„ღია საზოგადოების ფონდმა“ საცხოვრებლის საჭიროების მქონე უკრაინის
მოქალაქეთა აღრიცხვისთვის საგანგებო ანკეტა შექმნა.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, ფონდის
ვებ-გვერდზე ვკითხულობთ.
იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინის მოქალაქეთა დახმარების სახელმწიფო
პროგრამა პირველ აგვისტოს დასრულდა,
ანკეტაში რეგისტრირებული უკრაინელების
საცხოვრისით უზრუნველსაყოფად, ღია საზოგადოების ფონდის სახელზე
გახსნილია ანგარიშის ნომერი, სადაც შემოწირულობის გაკეთება ნებისმიერ
მოქალაქეს შეუძლია (ანგარიში ლარში: GE51TB7324636080100018; დოლარში:
GE63TB7324636180100012).
დღეს, 4 აგვისტოს, უკრაინელთა დახმარების კამპანიაზე პრესკონფერენცია
გაიმართა. უკრაინის მოქალაქეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის
მხარდასაჭერად, „ღია საზოგადოების ფონდი“ 150 000 ლარს გამოყოფს.
ფონდის განმარტებით, აღნიშნული თანხა, მოქალაქეთა
შემოწირულობებთან ერთად, გარკვეული პერიოდით, უკრაინის მოქალაქეების
დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.
პრესკონფერენციას „ღია საზოგადოების ფონდიდან“ ქეთი ხუციშვილი
ესწრებოდა. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ნინო ქათამაძე („ნინო
ქათამაძის ფონდის“ სახელით), დმიტრი კორენი (RAZOM.GE-ის სახელით),
თეონა ჭკადუა (DOPOMOGA-ის სახელით) და მოხალისე აქტივისტები.
“ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ომი მალე უკრაინის გამარჯვებით
დამთავრდება და უკრაინელი ხალხი, ღირსეულად შეძლებს საკუთარ
სამშობლოში დაბრუნებას.
მანამდე, მათ ეს რთული პერიოდი უნდა გადავატანინოთ. მიუხედავად იმისა,
რომ ჩვენ წარმოვადგენთ სხვადასხვა ორგანიზაციას, სხვადასხვა სფეროს,
ყველას გვაერთიანებს ერთი სურვილი - გამოვიჩინოთ თანადგომა და ჩვენს
სტუმრებს ეს უმძიმესი პერიოდი გადავატანინოთ. ახლა მნიშვნელოვანია
ერთიანობა, რომ რიგითმა მოქალაქეებმა, თუნდაც უმცირესი შემოწირულობით,
დაუჭირონ მხარი ამ პროცესს”-
აცხადებენ ინიციატივის წევრები.
შეგახსენებთ, რომ პირველ აგვისტოს თბილისის მერიამ
დაასრულა თბილისში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეთა
თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა.
მასალის გამოყენების პირობები