იორმუღანლოს მოსახლეობა შშმ მოზარდებისთვის დღის ცენტრის გახსნას ითხოვს
ერთ-ერთი გამორჩეული საკითხი, რომელიც იორმუღანლოს მოსახლეობისთვის
მნიშვნელოვანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების
პრობლემაა. თუმცა, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, მშობლები ამ
თემაზე ღიად საუბარს ერიდებიან.
7 წლის წინ სმენის პრობლემებით დაიბადა. ამ ხნის განმავლობაში მას
არაერთი ოპერაცია ჩაუტარდა. პრობლემები ნელ-ნელა გვარდება, თუმცა ჯერ
კიდევ ბევრი მცდელობაა საჭირო.
ჩებნე წელს პირველად მივიდა სკოლაში. ძალიან უყვარს ხატვა. როგორც
დედა გვიყვება უკვე დაიწყო სიტყვების და ფრაზების წარმოთქმა, რითაც
ახვედრებს რა სურს. მშობლების აზრით, სოფელში რომ იყოს დღის ცენტრი,
ამგვარი პრობლემების მქონე ბავშვებს, განვითარების მეტი შესაძლებლობა
ექნებათ.
„მასწავლებელთან დამყავდა, რომელიც სურათებით ასწავლიდა. მეტყველება
აქვს და ასოებსაც სცნობს. მერე ოპერაცია გავუკეთეთ და აპარატი
ჩავუდგით. ბავშვმა იტირა, იმიტომ რომ ხუთ წლამდე არაფერი ესმოდა. წელს
სკოლაში მივიყვანეთ. როდესაც სკოლის მასწავლებელი გაკვეთილს უხსნის,
აპარატის გამო, ბავშვი გვიან იგებს მის ხმას. პედაგოგი დიდ დროს ხომ
ვერ დაუთმობს, სხვა ბავშვებიც ხომ ჰყავს?! ამიტომ სჭირდება სპეციალური
მასწავლებელი და ექიმი, რომელიც ეხლა დაუნიშნეს. მადლიერი ვარ, იმის
გამო, რომ ცდილობენ ბავშვმა რაღაც ისწავლოს. ჩვენს თემში დღის ცენტრი
რომ იყოს, ჩემს შვილს იქ მეტი შესაძლებლობა ექნება, რომ გაიუმჯობესოს
უნარ-ჩვევები, შეისწავლოს ხელსაქმე, ხატვა და ა.შ.“
4 წლის ჰუსეინი ცერებრალური დამბლის დიაგნოზი აქვს და დამოუკიდებლად
გადაადგილება უჭირს. სოფელში არც საბავშვო ბაღია და არც დღის ცენტრი.
ბავშვი მხოლოდ დედაზეა დამოკიდებული. იმ მიზნით, რომ ფეხზე გავლა
შეძლოს, მუდმივი მკურნალობა სჭირდება.
ცერებრალური დამბლის დიაგნოზი აქვს სოფელ დუზაგრამაში მცხოვრებ 13
წლის ნოვრუზსაც. ძალიან უყვარს მუსიკა. ყველაზე დიდი ოცნება აქვს, რომ
ფეხზე სხვისი დახმარების გარეშე გაიაროს. ბავშვი ძირითადად სახლშია.
როგორც დედა ამბობს, მათ გარშემო დაახლოებით 15 ასეთი მოზარდი
ცხოვრობს და ამიტომ კარგი იქნება თუ სოფელში დღის ცენტრი
გაკეთდება.
სამედიცინო ცენტრ „დიაგნოზის“ დირექტორის, კაზანფარ მამედოვის
განმარტებით, პრობლემის შესახებ მისთვის ცნობილია. ეს საკითხი ძალიან
საყურადღებოა, თუმცა, ამ ეტაპზე თანასოფლელებს მხოლოდ ფინანსური
მხარდაჭერა შეუძლიათ.
