ალტ-ინფოს „კონსერვატიული მოძრაობის“ პარტიისთვის საქმიანობის უფლების
შეჩერების მოთხოვნით
პეტიცია შეიქმნა. პეტიციის ტექსტში ნათქვამია,
რომ პოლიტიკური საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს დემოკრატიული სახელმწიფოს
პრინციპებს და არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს ქვეყნის სუვერენიტეტსა და
ადამიანის უფლებებს.
პეტიციაში ორგანული კანონიდან 2 მუხლია მოყვანილი, რის საფუძველზეც
მოქალაქეები პარტიისთვის საქმიანობის შეჩერებას ითხოვენ.
მუხლი 5: „დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის
მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით
შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა , ტერიტორიული მთლიანობის
დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს
ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.“
მუხლი 35: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს
პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა
ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული
მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის
პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს,
ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.“
"დღეს უკრაინის ოკუპაციის პარალელურად საქართველოს უსაფრთხოებისთვის
მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს პოლიტიკური პარტია კონსერვატიული
მოძრაობის საქმიანობა, რომელიც ღიად უქმნის საფრთხეს სახელმწიფოს
უსაფრთხოებას. აღნიშნული პარტიის საქმიანობა და იდეა ეწინააღმდეგება
დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და
სახელმწიფოს უსაფრთხოებას აყენებს საფრთხის წინაშე", — ნათქვამია
პეტიციაში.
ცნობისთვის, პრორუსულმა ტელევიზიამ პარტია „კონსერვატორული მოძრაობა“
20 ნოემბერს დააფუძნა.
მასალის გამოყენების პირობები