უძველესი დროიდან სილამაზის სტანდარტები მუდმივად ცვალებადია. სწორედ
ამ დადგენილი სტანდარტების გამო თინეიჯერებს და არა მარტო მათ,
უჩნდებათ კომპლექსები და ფიქრობენ, რომ მათი გარეგნობა იდიალური არ
არის.
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად წამოვიდა ფოტოშოპის ტენდენციაც,
რომელსაც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი „სელებრითები“
მიმართავენ.
სოციალურ ქსელებში დღეში მილიონობით ფოტო იტვირთება, ამ ფოტოების
უმრავლესობა ატვირთვამდე უამრავ აპლიკაციაში მუშავდება და შემდგომ
აუდიტორია „იდიალურ“ ვერსიას აფასებს, რაც თინეიჯერებში იწვევს
თვითშეფასების დაქვეითებასა და უსაფუძვლო კომპლექსებს. გარდა ამისა,
ეს ყველაფერი მათ უბიძგებს იგივეს გაკეთებისკენ და იკარგება
ინდივიდუალიზმი.
ჩვენი რესპონდეტი, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გასაჯაროება, ამბობს,
რომ ფოტოშოპს ხშირად მიმართავს, რადგან საკუთარი რეალური გარეგნობა არ
მოსწონს, დამუშავებული ფოტოები კი, თავდაჯერებულობას მატებს.
-აპლიკაციებს, რა თქმა უნდა , ვიყენებ, რადგან ჩემი რეალური სხეული და
გარეგნობა არ აკმაყოფილებს დღევანდელ სილამაზის სტანდარტებს და რაოდენ
სასაცილოც არ უნდა იყოს, ვცდილობ ხელოვნურად შევქმნა ის, რაც მინდა,
რომ ვიყო.
-თქვენი შეხედულება ხომ არ უკავშირდება საზოგადოებიდან
მოსალოდნელ კრიტიკას?
-საზოგადოებაში მრავალი აზრია, თუმცა მე ამ ყველაფერს ჩემთვის
ვაკეთებ.
-ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი გამოწვეულია „სელებრითების“
დაფოტოშოპებული ფოტოების ზეგავლენით?
-ნაწილობრივ, ალბათ, შეიძლება. თუმცა ფოტოების დამუშავება დღეს უკვე
აღარავის უკვირს.
-გულისხმობთ იმას, რომ მსოფლიომ უარი თქვა
ბუნებრიობაზე?
-არა, რა თქმა უნდა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბუნებრივად
ლამაზები არიან და მათი ფოტოები არ საჭიროებს დამატებით ჩარევას.
-გიფიქრიათ, რომ ამის მიზეზი თქვენი თავდაჯერებულობის და
თვითშეფასების ნაკლებობაა?
-ვფიქრობ, ჩემი დამუშავებული ფოტოების თვალიერება მმატებს იმ
თავდაჯერებულობას, რომელიც მაკლია.
-და მაინც, რომ გქონდეთ საშუალება, გაიკეთებდით თუ არა
სასურველ პლასტიკურ ოპერაციას, რის შემდეგადაც, შეწყვეტდით
აპლიკაციების გამოყენებას?
-კი, თუმცა ამჟამად ფინანსური მხარე ხელს არ მიწყობს.
კარიერული კონსულტანტი, ფსიქოლოგი მერი ტარიელაშვილი ამ საკითხთან
დაკავშირებით ერთ საინტერესო ამბავს იხსენებს.
„სანამ უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის შესწავლას დავიწყებდი, მოდელის
წარმატებული კარიერა მქონდა. ხშირად ვმონაწილეობდი მოდისა და
სილამაზის კონკურსებში.
ერთ-ერთი კონკურსის შესარჩევ ტურში მონაწილეებმა გავიგეთ, რომ
ბათუმიდან მოდელი ჩამოყავდათ, რომელიც იმ დროისთვის სოციალურ ქსელებში
საკუთარი სილამაზით ცნობილი იყო. როცა მისი ფოტოები გვაჩვენეს, მეც
ძალიან მომეწონა. დავინახე იდეალურად, არაბუნებრივად პროპორციული
სახე, სხეული, სიმაღლე,რაც ნამდვილად შთამბეჭდავი იყო. თუმცა გოგონა
შესარჩევი ტურიდანვე უკან გააბრუნეს, რადგან ადგილზე საერთოდ სხვა
ადამიანი ჩამოვიდა...
