Netflix-სა და ნონა გაფრინდაშვილს შორის სამართლებრივი დავა, რომელიც
გასული წლის სექტემბერში დაიწყო, შეთანხმებით დასრულდა.
საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, შეთანხმების დეტალები არ
გასაჯაროებულა.
როგორც ნონა გაფრინდაშვილის წარმომადგენელმა ადვოკატმა ალექსანდრე
რუფუს-ისააკსმა განაცხადა: „მხარეები მოხარულნი არიან, რომ ეს საკითხი
მოგვარებულია.“
აღნიშნული დავის მიზეზი Netflix-ის სერიალ „ლაზიერის გამბიტში“
გაჟღერებული ფრაზაა, რომ ნონა გაფრინდაშვილს კაც მოჭადრაკესთან
არასდროს უთამაშია.
მოსარჩელე მხარე აცხადებდა, რომ გაფრინდაშვილს სერიალში აღწერილი
დროის იმ პერიოდისთვის მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონ მოჭადრაკე
კაცებთან, მათ შორის, გროსმაისტერებთან უკვე ჰქონდა გამართული
შეხვედრები.
ნონა გაფრინდაშვილის განცხადებით, სერიალში გაჟღერებული ინფორმაცია
„სექსისტური და დამამცირებელი იყო“.
იურიდიული კომპანია
BLB-ის მმართველი პარტნიორის, იურისტის, კახა შარაბიძის
განცხადებით, ნონა გაფრინდაშვილსა და მედიამაგნატ Netflix-სს შორის
დავა დასრულდა ძალიან ეფექტურად და მოკლე დროში.
„სასიხარულოა, რომ ამ შედეგს იზიარებს მსოფლიო პრესა და თუ
დააკვირდებით მსოფლიო პრესას, ჩვენი ქართველი ლეგენდა არ ჩამოდის
წამყვანი მედიასაშუალებების ჰედლაინებიდან.
ყველა საერთაშორისო გამოცემა ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე,
რომ ამ შედეგის წინაპირობა იყო
კალიფორნიის სასამართლოში ქალბატონი ნონას
გამარჯვება, რითაც სასამართლომ არ გაიზიარა Netflix-სის დაცვის
არცერთი არგუმენტი და მოსამართლემ არ დაადგინა, რომ მხატვრული
ნაწარმოები არ წარმოადგენს დეფორმაციისგან, ანუ პატივის და ღირსების
შემლახავი განცხადებისგან თავისუფალ ზონას და ეს არ ანთავისუფლებს
პირს პასუხიმდგებლობისაგან.
ეს იყო პრეცენდენტი, რომელსაც ექნება მნიშვნწელობა როგორც
კინოინდუსტრიაში და ასევე სამართლებრივად, ქალბატონი ნონას ამ
ძალისხმევამ ეს პრეცენდენტი შექმნა სამართლის სფეროში. ეს არის
ქართული ლეგენდის ლეგენდარული პარტია, რომელიც მან კიდევ ერთხელ მოიგო
და ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. “
- განაცხადა კახა შარაბიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისივე განცხადებით, მორიგებაზე მოლაპარაკების ინიციატივა წამოვიდა
სასამართლოდან და მანვე შესთავაზათ ავროტეტული მედიატორი, რომელის
ჩართულობითაც შედგა მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება, თუმცა,
იურისტმა ამ შეთანხმების პირობებზე არ ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს
არის კონფიდენციალური, რაც არის მიღებული პრაქტიკა
კინოინდუსტრიაში.
„ეს არის მიღებული პრაქტიკა ამ ინდუსტრიაში. სამწუხაროდ, ჩვენ
შებოჭილები ვართ პროფესიული პასუხისმგებლობის ფარგლებში და, ისევე
როგორც ქალბატონი ნონა. შეთანხმების პირობები არის კონფიდენციალური და
ყველაფერი, რაც მას უკავშირდება, არ შეიძლება, რომ საჯარო იყოს.
შეთანხმების ყველა გარემოება, ყველა ნიუანსი არის მკაცრად
კონფიდენციალური. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის მიღებული
პრაქტიკა მოცემულ ვითარებაში და ეს არ განხვავდება სხვა ანალოგიური
შემთხვევებისგან“, – განაცხადა ადვოკატმა.
მასალის გამოყენების პირობები