ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოს
მოქალაქეები მათთვის მნიშვნელვან საკითხებთან მიმართებით პროგრესს ვერ
ხედავენ. ისინი ფიქრობენ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში
სიღარიბესთან, კრიმინალთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და
განათლებასთან დაკავშირებული სიტუაცია გაუარესდა.
მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ არც მმართველი პარტია და არც
ოპოზიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ. ისინი არც
პარლამენტისადმი არიან ოპტიმისტურად განწყობილნი და ამბობენ, რომ
საკანონმდებლო ორგანო მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე არ მუშაობს (53
პროცენტი); 52 პროცენტს ასევე არ სჯერა, რომ თუ პარლამენტის წევრს მათ
დასახლებაში არსებული პრობლემების შესახებ ეტყვის, ის პრობლემის
მოგვარებაში დაეხმარება. მოსახლეობის მხოლოდ მესამედი მიიჩნევს, რომ
პარლამენტს მოქალაქეებთან რეგულარული კომუნიკაცია აქვს.
ეკონომიკური სიდუხჭირე მოქალაქეებისთვის კვლავაც მთავარი გამოწვევაა
და სწორედ აქეთკენ უნდა იყოს მიმართული ხელისუფლებისა და პოლიტიკური
პარტიების ძალისხმევა. მოსახლეობის პრიორიტეტები მთავრობის,
პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღების ცენტრში უნდა
მოექცეს,“ - - აღნიშნულია
NDI-ის
მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, არსებული პოლარიზაციის ფონზე, მოსახლეობის უმრავლესობა
პარტიათაშორის თანამშრომლობას უჭერს მხარს. 80 პროცენტი ფიქრობს, რომ
მათმა რჩეულმა პოლიტიკურმა
პარტიამ პარლამენტში მყოფ ყველა სხვა პარტიასთან უნდა ითანამშრომლოს,
თუნდაც ზოგიერთი პარტიის ქმედებები ან მოსაზრებები მისთვის მიუღებელი
იყოს.
“ახალი კვლევის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ მოქალაქეები პარტიებს
შორის თანამშრომლობას ითხოვენ. პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური
ზარალის აღმოფხვრა ხელისუფლებისა და ოპოზიციის პრიორიტეტად უნდა
იქცეს,” - განაცხადა ალან გილამმა, NDI საქართველოს ოფისის
დირექტორმა.
კვლევაში ერთი თავი პანდემიას ეხება. აქვე აღნიშნულია, რომ
კორონავირუსის ორი წლის თავზე, მოსახლეობის ნახევარი მთავრობის მიერ
პანდემიის მართვას დადებითად აფასებს. თუმცა ვაქცინაციის მიმართ
უნდობლობის მაჩვენებელი კვლავ მაღალი რჩება.
ცნობისთვის, დღეს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც NDI-ის დაკვეთით
ჩაატარა CRRC-საქართველომ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და
განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის დაფინანსებით.
კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით
2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე,
ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. (ოკუპირებული
ტერიტორიების გამოკლებით).
ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ
ენებზე.
გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი.
რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა
CRRC-საქართველომ ჩაატარა.
მასალის გამოყენების პირობები