ბუგაროკებს,
გეტყვით, რომ მერია საჭიროებისამებრ აკეთებს მწოლიარე
პოლიციელს,“-აცხადებენ მერიაში.
რაც შეეხება სიჩქარის მაკონტროლებელ კამერებს, მერიაში ამბობენ, რომ
მისი მონტაჟი ამ ეტაპზე არ არის დაგეგმილი, თუმცა, მოსახლეობის
თხოვნას გაითვალისწინებენ, თუკი ისინი შესაბამისი განცხადებით
მიმართავენ.
მასალის გამოყენების პირობები