გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ
ივლისში უკანონო ტყითსარგებლობის 204 ფაქტია გამოვლენილი.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 1 ივლისიდან
31 ივლისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 204 ფაქტი გამოავლინეს.
მათ შორის 151 - ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 53
კი, უკანონო სახერხი საამქროებისა და საამქროების მიერ ტექნიკური
რეგლამენტის დარღვევის ფაქტებია.
სამართალდარღვევებიდან 16 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს
შეიცავს.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 600 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის
დარღვევის 50 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 3 ერთეული არარეგისტრირებული
სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში
გადაიგზავნა,“ -ვკითხულობთ განცხადებაში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ხე-ტყის
უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 36 ფაქტი
გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე;
სამცხე- ჯავახეთში დაფიქსირდა 24 სამართალდარღვევა, აჭარაშიც - 24,
იმერეთში - 20, შიდა ქართლში - 13, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 8,
რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 7, გურიაში - 7, ქვემო ქართლში - 6,
მცხეთა-მთიანეთში კი, 5 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
სამართალდარღვევა გამოვლინდა დედაქალაქშიც; გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის
ივლისში, თბილისში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი
აღკვეთეს.
მასალის გამოყენების პირობები