სურსათის ეროვნულმა სააგენტომ(სეს) საქართველოში იმპორტირებული
„ქინდერის“ საეჭვო პარტიები დალუქა.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით თავად სააგენტო ავრცელებს.
სეს-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 28 აპრილს ჯანმრთელობისა და
სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის
კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემაში მიღებული შეტყობინების
საფუძველზე სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა
რეაგირება მყისიერად დაიწყეს. შეტყობინება ბელგიაში, Ferrero-ს მიერ
წარმოებული სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტის Salmonella
Typhimurium-ით სავარაუდო დაბინძურებას შეეხებოდა.
29 აპრილს, სააგენტოს ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირება
განახორციელეს შეტყობინებაში დასახელებული საქართველოში იმპორტიორი
კომპანიის შპს „ბიდი კომპანის” სადისტრიბუციო-სასაწყობო ობიექტზე.
შემოწმებისას, სააგენტოს ზედამხედველობით დაილუქა 472 კილოგრამი
საეჭვო პარტიების სურსათი.
სააგენტოს ზედამხედველობით გრძელდება იმპორტიორი კომპანიის მიერ
ბაზარზე განთავსებული კონკრეტული პარტიების მოკვლევა-აღრიცხვა,
ამოღება/გამოთხოვა, დასაწყობება.
28 აპრილს RASFF-ის შეტყობინებაში მითითებული შოკოლადის პროდუქტის
ინსპექტირებისას დადგინდა, რომ აღნიშნული პარტია სრულად
რეალიზებულია.
სურსათის ეროვნული სააგენტო მომხარებლებს მოუწოდებს, აღნიშნული
პარტიებიდან შეძენილი პროდუქცია არ გამოიყენოს.
„ევროპაში - დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიასა
და სხვა ქვეყნებში სალმონელას ასობით შემთხვევა დაფიქსირდა,
განსაკუთრებით 10 წლამდე ბავშვებში, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია
Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების „ქინდერის“
შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით დაბინძურების
ფაქტთან,“ - ვკითხულობთ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები