რატომ არ ენდობიან ქართველები საკუთარ ჯანდაცვის სისტემას და
როგორ იქცა თურქეთი საქართველოს მთავარ საავადმყოფოდ
საქართველო წლებია გამოხატავს ამბიციას გახდეს რეგიონში ერთ-ერთი
მთავარი მიმართულება სამედიცინო ტურიზმის თვალსაზრისით. იაფი და
ხარისხიანი - ასე წარმოაჩენენ საკუთარ სამედიცინო პროდუქტებს ქართული
კლინიკები, რომლებიც ცდილობენ შეაღწიონ საერთაშორისო სამედიცინო
ტურიზმის მომგებიან ბაზარზე.10-იანი წლების დასაწყისში საქართველოში
მართლაც დაიწყეს ჩამოსვლა პაციენტებმა მეზობელი სომხეთიდან და
აზერბაიჯანიდან, რომლებიც სტომატოლოგიისა თუ ესთეტიკური ქირურგიის
გარდა, სარგებლობდნენ ქართველი ონკოლოგების, კარდიოლოგების,
რეპროდუქტოლოგების მომსახურებით.
თუმცა, ეს ტენდენცია კლებისკენ მიდის. მითს იაფი, მაგრამ ხარისხიანი
ქართული მედიცინის შესახებ ქართველებივე ანგრევენ: ისინი სულ უფრო
ნაკლებად ენდობიან საკუთარ ქვეყანაში დასმულ დიაგნოზს და სულ უფრო
ხშირად მიდიან სამკურნალოდ მეზობელ თურქეთში.
ექსპერტების თქმით, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს - სამედიცინო
რეფორმების ზედაპირული ხასიათი, სამედიცინო სექტორის განვითარების
მკაფიო გეგმის არარსებობა, ქართველი ექიმების განათლების დაბალი დონე
და მოძველებული სამედიცინო ინფრასტრუქტურა.
ეს მასალა იმაზეა, თუ რატომ იქცა თურქეთი ქართველების მთავარ
საავადმყოფოდ. ზოგისთვის სტამბოლი გადარჩენის შანსია, ზოგისთვის
მშობლად გახდომის უკანასკნელი იმედი. რასაც ვერ იღებენ თავიანთ
ქვეყანაში, პოულობენ იქ.
სტამბოლის ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზე მაღალ შენობასთან ხალხმრავლობაა. ეს
კლინიკა “ქოლანია”, მრავალპროფილური საავადმყოფო.
შესასვლელთან ღია კაფეა - მაგიდები და სკამები დგას. ადამიანებს აქ
დრო ყავის სმასა და სიგარეტის მოწევაში გაჰყავთ. ანალიზების პასუხებს
ელოდებიან ან კვლევებზე შესულ ახლობლებს. ჩახჩახა მზისგან მათ დიდი,
ფართო ქოლგები იცავს.
მაგიდებს შორის რიგებში რომ ჩაივლი, ხშირად ქართულ საუბარს მოჰკრავ
ყურს.
„ქოლანის“ პაციენტებს შორის ბევრი ქართველია. ზოგი უკვე მრავალი წელია
აქ მკურნალობს. ისინი მშვიდად სხედან და მორიგი კვლევის პასუხს
ელოდებიან.
ახალჩამოსულები უფრო მეტად ღელავენ და ბოლთას სცემენ. ხანშიშესული
წყვილი ნერვიულობს - ორი დღეა, რაც საქართველოდან ჩამოვიდნენ. კაცს
სიმსივნის დიაგნოზი აქვს, „ქოლანში“ კვლევებს იტარებს. სულ მალე
გაიგებენ „გადარჩნენ, თუ დაიგვიანეს“.
თვალებით მარიამს ეძებენ. „მარი ჩვენი ანგელოზია, ის რომ არა, აქ
ვერაფერს ვიზამდით,“ - ამბობს ქალი.
ვრცლად
იხილეთ ბმუზე:
მასალის გამოყენების პირობები