მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ სივრცეში ჩატარებამ
მოსახლეობაში გაურკვევლობა და ერთგვარი შიში გამოიწვია. ინსტრუქტორები
ფიქრობენ, რომ შესაძლოა მართვის მოწმობა მხოლოდ იმ პირებმა აიღონ,
ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება.
„მოსახლეობა გაურკვევლობაშია და ერთმანეთს უყურებს. ადრე 17 წლიდან
ყველას უნდოდა ჩაბარება „რაიცი როდის დამჭირდეს“ პრინციპით. ახლა კი,
უმრავლესობა ალბათ თავს შეიკავებს.
როდესაც ადამიანს სახლში აქვს მანქანა ან აპირებს, რომ იყიდოს, რა
თქმა უნდა, მათი მოტივაცია მეტია. ახალ რეგულაციებს ვემხრობი, რადგან
არარეალურ პირობებში ჩაბარების შემდეგ ბევრი გამოუცდელი და
არასრულფასოვანი მძღოლი აღმოჩნდებოდა ხოლმე რისკის ქვეშ. ამ
შემთხვევაში კი, ეს საფრთხე შემცირდება.
გამოცდის მსვლელობის პერიოდში კანდიდატს არ ეცოდინება კონკრეტული
მარშრუტის შესახებ, ჩვენ კი ქალაქის ამჟამინდელი ინფრასტრუქტურის
გათვალისწინებით, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ კარგად
მოვამზადოთ.
რაც შეეხება მომართვიანობას, დინამიკაში ჯერჯერობით ცვლილება არ
შეინიშნება,“-განმარტავს შპს ავტოსკოლა “ოცნების” დამფუძვნებელი,
სულხან მწარიაშვილი Speqtri.ge-სთან საუბარში.
მიუხედავად იმისა, რომ კახეთში მართვის მოწმობის გამოცდა თელავში
ტარდება, გურჯაანელი ინსტრუქტორები ფიქრობენ, რომ მოსწავლეებს რეალურ
სივრცეში მართვას საფუძვლიანად შეასწავლიან და თელაველ კოლეგებს
ჯანსაღ კონკურენციას გაუწევენ.
“ჩვენი სასწავლო ავტომობილები მოწყობილია ზუსტად ისე, როგორც
მომსახურების სააგენტოში და ვასწავლით ისე, რომ გამოცდის ჩაბარება არ
იქნება პრობლემა.
მარშრუტები უკვე ცნობილია. გვექნება გასვლები, სადაც დეტალურად
ავუხსნით, რას უნდა მიაქციონ ძირითადი ყურადღება და ვფიქრობ, ჯანსაღ
კონკურენციას გავუწევთ თუნდაც თელაველ კოლეგებს.
მომართვიანობა ამ ეტაპზე ისევ ისეა, როგორც იყო. თავიდან ცოტა
შეეშინდათ მოსწავლეებს, სანამ ცვლილებებში გაერკვეოდნენ, თუმცა
როდესაც ავუხსენით, რას ითვალისწინებდა მესამე ეტაპი, ყველაფერი
დალაგდა,“ - გვეუბნება შპს „ნიკას“ ინსტრუქტორი, ლევან ნათიშვილი.
რა უნდა იცოდეს მართვის
მოწმობის აღების მსურველმა
- მძღოლობის კანდიდატს, უფლება აქვს გავიდეს პრაქტიკული გამოცდის
პირველ ეტაპზე, თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 30
კალენდარული დღის განმავლობაში.
- ხოლო პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, პირველი ეტაპის
წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში.
- პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე, როგორც მექანიკური, ასევე
ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე
დაშვება უფასოა. პირველ ეტაპზე დაჩქარებული მომსახურების საფასური
შეადგენს 30 ლარს.
- რაც შეეხება პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპს ერთჯერადად დაშვება
შეადგენს 90 ლარს, ხოლო დაჩქარებული მომსახურების საფასური 160
ლარია.
- პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის რიგის დაჯავშნა
შესაძლებელია როგორც სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში, ასევე
ვებ-გვერდის, მობილური აპლიკაციის ან სწრაფი გადახდის ტერმინალის
საშუალებით.
- მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე
გამოცხადდეს რიგის ჯავშნით გათვალისწინებულ დრომდე 15 წუთით
ადრე.
- თეორიულ გამოცდაზე პირველადი
დაშვებისას არასრულწლოვნები თავისუფლდებიან დადგენილი საფასურის
გადახდისაგან, ხოლო თეორიული გამოცდის პირველივე ჯერზე წარმატებით
ჩაბარების შემთხვევაში, პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე
გათავისუფლდება, დადგენილი საფასურის გადახდისაგან
(ერთჯერადად).
- მართვის უფლების არმქონე სოციალურად დაუცველი პირს, რომელსაც 70
000 ან 70 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვს, თავისუფლდება
დადგენილი საფასურის 50%-ის გადახდისაგან.
- ასევე, თუ აღნიშნული პირი, თეორიული გამოცდის პირველივე ჯერზე
ჩააბარებს, გათავისუფლდება პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე
პირველადი დაშვებისას, დადგენილი საფასურის 50%-ის გადახდისაგან
(ერთჯერადად).
- თეორიულ გამოცდაზე პირველადი დაშვებისას არასრულწლოვნები
თავისუფლდებიან დადგენილი საფასურის გადახდისაგან, ხოლო თეორიული
გამოცდის პირველივე ჯერზე წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში,
პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე გათავისუფლდება, დადგენილი
საფასურის გადახდისაგან (ერთჯერადად).
მასალის გამოყენების პირობები