საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გასული წლის ანგარიშის
მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის უკიდურესი ფორმის -
ფემიციდის თავიდან არიდება და მსგავს შემთხვევებზე ეფექტური რეაგირება
კვლავ პრობლემურია.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ფემიციდის შემთხვევები
არათუ იკლებს, არამედ მატულობს.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სახელმწიფო უწყებებმა
შეასრულეს წინა წლების მონიტორინგის შედეგად გაცემული რეკომენდაციების
ნაწილი, თუმცა, მონიტორინგის შედეგად, კვლავ გამოიკვეთა შემთხვევები,
სადაც ფემიციდის რისკების სწორი შეფასება და თავიდან არიდება ვერ
მოხერხდა.
სტატისტიკის თანახმად, ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობის ჩამდენები,
ყველაზე ხშირად ქმრები ან ყოფილი ქმრები არიან, მოტივად კი
„ეჭვიანობა“ და „შურისძიება“ სახელდება.
როგორც სასახალხო დამცველის აპარატში განმარტავენ, სამწუხაროდ,
გვხვდება სისხლის სამართლის საქმეები, სადაც გამოძიებამ არ გადადგა
სათანადო ნაბიჯები დანაშაულის გენდერული მოტივის დასადგენად, რის
შედეგადაც ფემიციდის ჩადენის მოტივი საერთოდ უცნობი დარჩა.
მათივე შეფასებით, სასამართლო იყენებს ზედმეტად ხანმოკლე ან ლმობიერ
სასჯელს, რაც ძალადობის მსხვერპლ ქალს მოძალადის გათავისუფლების
შემთხვევაში, დანაშაულის განმეორებისაგან დაუცველს ტოვებს.
უფლებადამცველების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უზენაესმა სასამართლომ
არარეგისტრირებული ქორწინების ცნების სწორი განმარტება შეიმუშაოს.
„ოჯახის წევრის მკვლელობისათვის დაწესებულია თავისუფლების აღკვეთა
13-დან 17 წლამდე, ხოლო თუკი მსხვერპლი არ არის ოჯახის წევრი და არც
სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა
დამამძიმებელი გარემოებებია სახეზე, ქმედება კვალიფიცირდება სისხლის
სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რომლითაც გათვალისწინებულია
თავისუფლების აღკვეთა 7-დან 15 წლამდე,“ - ვკითხულობთ სახალხო
დამცველის ანგარიშში.
როგორც ამ დოკუმენტიდან ჩანს, იმ შემთხვევაში, როცა თანაცხოვრების დრო
და მეზობლების მიერ წყვილების ცოლ-ქმრად აღქმა ვერ ხერხდება, დაცვის
მხარეს სასჯელის შემსუბუქებისათვის ექნება „იდიალური“ სტრატეგია
ბრალდებულისა და დაზარალებულის არარეგისტრირებულ ქორწინებაში არყოფნის
სახით.
კანონის მიხედვით, ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მსხვერპლის დაცვის მიზნით და
მოძალადის შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, შესაძლებელია, დროებითი
ღონისძიების სახით, გამოიცეს შემაკავებელი ორდერი 30 დღემდე
ვადით.
თუმცა, პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ეს ბერკეტი ხშირ შემთხვევაში, არ
მუშაობს და მოძალადე მუქარის სისრულეში მოყვანას მაინც ახერხებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანების უფლებებისთვის"
აღმასრულებელი დირექტორის ანა არგანაშვილის ინფორმაციით, ქალთა მიმართ
ძალადობის სტატისტიკა მზარდია და პოზიტიური ცვლილება არ
შეინიშნება.
მისივე თქმით, ამის მიზეზი უწყებებს შორის არაკოორდინირებული
ქმედებები და კამპანიების არასწორი დაგეგმვაა.
"სტატისტიკა გვეუბნება, რომ რაღაც არასწორად ხდება და ძალიან ბევრი
ხარვეზია სახელმწიფოს ქმედებებში - კონკრეტულად, არაკოორდინირებული
ქმედებები სხვადასხვა უწყებებს შორის. რეალურად მუშაობა არ
მიმდინარეობს თანასწორობაზე და სწორედ ამას მოსდევს შემდგომში
ძალადობა. ამჟამად დაგეგმილი კამპანიების უმეტესობის მიზანი არ არის
თანასწორობა. ჩვენ უკუსვლით ვიწყებთ, მივმართავთ საზოგადოებას, რომ არ
მოკლან ქალი, ეს არის ძალიან დაგვიანებული ჩარევა. მანამდე არის
გასაკეთებელი უამრავი რამ,"-ამბობს speqtri.ge-სთან საუბარში ანა
არგანაშვილი.
როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, კამპანია
უნდა იყოს ქალების თანასწორუფლებიანობის მოპოვებასა და რეალურ,
ფაქტობრივ თანასწორობის მიღწევაზე ორიენტირებული.
