თბილისის კიკბოქსინგის კლუბ „მგლების“ ექვსმა წევრმა
მონაწილეობა მიიღო თბილისში გამართულ საერთაშორისო ტურნირში და
წარმატებითაც იასპარეზა. ესენი არიან: გოჩა ფრიდონაშვილი, საბა
ეგოროვი, ლუკა გურგენიშვილი, ოთო ელიკაშვილი, ალეკო თადიაშვილი და
გიორგი იაძე.
სამმა მათგანმა, შესაბამის წონით კატეგორიებში, პირველი ადგილი
დაიკავა.
„ჩვენმა სამმა მებრძოლმა წარმატებით იასპარეზა და დამსახურებულად
დაიკავა პირველი ადგილები. სამ მებრძოლს კი არ უჩხუბია, რადგან
მოწინააღმდეგეები არ გამოცხადდნენ.
გოჩა ფრიდონაშვილმა 55 კგ. წონით კატეგორიაში იჩხუბა და პირველი
ადგილიც მოიპოვა. იგი საკმაოდ კარგი მებრძოლია, მშრომელი ბიჭია და
მოლოდინიც გაამართლა. მისგან ამ შედეგს ნამდვილად ველოდებოდი, რადგან
არაერთი საერთაშორისო ტურნირი აქვს მოგებული და საქართველოს
ჩემპიონიცაა.
69 კგ. წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა საბა ეგოროვმა,
რომელსაც ასევე არაერთ ბრძოლაში აქვს გამარჯვება მოპოვებული.
ლუკა გურგენიშვილი კი დამწყები სპორტსმენია. მისთვის ეს პირველი
ბრძოლა იყო და წარმატებული შედეგიც დადო.
საკმაოდ ძლიერი მებრძოლები, გამოცდილი ბიჭები შეხვდნენ, თუმცა ჩვენი
ვარჯიშით, ჩვენი შრომით ბიჭებმა ეს სირთულეებიც გადალახეს და კარგადაც
იასპარეზეს. საბოლოოდ, კმაყოფილი ვარ ამ შეჯიბრში მიღწეული
შედეგებით“,- გვეუბნება კლუბის მწვრთნელი გიორგი ელიკაშვილი.
მისი თქმით, ვარჯიშისთვის არასათანადო პირობების მიუხედავად,
მებრძოლებს შრომა დაუფასდათ.
„მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს ინვენტარი და პირობები, ჩვენი
სახსრებით, ჩვენი მომზადებით მაინც შევძელით, რომ ბავშვები ფორმაში
მოსულიყვნენ, გვევარჯიშა, გვეშრომა და მებრძოლებმა იმედები
გაამართლეს, შრომა დაგვიფასდა.“
როგორც გიორგი ელიკაშვილი ამბობს, კლუბ „მგლების“ მებრძოლები კიდევ
არაერთ რეგიონულ თუ საერთაშორისო ტურნირში აპირებენ მონაწილეობის
მიღებას.
„26 მარტს ახმეტაში იგეგმება კახეთის პირველობა, სადაც მონაწილეობას
მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის გუნდები. ღონისძიებას მსოფლიო
ჩემპიონი დავით ქირია და ტაიბოქსინგისა და კიკბოქსინგის ფედერაციის
პრეზიდენტი ლაშა ჭურაძე.
ამასთან, 29-30 აპრილს ქალაქ ერევანში გაიმართება დიდი საერთაშორისო
ტურნირი, სადაც ჩვენი კლუბის მებრძოლებს ქამრებისთვის მოუწევთ ბრძოლა.
აქტიურად ვემზადებით ამ საერთაშორისო ტურნირისთვის,“ - გვითხრა გიორგი
ელიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები