იორმღანლოს მოსახლეობამ, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო
გამჭვირვალობა საქართველოს“ ჩართულობით, თემში მოსახლეობის
ხელმოწერები მოაგროვა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას რამდენიმე
საკითხის მოგვარების თხოვნით მიმართა.
ეს არის: იორმუღანლო-ბადიაურის დამაკავშირებელი ავარიული ხიდის
რეაბილიტაცია, თემში საბავშვო ბაღის მშენებლობა, ასევე საჯარო
ინფორმაციის მშობლიურ ენაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა.
ამ საკითხებზე სასაუბროდ საინიციატივო ჯგუფი საგარეჯოს
მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს, ემზარ კუჭუაშვილს
შეხვდა.
როგორც იორმუღანლოს თემში მცხოვრები თოზუ გულმამედლი ამბობს, მათ
პრობლემებთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხზე, მერიაში ინფორმაცია არ
ჰქონდათ.
„მერის მოადგილესთან დეტალურად ვისაუბრეთ ამ პრობლემებზე და იმაზეც,
რაც აღნიშნულ განაცხადში არ იყო. ვინაიდან ესენი ახალი არჩეულები
არიან, ბევრ საკითხზე, სამწუხაროდ, ინფორმაცია არ ჰქონდათ.
გვითხრეს, რომ ხიდის ექსპერტიზა დაჩქარებული წესით მოვითხოვეთო. ბაღზე
არ მიგვიღია გადამწყვეტი პასუხი და არც ენის ბარიერთან დაკავშირებით
ჰქონდათ ხედვები.
გადავწყვიტეთ, რომ საკრებულოზე ვისაუბრებთ ამ თემაზე ვრცლად და მერია
დაგვპირდა, რომ თუ საკრებულოდან წამოვა ინიციატივა, ჩვენ მხარს
დავუჭერთო. თუმცა ზუსტად არ ვიცით, რა ფორმით იქნება ეს
ყველაფერი.
მაგალითად, სხვა მუნიციპალიტეტების მერიაში აფინანსებენ ენის კურსებს.
მათი პასუხი ეს იყო, რომ სპეციალური მასწავლებლები არიან, ვინც ენას
ასწავლიან, მაგრამ ჩვენი პასუხია ის, რომ ეს არ არის საკმარისი.“
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა
საქართველოს“ კახეთის ოფისის კოორდინატორი ანა პაჭიკაშვილი
speqtri.ge-სთან საუბარში ამბობს, არსებული სამი საკითხიდან
უპირველესად ხიდის პრობლემაა მოსაგვარებელი.
„ხიდი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. მაქანით რომ გავიარეთ, ზანზარებდა.
ყველაზე დიდი პრობლემა ეგ არის, რომელიც უნდა მოაგვარონ, რაც შეიძლება
სწრაფად.
როგორც მერიაში გვითხრეს, უახლოეს დღეებში ელოდებიან სამხარაულის
ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებს, რომ დაადგინონ ბურჯების გამაგრებაა
საჭირო, თუ რა სახის სამუშაოებია ჩასატარებელი, ანუ საიდან შეიძლება
დაიწყონ პრობლემის მოგვარება.
ბაღს რაც შეეხება, იმის იმედად არიან, რომ სოკარი ააშენებს. თუმცა
უკვე დიდი ხანია სოკარი პირდება ბაღის აშენებას, მაგრამ ჯერჯერობით
არაფერი არ ხდება. ამასთან დაკავშირებით არც მერიას აქვს კონკრეტული
გადაწყვეტილება, ვნახოთ რას იზამენ.
ენობრივი ბარიერის პრობლემა განსაკუთრებით ახალგაზრდებს აწუხებთ, იმ
ფონზე როცა მერიაში ერთი ადამიანიც არ არის, ვინც აზერბაიჯანული იცის.
აქ ვიფიქრეთ, რომ შეიძლება საკრებულოში წამოიჭრას საკითხი და მიიღონ
გადაწყვეტილება, რომ რომელიმე სამსახურში მოხდეს ენის მცოდნე
მოქალაქის მიღება სამუშაოდ ან ინტეგრირება, რომ ელემენტარულად, საჯარო
გადაწყვეტილება, რასაც მუნიციპალიტეტი აქვეყნებს, ის ითარგმნოს
აზერბაიჯანულადაც. კი გვითხრეს, რომ ვაქვეყნებთო, მაგრამ რომ შეხვიდეთ
მუნიციპალიეტის გვერდზე, მსგავსს ვერაფერს ნახავთ. მარტო ის, რომ
მასწავლებელს გიგზავნი და უნდა ისწავლო ქართული ენა, არ არის
გამოსავალი. ვიცით, რომ 40 წლის ადამიანი სკოლაში არ დადის და ენასაც
ვერ ისწავლის. ეს არის პრობლემისგან თავის არიდება და ეს არ არის
ეფექტური.“
როგორც ანა პაჭიკაშვილი ამბობს, მათი ორგანიზაცია დაეხმარება
ადგილობრივ მოსახლეობას, რომ დოკუმენტის წარდგენა და საკითხის
საკრებულოზე დაყენება სამართლებრივ ჩარჩოებში მოხდეს. თუმცა, ამას რა
რეალური შედეგები მოჰყვება, ჯერჯერობით პასუხის გაცემა უჭირს.
აქვე შეგახსენებთ, რომ თულარისა და ლამბალოს საზღვარზე ბაღი რომ
აშენდება (გარდა იმ ბაღისა, რომელსაც სოკარი აშენებს) მერიამ
მოსახლეობას ამის შესახებ დაპირება
მიმდინარე წლის თებერვალში მისცა.
მერია ასევე დაპირდა მოსხლეობას, რომ ენის ბარიერისა და საჯარო
ინფორმაციის მშობლიურ ენაზე ხელმისაწვდომობის პრობლემას მოუგვარებდა
და კ
ონკურსის წესით მიიღებდა თანამშრომელს, რომელსაც
ქართულიც ეცოდინება და აზერბაიჯანულიც.
ასევე თებერვლის თვეში speqtri.ge-სთან საუბარში საგარეჯოს
მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის
მოვალეობის შემსრულებელმა ბექა ფეიქრიშვილმა განაცხადა, რომ
ხიდის აღდგენასთან დაკავშირებით, უკვე დაწყებულია
საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, რის შემდეგაც გამოცხადდებოდა
ტენდერი.
მასალის გამოყენების პირობები