„ ვიცი, რომ არსებობს სპეციალური ცენტრები შშმ პირებისთვის, მაგრამ
იორმუღანლოს თემში ამის გაკეთება რამდენად შესაძლებელია არ ვიცი.
მსგავსი პრობლემები სოფელში ბევრია და ძირითადად ვცდილობთ ადგილზე
მოვაგვაროთ. ჩვენი დახმარება ის არის, რომ ფინანსურად ვუდგავართ
გვერდში და სხვადასხვა ქვეყანაში ან თბილისში ვუშვებთ სამკურნალოდ.
მეტი არაფერი შეგვიძლია. შშმ პირებისთვის დღის ცენტრი რომ იყოს,
ძალიან კარგი იქნება, რადგან ზოგს გამორჩეული ნიჭი აქვს და მათი
განვითარებისთვის ეს აუცილებელია. დარწმუნებული ასეთი დახმარება ბევრ
მათგანს სასიკეთოდ წაადგება. თუკი მერია შეძლებს მსგავსი ცენტრის
გაკეთებას შშმ ბავშვებისთვის, ეს კარგი პროექტი იქნება.“
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა
სამსახურის უფროსის სოფო შაქარაშვილის განცხადებით, საგარეჯოში უკვე
არსებობს დღის ცენტრი მსგავსი პრობლემის მქონე
ბენეფიციარებისთვის.
„მერიის ერთ - ერთი პრიორიტეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ)
პირებია. არასრულწლოვან შშმ პირებზე 18 წლამდე გაიცემა ყოველთვიური
ფულადი დახმარება. ასევე შეუძლიათ ისარგებლონ რეაბილიტაციის
დაფინანსებითი პროგრამით, თუ ეტლის საჭიროება გააჩნიათ, მოვიძიებთ
შესაბამის ორგანიზაციას და უსასყიდლოდ გადავცემთ. უფინანსდებათ
კვლევები, სტაციონარულ-ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება და
წელიწადში 500 ლარის ღირებულების მედიკამენტები.
საგარეჯოში ფუნქციონირებს დღის ცენტრი, რომელიც გათვლილია 18 წლამდე
ბავშვებზე. ამჟამად 25-მდე ბენეფიციარი ჰყავთ. მერიიდან ფინანსდებიან
ტრანსპორტის ხარჯებით, მაგრამ, როგორც ვიცი, აზერბაიჯანული თემიდან
არავინ დადის. ამჟამად ცენტრს ათი ბავშვის დამატების რესურსი გააჩნია.
მსურველებმა უნდა მიმართონ და მათზე ვაუჩერი გაიცემა. ამაში, რა თქმა
უნდა, ტრანსპორტირების ხარჯიც იგულისხმება. დღის ცენტრის მისამართია:
ქალაქი საგარეჯო, კახეთის ქუჩა N80 ა, საბავშვო ბაღის შენობა.
ორგანიზაციას ასევე აქვს იმის სურვილი და მუშაობს კიდეც ამ საკითხზე,
რომ აზერბაიჯანულ თემშიც გაიხსნას დღის ცენტრი. თუმცა მანამდე, თუ
ვინმე დაინტერესებულია, რომ საგარეჯოში არსებულ დღის ცენტრში
ჩაირიცხოს, უნდა მივიდნენ ადგილზე, გაესაუბრონ ხელმძღვანელებს,
მიიტანონ საჭირო დოკუმენტაცია , დარეგისტრირდებიან და ამის შემდეგ
მიიღებენ შესაბამის მომსახურებას.“
მისივე თქმით, დღის ცენტრს გახსნა შეუძლია კერძო პირს, რომელმაც უნდა
შეიტანოს საბუთები სახელმწიფო დაფინანსების მოთხოვნით. თუ ვინმე
მსურველი იქნება, რომ იორმურანლოს თემშიც გაიხსნას რეაბილიტაციის
ცენტრი, მერია მათი ხელშეწყობისთვის მზად არის.
მასალის გამოყენების პირობები