სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი მოქალაქეები დახმარებას დასაქმების შემდეგაც მიიღებენ
დღეს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი
ღარიბაშვილმა ისაუბრა სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი
პირების ორიენტირებულ დასაქმების პროგრამაზე.
პრემიერის თქმით, პროგრამა 1-ელი მარტიდან დაიწყება.
„სამუშაოები სამი სამიზნე ჯგუფისთვის იქნება შექმნილი და გულისხმობს
ისეთ სამუშაოებს, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე
პირს შეუძლია. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების მოტივაციის
ამაღლებას, წაახალისებს მათ შრომის ბაზარზე გასააქტიურებლად და
პროგრამა, როგორც უკვე აღვნიშნე, დასავლური პრაქტიკის შესწავლის
შედეგად შევიმუშავეთ.
პროგრამით ისარგებლებენ 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე , სოციალური
შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირები, რომელთაც არ აქვთ
მინიჭებული შშმ სტატუსი ან არ აქვს ჯანმრთელობის მძიმე
პრობლემები.
ჩვენი პროგნოზით, სულ დასაქმდება ორასი ათასზე მეტი ადამიანი. პირველ
ეტაპზე მუნიციპალიტეტი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისა და
სხვა სამინისტროები მოახდენენ 50 ათასამდე ვაკანსიის
მობილიზებას“,-ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი
მისივე თქმით, პროგრამას განახორციელებს დასაქმების სამსახურის
სახელმწიფო სააგენტო და მოსარგებლეს ექნება საშუალება, აირჩიოს,
საზოგადოებრივი სამუშაო ან შრომის ბაზარზე არსებული უნარ-ჩვევების,
გამოცდილებისა და პროფესიული განვითარების შესაბამისი ვაკანსია; თუ
მოსარგებლე დასაქმებულია არაფორმალურ სექტორში, მოახდინოს დასაქმების
ფორმალიზება, ლეგალიზება; ასევე მოსარგებლეს შეიძლია ჩაერთოს
პროფესიული მომზადებისა ან გადამზადების პროგრამებში.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სოციალურად დაუცველი
შრომისუნარიანი მოქალაქის დასაქმება არ გამოიწვევს მისთვის გამოყოფილი
დახმარების გაცემის შეწყვეტას.
„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საზოგადოებრივი სამუშაო არ
განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას. მოსარგებლის ოჯახს 4
წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება საარსებო შემწეობა. ამის ზემოდან, ამ
პროგრამაში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს მიეცემა დამატებით სამასი ლარი.
მოსარგებლეს შემწეობა, გაუგრძელდება მაშინაც თუ იგი არ დათანხმდება
არც ერთ შემოთავაზებას, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ოჯახის
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ახლიდან გადამოწმდება, რაც,
ვფიქრობ, სამართლიანია. რა თქმა უნდა, მას ამ დროის განმავლობაში
შეუძლია, რომ შეცვალოს გადაწყვეტილება და ახლიდან მიმართოს დასაქმების
სააგენტოს ან სოციალური მომსახურების სააგენტოს“,-განმარტა ირაკლი
ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში 600 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქეა.
აქედან, ორასი ათასზე მეტი შრომისუნარიანია.
მასალის გამოყენების პირობები