ნადირაშვილების ოჯახი სამთაწყაროდან სააგენტოს მიერ წამოყვანილი ძაღლის დაბრუნებას ითხოვს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები ოჯახი
ა(ა)იპ შინაური მიუსაფარი ცხოველების კახეთის ინტერმუნიციპალურ
სააგენტოს უჩივის და ძაღლის გაუჩინარებაში ადანაშაულებს.
ძაღლის მეპატრონე ნოდარ ნადირაშვილია, რომელიც ამჟამად
საზღვარგარეთაა, ძაღლი კი, მის მშობლებთან იყო მიბარებული.
Speqtri.ge-ს დახმარების თხოვნით ოჯახის მეგობარმა, ნანა(მაცაცო)
ჯანიძემ მიმართა.
„მათ [სააგენტოს თანამშრომელბმა] დეკემბრის თვეში სახლიდან, უკანონოდ
გაიყვანეს ძაღლი, რომელმაც ერთი თვით ადრე, ანუ ნოემბერში, მეზობელს
უკბინა. სავარაუდოდ, დააძინეს. მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდათ არც
ძალისმიერი მეთოდით გაყვანის უფლება. კანონდარღვევაა ისიც, რომ
პატრონიანი ძაღლი სხვაგან არ უნდა წაიყვანონ და უნდა დაუბრუნდეს
პატრონს. მას შემდეგ ვეძებთ ცუგას.“ - გვიყვება ნანა ჯანიძე.
Speqtri.ge ინტერმუნიციპალური სააგენტოს დირექტორს თეიმურზ ზავრაშვილს
დაუკავშირდა, რომელიც ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და განმარტავს, რომ
ისინი კანონის საწინააღმდეგოდ არ იმოქმედებენ და არც ძაღლი წაუყვანიათ
ძალის გამოყენებით, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ოჯახს წინააღმდეგობა
არ გაუწევია.
„პროცესი დაიწყო დაახლოებით 3 თვის წინ. ამ ძაღლმა დაგლიჯა ქალბატონი.
გამოძახებული იყო სასწრაფო დახმარება, დაედო ნაკერები და ა.შ. ამის
შემდეგ სოფელმა მიმართა ოჯახს, რომ ძაღლი დაებათ, ან ვოლიერი
გაეკეთებინათ და მოევლოთ ცხოველისთვის. სოფელში ხალხს გავლა უჭირდა,
ნებისმიერს მისდევდა, არ ჰქონდა მნიშვნელობა ბავშვი იყო თუ უფროსი.
ვინაიდან მათ არანაირი ზომები არ მიიღეს, მოსახლეობა იძულებული გახდა
და შსს-ს მიმართა წერილით, რომელიც მერიას გადაეგზავნა, ამჟამად ეს
წერილი თან ახლავს მიმართვას, რომელიც დოკუმენტებთან ერთად ინახება.
მერიიდან რამდენჯერმე დაგვირეკეს, გთხოვთ დაგვეხმაროთო. გავაგზავნეთ
ეკიპაჟი, ეს იყო დაახლოებით თვენახევრის წინ. ეკიპაჟს უკან მიჰყვებოდა
პატრული. მაგრამ პატრულის ჩარევა არ გახდა საჭირო. თვითონ მეპატრონემ
ჩაუსვა მანქანაში/ გალიაში ძაღლი და წამოვიყვანეთ,“ - გვეუბნება
სააგენტოს ხელმძღვანელი, თეიმურზ ზავრაშვილი.
რაც შეეხება ძაღლის სხვა ტერიტორიაზე გაშვებას, სააგენტოს დირექტორი
ამბობს, რომ კანონით, აგრესიულ ძაღლებს ლოკაცია უნდა შეუცვალონ და
სხვა ტერიტორიაზე გაუშვან.
„რაც საჭირო იყო, ძაღლს ყველა პროცედურა ჩავუტარეთ. როგორც წესია,
ჩვენთან მოხდა მისი სტერილიზაცია-კასტრაცია, ცოფზე აიცრა და დარჩა
დაახლოებით 10 დღე.
წინასაახალწლოდ, ყველა ძაღლი დავაბრუნეთ იმ ადგილზე, საიდანაც ისინი
წამოვიყვანეთ გარდა იმ ძაღლებისა, რომლებისთვისაც ადგილის შეცვლა იყო
საჭირო.
ძაღლს ყოველთვის ვაბრუნებთ იმ ადგილზე, საიდანაც მოგვყავს, მაგრამ იმ
შემთხვევაში, რა შემთხვევაც აქ იყო, ანუ, როდესაც ძაღლი აგრესიით
გამოირჩევა, ვალდებული ვართ, შევუცვალოთ ადგილი. შეიძლება იქ რაღაც არ
მოსწონდა, ან ვიღაცამ გააღიზიანა და გახდა აგრესიული. ამიტომ გავუშვით
სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, სადაც ახლომახლო არის მეცხვარეების
ბინები. არ შეიძლება, რომ ძაღლი დაუსახლებელ ადგილას გაუშვა, რადგან
მან უნდა მოიპოვოს საკვები.
ამ ძაღლის მეპატრონის მშობლებს უნდათ, რომ ძაღლი დაიბრუნონ, მაგრამ
ჩემი ორგანიზაცია არ არის იმდენად მრავალრიცხოვანი, რომ მის
მოსაძებნად ეკიპაჟი გავუშვა. თან ისეთი დიდი ტანის ძაღლია, რომ არ
არის გამორიცხული, მეცხვარეებს ბინაზე მიადგა და მათ წაიყვანეს. მინდა
კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ მე რაც მევალებოდა, ის გავაკეთე კანონის
ფარგლებში,“ - გვეურნება თეიმურაზ ზავრაშვილი და დაძინების შესახებ
ეჭვსაც კი გამორიცხავს.
მისი თქმით, ცხოველების დაძინება მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობაში
ხდება, მაშინ როცა მათი განკურნება შეუძლებელია.
ნანა ჯანიძე კი ამბობს, რომ ისინი დანებებას არ აპირებენ და საჩივრით
უკვე მიმართეს პოლიციას, დახმარებისთვის კი - ცხოველთა დაცვის
ორგანიზაციას.
მასალის გამოყენების პირობები