დღეს, 16 სექტემბერს საერთაშორისო კამპანიის, „დავასუფთაოთ მსოფლიო
-2022“ ღონისძიება გაიმართა, რომლის დევიზიცაა - „ადგილობრივი
გარემოსდაცვითი ქმედებების მხარდაჭერა, რათა შეიცვალოს სამყარო“.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით,
საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„მოგეხსენებათ, სახელმწიფოსთვის გარემოს დაცვა და მასზე ზრუნვა
ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ნარჩენების მართვის სტრატეგია,
ნარჩენების მართვის ეროვნული გეგმა და მწარმოებლის გაფართოებული
ვალდებულება გარემოს ნარჩენებისგან დაცვის სახელმძღვანელოს
წარმოადგენს.
საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით, დღევანდელი ღონისძიება
განსაკუთრებულ ხასიათს ატარებს. თვალსაჩინოა პროგრესი და მოქალაქეების
მიდგომების ცვლილება გარემოს სისუფთავეზე ზრუნვისა და დაცვის
მიმართულებით, რაც სახელმწიფოს, დონორი ორგანიზაციებისა და
არასამთავრობო სექტორის ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგია“, -
განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
სოლომონ პავლიაშვილმა ღონისძიებაზე.
როგორც „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები -
საქართველოს“ თავმჯომარე, ნინო ჩხობაძე აცხადებს, აღნიშნული კამპანია
სახელმწიფოს, დონორებისა და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი
წარმატებული პროექტია.
ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ 2022 წლის 16-18 სექტემბერ, კამპანიის
ფარგლებში, დასუფთავების აქციები ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება.
უწყებაში განმარტავენ, რომ კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო - 2022“
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი
ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და მყარი ნარჩენების მართვის
კომპანიასთან თანამშრომლობით ხორციელდება.
ამ დროისთვის, კამპანიაში 133-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული. რაც შეეხება
საქართველოს, იგი აღნიშნულ კამპანიას 2010 წლიდან შეუერთდა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, კამპანიას, შვედეთის მთავრობის
ფინანსური მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციები - „საქართველოს
მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“, „დავიცვათ
საქართველოს სისუფთავე“ (KGT) და საქართველოს ბუნების მკვლევართა
კავშირი „ორქისი“ ახორციელებენ.
დღევანდელ ღონისძიებას შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და
თანამშრომლობის სააგენტოს გარემოსდაცვითი პროგრამების ხელმძღვანელი
ხათუნა ზალდასტანიშვილი, სამინისტროს შესაბამისი უწყების
წარმომადგენლები და დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები