30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა - გუდაურის ტრაგედია
გუშინ, 29 ივლისს გურდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი
საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ტრაგედიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეხმაურება
და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო
პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის წევრების,
მაშველებისა და ექიმების დაღუპვის გამო.
„ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ
დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს
ხელმძღვანელობას, მთელ ჩვენს საზოგადოებას.
მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ
გამოცხადდება,“ - ვკითხულობთ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ვერტმფრენში მყოფი რვავე ადამიანი
შეეწირა:
ეკიპაჟის მეთაური- ზაზა ლორია
ეკიპაჟის წევრები - დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი და ანდრო
ქუჯოშვილი
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმები - ქეთევან
გულაღაშვილი და გიორგი ვენეცკი
მაშველები - გიორგი მარგიანი და კახა ტორჩინავა
ცნობისთვის, გუშინ, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით
ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო
ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც
ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და
აფეთქდა.
შემთხვევის ადგილზე ჩავიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ვახტანგ გომელაური. მისი თქმით, ცნობილია, რომ პარაპლანით მფრინავი
ერთი ადამიანი ცოცხალი გადარჩა. მასთან ერთად მფინავი უცხოელი
ტურისტი კი დაიღუპა.
საინფორმაციო სააგენტო SPEQTRI.GE ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს,
ახლობლებსა და სრულიად საქართველოს.
მასალის გამოყენების პირობები