დღეს, 16 ივნისს, გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ
სანქციების ახალი ტალღა დააანონსა. სანქცირებულთა სიაში ამჯერად
რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისარი მარია ლვოვა-ბელოვა, რუსეთის
პატრიარქი კირილე და პუნტინთან დაახლოებული კიდევ რამდენიმე ადამიანი
მოხვდა.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით გაერთიანებული სამეფოს
მთავრობის
ვებ-გვერდზე ვკითხულობთ.
რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისარი მარია ლვოვა-ბელოვა სანქცირებულია
უკრაინელი ბავშვების იძულებითი გადაყვანისა და გაშვილების გამო. მას
ბრალი ედება ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებიდან 2000 სოციალურად
დაუცველი ბავშვის ძალადობრივად გაყვანის საშუალებებისა და ახალი
პოლიტიკის შემუშავებაში, რითაც იგი ხელს უწყობდა უკრაინელი ბავშვების
რუსეთში გაშვილებას.
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი კირილე სანქცირებულია
უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის გამართლებისა და მხარდაჭერის
გამო.
„დღეს ჩვენი სამიზნეები არიან პუტინის ომის შემქმნელები, რომლებმაც
უამრავი ტკივილი მიაყენეს უკრაინას, მათ შორის, ბავშვების იძულებითი
გადაადგილება და მათი გაშვილება.
არ დავიღლებით თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვითა და პუტინზე
ზეწოლის გაგრძელებით იქამდე, სანამ უკრაინა წარმატებას არ
მიაღწევს.
პუტინის მოკავშირეები კვლავ ხუჭავენ თვალს ომის დანაშაულებზე და მხარს
უჭერენ პუტინის სისხლიანი რეჟიმს,“- აცხადებს დიდი ბრიტანეთის საგარეო
საქმეთა მინისტრი ლიზ ტრუსი
სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდნენ:
- მოსკოვის სათათბიროს დეპუტატისა და პუტინის პოლიტიკური ელიტის წევრი
სერგეი სავოსტიანოვი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას საჯაროდ
უჭერდა მხარს
- Volga-Dnepr Group-ის პრეზიდენტი და გამგეობის წევრი ალექსეი
ისაიკინი.
- 64-ე ბრიგადის ოთხი სამხედრო პოლკოვნიკი, რომლთაც ბრალი ედებათ
ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში, გაუპატიურებასა და
წამებაში.
- ორგანიზაცია „ხსნის კომიტეტის მშვიდობისა და წესრიგის“ წევრები,
რომლებიც ხერსონის ოლქის ოკუპაციის მხარდასაჭერად რუსეთის ჯართან
თანამშრომლობენ.
მასალის გამოყენების პირობები