უფრო ზუსტად, ადამიანი იგივე იყო, მაგრამ ფოტოებზე გამოსახულ გოგონას
თითქმის არაფრით ჰგავდა...
საკუთარი თვალით რომ არ მენახა, ვიფიქრებდი, რომ აჭარბებენ.
ახლა წარმოიდგინეთ, ახალგაზრდა გოგონა, რომელიც შედის ინსტაგრამზე და
მსგავს იდეალურ გარეგნობას და გლამურულ ცხოვრებას უყურებს-პირველ
რიგში ხედავს ნაკლს, არ მოსწონს საკუთარი თავი. გოგოების
თვითშეფასებაში კი, დიდ ადგილს იკავებს გარეგნობა.
არავინ იცის, კიდევ რას ისმენდა მშობლებისგან და ახლობლებისგან
საკუთარ გარეგნობაზე. ადამიანებს უნდათ, რომ იყვნენ სასურველები,
ლამაზები, მისაღებები. ისინი მუდმივად უყურებენ სილამაზის ეტალონებს
და ცდილობენ მათი მსგავსები გახდენენ. რაც უფრო დაბალია თვითშეფასება,
მით უფრო მეტად სურთ ადამიანებს საკუთარი გარეგნობა შეცვალონ,
მიმართონ პლასტიკურ ქირურგებს, გამოიყენონ ფოტოშოპი.“
მერი ტარიელაშვილის შეფასებით, ფოტოშოპის გამოყენება, რა თქმა უნდა
მისაღებია, თუმცა, არა გადაჭარბებული დოზით.
„ფოტოგრაფები ამბობენ, რომ ფოტოშოპის გამოყენება აუცილებელია, რადგან
ფოტოთი მათ სურთ ასახონ კადრი. ადამიანის რეალური სახე და ფოტო
ერთმანეთს ზუსტად არ ემთხვევა. ამიტომ გარკვეულ დონეზე ფოტოებზე
საკუთარი თავის დამუშავება მისაღებია, მაგრამ როცა ეს ფარგლებს
სცდება, როცა ადამიანები ვერ გცნობენ, უბრალოდ, უხერხულია.
არსებობს ერთი ფსიქოლოგიური არგუმენტი, რომელიც სელებრითებსა და ლამაზ
გოგონებს მოჰყავთ ფოტოშოპთან დაკავშირებით -„ამას ყველა აკეთებს“. თუ
სხვა გოგონები ფოტოშოპის გამოყენებით აუდიტორიის მხრიდან მეტ
ჩართულობას იღებენ, არ გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება ჩართულობა
დაკარგონ.“
მერი ტარიელაშვილის თქმით, სოციალური მედიამარკეტინგის (SMM)
ექსპერტები ამბობენ, რომ 2022 წლის ტრენდების მიხედვით, ფილტრები და
ზედმეტად დაფოტოშოპებული ფოტოები ნაკლებად მისაღები ხდება. მათივე
თქმით, ინსტაგრამის ალგორითმიც კი, უფრო მეტად დაუმუშავებელ ფოტოებს
აჩვენებს მომხმარებელს. ამიტომ ის ურჩევს ახალგაზრდებს, რომ იყვნენ
გულწრფელები და ბუნებრივები.
„ყველაფერი ბუნებრიობისა და ეკოლოგიურობისკენ მიდის. სამყარო დაიღალა
ზედმეტი გლამურისგან. გულწრფელობა და ბუნებრიობა დღეს უფრო და უფრო
აქტუალური ხდება. საბოლოო ჯამში, ეს გაცილებით უფრო ჯანსაღ
საზოგადოებას მოგვცემს. ახალგაზრდების ფსიქიკა არ უნდა ზიანდებოდეს
არარსებული, არარეალური გარეგნობის გამო. თითოეული ადამიანი უნიკალური
და ინდივიდუალურია, მას აქვს უფლება იყოს თავისუფალი.“
ავტორი: ლიზა კაპანაძე
მასალის გამოყენების პირობები