საქართველო უკრაინაში გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთის რაოდენობით პირველ ადგილზეა
საქართველომ უკრაინაში 400 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა
და უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით 191 ქვეყანას შორის
პირველ ადგილზეა.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინის სახელმწიფო ფოსტა
„Ukrposhta” ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველო იმ 14 ქვეყანას შორისაც დასახელდა, რომელიც
ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აძლევს საშუალებას უფასოდ გააგზავნონ
საფოსტო გზავნილები უკრაინის მიმართულებით მათთვის სასურველ
ადრესატებთან.
„უკრპოშტის“ 1-ელი აპრილის მონაცემებით, მეორე ადგილზეა რუმინეთი - 80
ტონა ჰუმანიტარული ტვირთით, მესამეზე კი ბელგია 40 ტონა ტვირთით.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის
გადაწყვეტილებით, უკრაინაში პირველი ჰუმანიტარული ტვირთი თებერვალში
გაიგზავნა.
ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ყველა
რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან
ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით,
ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა და უკრაინაში გაიგზავნა რამდენიმე
კვირის წინაც.
უკრაინელთა დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი შეაგროვა და უკრაინაში
უკვე გააგზავნა საქართველოს პარლამენტმა, თბილისის მერიამ,
საპატრიარქომ და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ.
გარდა ამისა, მთავრობის ინიციატივით, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში
კამპანია „აწარმოე უკრაინისთვის წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც ქართული
კომპანიების წარმოებული ან მათ მიერ შეძენილი სხვადასხვა საჭიროების
პროდუქცია უკრაინაში სამ ეტაპად გაიგზავნა.
უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნა ლოგისტიკურად „საქართველოს
ფოსტამ“ უზრუნველყო უკრაინის ფოსტასთან თანამშრომლობით. ამასთან,
საქართველოს ფოსტამ დაიწყო კამპანია და უკრაინელი ხალხის სოლიდარობის
ნიშნად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფიზიკური პირებისგან,
უფასოდ აგზავნის ჰუმანიტარული დანიშნულების საფოსტო გზავნილებს
უკრაინის მიმართულებით.
ასევე, „საქართველოს ფოსტის“ თანამშრომლებმა, უკრაინის სახელმწიფო
ფოსტის „Ukrposhta“ თანამშრომლებს, სოლიდარობის ნიშნად, გაუგზავნეს
ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათი.
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოდან უკრაინელი ხალხის
დახმარების მიზნით, სხვადასხვა საჭიროების პროდუქცია, მათ შორის
საკვები და სასმელი პროდუქცია, პირველადი მოხმარებისა და სამედიცინო
დახმარების ნივთები გააგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები