საქართველოში ფარული მოსმენისა და თვალთვალის წესი იცვლება. მთავრობამ
აღნიშნულ საკითხზე ინიციატივა პარლამენტში უკვე წარადგინა. ამ ეტაპზე
დაწყებულია საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა. ეს ხელისუფლებას
ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს მნიშვნელოვნად გაუადვილებს და
გამოძიების ვადებს გაზრდის.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, “JamNews”-ი ავრცელებს.
ცნობისთვის, დღეს მოქმედი კანონის მიხედვით, ფარული საგამოძიებო
მოქმედებების ჩატარების მაქსიმალური ვადა 6 თვეა, ხოლო ცვლილებების
ამოქმედებიდან, ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ვადა 6-დან 9
თვემდე გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ კონკრეტული დანაშაულების შემთხვევაში, პირის
მოსმენა და თვალთვალი შესაძლოა განუსაზღვრელი დროითაც
განხორციელდეს.
საერთო ჯამში,
კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგს:
-
ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ხანგრძლივობა 3
თვით - 9 თვემდე გაიზარდა.
-
შეტყობინების წესის ცვლილება - იმ პირმა, რომელსაც
სახელმწიფო უსმენს ან/და უთვალთვალებს, შესაძლოა ვერასოდეს გაიგოს მის
მიმართ განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების
განხორციელების შესახებ
-
დანაშაულებს, რომელზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებები
ხორციელდება, 27 სახის დანაშაული ემატება.
-
ფარული მოსმენა შესაძლოა, 100 სახის დანაშაულზე უვადოდ
გაგრძელდეს.
ახალი კანონის გათვალისწინებით, იმ დანაშაულების რიცხვი, რომლის
ფარგლებშიც საგამოძიებო სტრუქტურებს მოქალაქეების თვალთვალი და
მიყურადება შეეძლებათ, 360-მდე იზრდება.
პროცედურის იმდენჯერ გამეორება, „რამდენჯერაც ამას სამართლებრივი
საფუძველი მოითხოვს“, შემდეგი სახის დანაშაულებზე იქნება
შესაძლებელი:
•
განზრახ მკვლელობა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი
მკვლელობა;
•
ტრეფიკინგი, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, მძევლად ხელში
ჩაგდება, მუქარა და სხვ;
•
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ქონებით
სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა ან რეალიზაცია;
•
საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ
ჩადენილი დანაშაული (ხულიგნობა, ცეცხლსასროლი იარაღის
შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვა, გასაღება, ცივი იარაღის ტარება
და სხვა).
•
უკანონო გაერთიანების შექმნა ან
ხელმძღვანელობა;
•
პორნოგრაფიული ნაწარმის ან/და სხვა საგნის უკანონოდ
დამზადება და გასაღება;
•
არასრულწლოვანის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან
პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებაში. ასევე,
ასეთი მასალის გავრცელებაში, რეკლამირებაში ან მისით
ვაჭრობაში;
•
ნარკოტიკული დანაშაულები;
•
კომპიუტერული დანაშაულები;
•
კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების
წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, მათ შორის, ოკუპირებული
ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევა;
•
სამოხელეო დანაშაული;
•
დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ;
•
კაცობრიობის მშვიდობის, უშიშროებისა და საერთაშორისო
ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ ჩადენილი
დანაშაულები.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებთ, მთავრობა მსგავსი
კანონპროექტით „ტოტალურ კონტროლს ამყარებს“.
„მე რაც განსაკუთრებით მომხვდა თვალში, არის კანონპროექტის ტონი და
სიტყვათა წყობა: ვადები შეიძლება გაგრძელდეს “იმდენჯერ, რამდენჯერაც
ეს აუცილებელია…”. ასეთი შემტევი ტონი და სიტყვათა წყობა მე პირადად
კანონპროექტში აქამდე არ ამომიკითხავს. ვინმეს რამე არ შეეშალოს,
რასაც გვინდა, იმას ვიზამთ უფრო იკითხება, ვიდრე უფლებებზე
ორიენტირებული ნება კანონმდებლისა”, – ამბობს GDI-ს ხელმძღვანელი,
ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი.
ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება 11-მა არასამთავრობო
ორგანიზაციამაც
გაავრცელა.
“პირად ცხოვრებაში მასობრივი უკანონო ჩარევების ფონზე, ნაცვლად
ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესებისა, მმართველი
გუნდი კიდევ უფრო მეტ საკანონმდებლო ბერკეტს ანიჭებს სამართალდამცავ
ორგანოებს. აღნიშნული კიდევ უფრო ზრდის თვითნებობის და პირად
ცხოვრებაში უსაფუძვლო ჩარევის რისკებს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში არ
ვხვდებით კონკრეტულ დასაბუთებას და არგუმენტაციას, თუ რა გახდა
ცვლილებების შემუშავების საჭიროება, ან ყოველდღიურ პრაქტიკაში რა
პრობლემებს უქმნიდა მოქმედი კანონმდებლობა სამართალდამცავ ორგანოებს”,
– ვკითხულობთ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები