რეინჯერთა მსოფლიო დღე, წელს ლაგოდეხის ეროვნულ პარკში, გუდაურში
მომხდარი ტრაგედიის გამო, დაგვიანებით აღინიშნა. ღონისძიებას
საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო
ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების დროს,
სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებისას დაღუპულ გმირებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ
რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები
გადასცა.
„მინდა მივულოცო ყველა რეინჯერს რეინჯერთა დღე, მადლობა გადავუხადო და
ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო მათ მიმართ, რთული და
საპასუხისმგებლო პროფესიის არჩევისა და დაცული ტერიტორიების დაცვაში
შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ჩვენი უნიკალური ბუნების
საგანძურს 21 ადმინისტრაციულ ერთეულში გადანაწილებული 400-ზე მეტი
რეინჯერი იცავს. თითოეული მათგანი, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად
ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, რაც გულისხმობს ბრაკონიერობის
ფაქტების აღკვეთას, ბუნებრივ და დაუდევრობით გამოწვეულ ხანძრებთან
გამკლავებას, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგს, სისუფთავის
უზრუნველყოფას და, კომპეტენციის ფარგლებში, ვიზიტორთა დახმარებას.
რეინჯერთა მსოფლიო დღე 31 ივლისს აღინიშნება. ამ დღეს წელს
დაგვიანებით აღვნიშნავთ გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც
ჩვენი თანამოქალაქე 8 გმირი პროფესიონალი შეიწირა”,- აღნიშნა გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები აღმოსავლეთ ევროპაში,
კავკასიასა და საქართველოში პირველი დაცული ტერიტორიაა, რომელიც 110
წლის წინ, 1912 წელს შეიქმნა და მისი ფართობი მხოლოდ 3 500 ჰა იყო.
დღეს კი, როგორც
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროში განმარტავენ, საქართველოში 94 დაცული ტერიტორიაა,
საერთო ფართობით 800 000 ჰა-მდე, რაც ქვეყნის ტერიტორიის 11.5%-ს
შეადგენს.
ცნობისთვის, რეინჯერთა პროფესიული დღე რეინჯერთა საერთაშორისო
ფედერაციის მიერ დაწესდა და მსოფლიოში პირველად 2007 წელს აღინიშნა.
დაცული ტერიტორიების სააგენტო კი რეინჯერთა პროფესიულ დღეს 2017
წლიდან აღნიშნავს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს,
სააგენტომ,
დაცული ტერიტორიების დაცვასა და განვითარებაში შეტანილი
განსაკუთრებული წვლილისთვის, 40-ზე მეტი რეინჯერი დააჯილდოვა მადლობის
სიგელითა და ფულადი პრემიით. კომპენსაციები გადაეცათ სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული რეინჯერების ოჯახებს.
მასალის გამოყენების პირობები