დღეს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია
გიორგობიანი კახეთის რეგიონს ეწვივნენ და საპილოტე რეგიონების
ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (PIRDP) ფარგლებში დაგეგმილი და
განხორციელებული პროექტები მოინახულეს.
ვიზიტის ფარგლებში, ელჩი და მინისტრის მოადგილე საგარეჯოს
მუნიციპალიტეტში მანავის ციხეს ესტუმრნენ. ისტორიულ მნიშვნელობასთან
ერთად, მანავის ციხეს ტურისტული პოტენციალიც გააჩნია.
ახლადრეაბილიტირებული გზა კი ციხეს და მის მიმდებარე ტერიტორიას,
ადგილობრივი თუ საერთაშორისო ტურისტებისთვის, მარტივად მისადგომს
ხდის, რაც 70-ზე მეტი ადგილობრივი ბიზნესისთვის საქმიანობის ახალ
შესაძლებლობას აჩენს, მათ შორის, ტრადიციული საკვებისა და ღვინის
გაყიდვის მიმართულებით.
ვიზიტი გაგრძელდა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ წნორში, კულტურული
და სარეკრეაციო პარკის მონახულებით. სარეაბილიტაციო სამუშაოების
დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას ერთ ჰექტარზე მეტი
ფართობის ახალი, თანამედროვე სარეკრეაციო სივრცე ექნება -
ბავშვებისთვის განკუთვნილი სივრცით, ამფითეატრით, შადრევნითა და
დეკორატიურლი განათებით. პროექტი დამატებით შესაძლებლობებს გააჩენს
ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისთვისაც.
გურჯაანის ტექნოპარკში სტუმრობისას, ელჩმა პროგრამის ფარგლებში,
კახეთსა და სამ სხვა სამიზნე რეგიონში, მდგრად განვითარებაზე
ორიენტირებული, ინტეგრირებული განვითარების მიდგომის მნიშვნელობას
გაუსვა ხაზი.
საქართველოს მთავრობისა და ევროკავშირის ერთობლივი, რეგიონული
განვითარების პროგრამის ნაწილია ჩუმლაყი-ბაკურციხის შემოვლითი გზის
მშენებლობაც. ახალი გზა მგზავრობის დროს და მანძილს შეამცირებს,
მიმდებარე ტერიტორიებისთვის თბილისის ბაზრებთან წვდომას გაამარტივებს
და ადგილობრივი ბიზნესს ხარჯების ოპტიმიზაციის შესაძლებლობას
მისცემს.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მონახულების შემდეგ, ელჩი ჰარცელი
სოფელ ჩუმლაყში ხილის მწარმოებლებს შეხვდა და, მათთან ერთად, ქართული
პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი და DCFTA-ს ფარგლებში არსებული
შესაძლებლობები განიხილა.
მასალის გამოყენების პირობები