დღეს, 10 აგვისტოს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2022 წლის 8
აპრილს საქართველოში დარეგისტრირებულ კომპანია შპს „ვაიბერ ჯიეის“
ტექნოლოგიების სფეროში (IT) საქმიანობაზე საერთაშორისო კომპანიის
სტატუსი მიენიჭა.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით,
ფინანსთა
სამინისტრო ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრე პარტნიორია
ლუქსემბურგში რეგისტრირებული კომპანია შპს „Viber Media Sàrl”-ი.
სამინისტროს ინფორმაციით, შპს “ვაიბერ ჯიეი” აპირებს თავის
დამფუძნებელ კომპანიას შპს “Viber Media Sàrl”-ს გაუწიოს
საინფორმაციო-ტექნოლოგიური მომსახურება “Viber”-ის აპლიკაციის
სამომავლო საქმიანობის ოპერირებისა და განვითარების მიზნით.
კერძოდ, კომპანიას დაგეგმილი აქვს 2022 წლის ბოლომდე დაიქირაოს 50-მდე
თანამშრომელი, როგორც iOS და Android დეველოპერები, ასევე, ხარისხის
უზრუნველყოფის პერსონალი და შიდა ინტერფეისის (JAVA)
დეველოპერები.
შპს “ვაიბერ ჯიეის” საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: პროგრამული
უზრუნველყოფის გამოცემა, კომპიუტერული დაპროგრამება, კონსულტირება და
მათთან დაკავშირებული საქმიანობები, საკონსულტაციო საქმიანობები
კომპიუტერული ტექნოლოგიების დარგში, ციფრული პროდუქტის დამზადება
ან/და მიწოდება, პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერისა და მისი
განახლებული ვერსიის მიწოდების ჩათვლით, ვებგვერდის დამზადება ან/და
მიწოდება.
სამინისტროს განმარტებით, იმისათვის, რომ საქართველოს საწარმოს
მიენიჭოს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, მას უნდა ჰქონდეს
ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; შეიძლება იყოს
არარეზიდენტი საწარმოს წარმომადგენელი საქართველოში, თუ ამ
არარეზიდენტ საწარმოს აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის
გამოცდილება; შეიძლება ჰყავდეს 50%-ზე მეტი წილის მქონე პარტნიორი და
ამ პარტნიორს აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის
გამოცდილება.
მასალის გამოყენების პირობები