თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულების დასახმარებლად საქართველოს მთავრობამ 1 მილიონი ლარი გამოყო
თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად
დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის
მიზნით, 1 მლნ ლარი გამოიყო.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა ტრაგედიის შემდეგ
დაზარალებული მოქალაქეებისთვის მედიკამენტების, საკვების, ტანსაცმლის,
სამედიცინო აღჭურვილობის და სხვა საჭიროებების შესყიდვას და
ტრანსპორტირებას მოხმარდება.
„საქართველოს მთავრობის განკარგულებით, თურქეთის რესპუბლიკაში
მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის
ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით, მთავრობის სარეზერვო
ფონდიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთი მილიონი ლარი გამოეყო.
განკარგულების მიხედვით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი აწერს, გამოყოფილი თანხა თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი
სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის
მედიკამენტების, საკვების, ტანსაცმლის, სამედიცინო აღჭურვილობის და
სხვა საჭიროებების შესყიდვას და თურქეთის რესპუბლიკაში
ტრანსპორტირებას მოხმარდება“, - ნათქვამია გავრცელებულ
განცხადებაში.
ცნობისთვის, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო
ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართული ქართველი მაშველებიც. შსს-ს
ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
მეხანძრე-მაშველები ორ ლოკაციაზე მუშაობენ.
სამაშველო ღონისძიებაში 100 მეხანძრე-მაშველი შესაბამისი
აღჭურვილობითაა ჩართული. ძებნა-შველის ღონისძიებაში აქტიურად
მონაწილეობენ ქართველი კინოლოგები და მაშველი ძაღლები.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ
თურქეთში უკვე 17 ათასს გადააჭარბა, ხოლო სირიაში მსხვერპლთა
რაოდენობაა - 3 377.
მასალის გამოყენების პირობები