26 და 27 ნოემბერს გურჯაანის ტექნოპარკში ორდღიანი პროექტი „Smart
სათამაშოების Makeathon”-ი გაიმართება. გურჯაანის ტექნოპარკი პროექტის
მონაწილეებს მთელი საქართველოს მასშტაბით უმასპინძლებს.
პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ, საკუთარი სურვილი და
იდეა სტარტაპად აქციონ და შექმნან რეალური პროდუქტი, ჭკვიანი
სათამაშოების ინდუსტრიაში.
“ძალიან საინტერესო პროექტით დაგიბრუნდით. ეს არის ჭკვიანი
სათამაშოების ორდღიანი პროექტი, რომელიც 26 და 27 ნოემბერს გურჯაანის
ტექნოპარკში ჩატარდება. პროექტის მიზანია, რომ ადამიანებს მივცეთ
შესაძლებლობა, დაიწყონ სტარტაპი სათამაშოების ინდუსტრიის სფეროში.
შექმნან ჭკვიანი სათამაშოები, რომლებიც იქნება მოთხოვნადი, როგორც
ადგილობრივ, ისევე გლობალურ ბაზარზე.
პროექტის მთავარი პრიზი არის გრანტი 5000 ლარის ოდენობით სააგენტოს
სახელით, რომელსაც გამარჯვებული გამოიყენებს უშუალოდ ამ ორი დღის
განმავლობაში შექმნილი პროტოტიპის განვითარებისთვის,“- ამბობს
Speqtri.ge-სთან საუბარში გურჯაანის ტექნოპარკის მენეჯერი ელენე
გოგოლაშვილი.
მისივე თქმით, პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია 16 წლის ზემოთ
დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს სურვილი და იდეა,
რომ დაიწყოს ამ სფეროში მოღვაწეობა.
„პროექტის ფარგლებში, ადგილზე იქნებიან მენტორები, კვალიფიციური
ტრენერები, რომლებიც მონაწილეებს სფეროსა და ინდუსტრიის შესახებ
დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან, დაეხმარებიან, იდეები მაქსიმალურად
გადმოიტანონ რეალობაში და შექმნან რეალური პროდუქტები ჩვენი ფაბ-ლაბის
გამოყენებით.
მონაწილეებს დახმარებას ფაბ-ლაბის სპეციალისტებიც გაუწევენ. მათ
ადგილზე დახვდებათ ყველა საჭირო რესურსი.
ორი დღის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნება დღისა და ღამის კვება.
მონაწილეებს შეეძლებათ, რომ დარჩნენ ტექნოპარკის ტერიტორიაზე და
გადაბმულად იმუშაონ საკუთარ იდეებზე,“ - ამბობს ელენე
გოგოლაშვილი.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება გურჯაანის ტექნოპარკის, თელავის
ტექნოპარკის, ახმეტის ინოვაციების ცენტრის, ფაბ-ლაბ ტექნოპარკისა და
კომპანია „ქლევერტონის“ ორგანიზებით.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 22 ნოემბერი 23:59
საათი.
მასალის გამოყენების პირობები