მისი შეფასებით, რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით უნდა
გატარდეს.
"რეფორმები უნდა გატარდეს არა მარტო სისხლის სამართლის სფეროში,
არამედ სხვა მიმართულებითაც, განსაკუთრებით განათლების კუთხით.
სასჯელი პრევენციისთვისაა, რომ არ მოხდეს დანაშაული. იქ არის სხვა
უამრავი ფაქტორი, რაც იწვევს ფემიციდს. შესაბამისად, მარტო სასჯელზე
კონცენტრირება არ მიმაჩნია ეფექტურად და საჭიროა, უფრო გლობალურად
შევხედოთ ამ პრობლემას,"-ამბობს ანა არგანაშვილი და ევროპულ
გამოცდილებასა და სტანდარტებზე ამახვილებს ყურადღებას.
"ევროპულ ქვეყნებს აქვთ ფემიციდის აღმოფხვრის ისეთი სტრატეგია, სადაც
მთავარი აქცენტი კეთდება სტერეოტიპების ცვლილებაზე, განათლებაზე,
თანასწორობასა და ეკონომიკურ გაძლიერებაზე. სწორედ ამ ყველაფერს
შედეგად მოსდევს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა, რომლის უკიდურეს
ფორმასაც წარმოადგენს ფემიციდი.
როცა ქალი არის ეკონომიურად ძლიერი, არ არის დამოკიდებული პარტნიორზე,
როდესაც ქალს აქვს საშუალება, რომ ბავშვი დატოვოს ბავშვთა ზრუნვის
დაწესებულებებში, როდესაც ქალს აქვს სრულფასოვანი განათლება, ეს
ყველაფერი ამცირებს შემდგომში ქალებზე ძალადობას, მაშასადამე
ფემიციდის ალბათობასაც. ჩვენ, სამწუხაროდ, ჩარევას ვიწყებთ
დაგვიანებულ ეტაპზე."
ქალთა გაძლიერებისა და დახმარების მიზნით 2018 წლიდან რეგიონებში
მუნიციპალიტეტების მერიის მიერ შეიქმნა და მუშაობა დაიწყო ქალთა
ოთახებმა.
როგორც გურჯაანის "ქალთა ოთახის" წარმომადგენელი ელზა პაპოშვილი
speqtri.ge-სთან საუბარში განმარტავს, ისინი გენდერული თანასწორობის
საბჭოსთან ერთად, არაერთ აქტივობას ახორციელებენ.
"მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახი და გენდერული თანასწორობის საბჭო
ვაორგანიზებთ სხვადასხვა აქტივობებს. მომართვიანობა არის, ვეხმარებით
და ვატარებთ საინფორმაციო შეხვედრებს ქალთა ეკონომიური გაძლიერების
მიმართულებით. მუნიციპალიტეტს ძალადობის მსხვერლი ქალებისთვის აქვს
პროგრამა, რაც ბინის ქირის თანადაფინანსების უზრუნველყოფას მოიცავს
100 ლარით,"- ამბობს ელზა პაპოშვილი.
"პარტნიორობა ადამიანების უფლებებისთვის" აღმასრულებელი დირექტორის,
ანა არგანაშვილის თქმით, სახელმწიფომ სისტემაში ხარვეზები ზუსტად უნდა
შეაფასოს და აღიაროს, რომ რაღაც არასწორად ხდება.
„როდესაც ხარვეზებზე შევთანხმდებით, შემდეგ მოვძებნით გზას ამ
ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ამ ეტაპზე სახელმწიფო ამბობს, რომ
ყველაფერს აკეთებს კარგად, მაგრამ ფემიციდი მაინც იზრდება. ეს ორი
მტკიცება ერთმანეთთან შეუსაბამოა."
უფლებადამცველების შეფასებით, იმისთვის, რომ მოხდეს ფატალური შედეგის
თავიდან არიდება, მნიშვნელოვანია ძალადობის ფაქტზე დაუყოვნებელი
რეაგირება.
თუ თქვენ მეუღლის მხრიდან განიცდით ძალადობას, შეგიძლიათ დარეკოთ
ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცხელ ხაზზე - 116006 კვირის
ნებისმიერ დღეს, 24 საათის განმავლობაში.
თუ თქვენ ხართ მეზობელი, რომელმაც იცის, რომ ოჯახში, სადაც ბავშვია
მუდმივად ხდება ძალადობა, აუცილებლად უნდა დარეკოთ პოლიციაში ან
სოციალური მომსახურების სააგენტოში. ასევე შეგიძლით დაუკავშირდეთ
ბავშვთა დახმარების ხაზს 116 111.
1505-ზე დარეკვის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ დარჩეთ ანონიმური.
მასალის გამოყენების პირობები