გურჯაანში მცხოვრებმა ნუნუ ღვინაშვილმა 2030 ლარის ოდენობით საპენსიო
სესხი სამი წლის ვადით 2016 წელს აიღო. როგორც გვიყვება, 2017 წელს
ბანკიდან 200 ლარი კვლავ გამოიტანა, მას ოპერატორმა უთხრა რომ სესხი
კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივდებოდა.
პენსიონერმა მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ სესხი ერთის ნაცვლად, ორი
წლით გადაუვადდა.
"ძალიან გაგვიჭირდა, თორემ საერთოდ არ ავიღებდი ამ ოხერ სესხს. უარეს
დღეში ჩავვარდი, სესხი მქონდა უკვე და 200 ლარი კიდევ ავიღე, ახლა
მეუბნებიან, 400 ლარი გაქვს გატანილიო. 1700 ლარი პროცენტი
დამაკისრეს, რისი პროცენტია, ვერ გავიგე. ამდენი ხანია ბანკში
დავდივარ, ვდავობ და ვერ მიხსნიან რა ხდება. ჯერ პენსია რა არის და
ახლა ამდენი ხანია ბანკს მიაქვს ფული, რა უნდა ვქნა, როგორ მოვიქცე,
არ ვიცი. ამოიღონ კამერების ჩანაწერები, რამდენი გავიტანე თანხა,
მაგრამ მეუბნებიან მაგას ვერ ვიზამთ, უკვე წაშლილია, დიდი ხანი
გავიდაო," - გვიყვება პენსიონერი.
დარეჯან კაპანაძემ 2000-ლარიანი საპენსიო სესხით 2017 წელს ისარგებლა.
ყოველთვიურად 60 ლარამდე თანხა პენსიიდან ეჭრება. მას ოპერატორმა
უთხრა, რომ სესხი 4 წელში დაიფარებოდა. ვადის ამოწურვის შემდეგ,
როდესაც სრულად ვერ აიღო პენსია, ბანკში დარეკა და უთხრეს ამ ხნის
განმავლობაში მხოლოდ პროცენტს ფარავდა და 2000 ლარი ერთნაირად უნდა
დაფაროს.
"ხელშეკრულება არ წამიკითხავს, მითხრეს, ოთხწლიანი სესხია და შემდეგ
სრულ პენსიას აიღებო. ვენდე, რას ვიფიქრებდი, თუ მომატყუებდნენ. ამ
წლის ივნისში ამოიწურა ვადა, მთლიანი პენსია უნდა ამეღო, მაგრამ ისევ
ჩამომაჭრეს თანხა. ავადმყოფობის გამო ბანკში მისვლაც არ შემიძლია,
ამიტომ დავრეკე და მითხრეს, ძირი არ იფარებოდა და პროცენტების გადახდა
ისევ უნდა გააგრძელო, თუ არადა 2000 ლარი ისევ შემოიტანოო. მაგდენი
თანხა რომ მქონდეს, სესხს ხომ არ ავიღებდი?".
speqtri.ge ამ საკითხის თაობაზე, „ლიბერთი ბანკს“ დაუკავშირდა.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დოდო ბოჭორიშვილმა
წერილობით მიმართვა მოგვთხოვა. ბანკისგან პასუხის მიღებას თვეზე მეტია
უშედეგოდ ვცდილობთ.
"ადამიანის უფლებათა ცენტრის" კახეთის ოფისს კონსულტაციების მისაღებად
მსგავს საკითხებზე პენსიონერები ხშირად აკითხავენ. იურისტი, ლია
ხუროშვილი ამბობს, რომ ნუნუ ღვინაშვილთან დაკავშირებით პრობლემას
წარმოადგენს ის, რომ „ლიბერთი ბანკმა“ სესხი არა 30, არამედ 42 %-ში
დაუმტკიცა.
იურისტი პენსიონერებს ურჩევს, რომ თუ გადაუდებელ აუცილებლობას არ
წარმოადგენს, სესხის აღებისგან თავი შეიკავონ.
"ამ ადამიანებს კონსულტაციებს ვუწევთ, მაგრამ როდესაც ხელშეკრულებაში
ვიხედებით, საკმაოდ მაღალ პროცენტზეა ლაპარაკი. ხელშეკრულებები
რამდენიმე წლის წინაა გაფორმებული. ნუნუ ღვინაშვილის საპენსიო სესხი
42%-ზე მეტია. ხშირია ასეთი შემთხვევები, რაც დიდ უკმაყოფილებას
იწვევს. პენსიონერები აცხადებენ, რომ ხშირად ბანკის თანამშრომლები
თვითონვე სთავაზობენ სესხს, აცდუნებენ. ფაქტობრივად, ისინი
ხელშეკრულებას ვერც კითხულობენ. აწერენ ხელს და აღმოჩნდება, რომ უარეს
მდგომარეობაში ვარდებიან. ვეღარ აღწევენ თავს სასესხო ვალდებულებას.
თუ არ იდავა პენსიონერმა, ბანკი თავისი ნებით რეფინანსირებას არ
უკეთებს. ბევრმა ადამიანმა არც იცის, რომ იდავოს. სასამართლოსთვის
მიმართვა საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურაა და გარკვეულ ხარჯებთანაა
დაკავშირებული, რაც დავას ართულებს. ყველაზე უკეთესია, მსესხებელმა
ბანკს მიმართოს საჩივრით და მოითხპვოს პროცენტის შემცირება, თუ არ
დააკმაყოფილებს ბანკი, მერე მიმართონ სასამართლოს. ყველაზე უკეთესია,
პენსიონერმა საერთოდ არ აიღოს სესხი, რადგან ეს მათ ძალიან აზარალებთ.
იყო შემთხვევები, როდესაც ბანკმა ოთხწლიანი სესხი შესთავაზა
მოქალაქეებს, ოპერატორებმა აღარ განუმარტეს, რომ 4 წელი მხოლოდ
პროცენტი იფარებოდა პენსიიდან, ძირი თანხა კი - არა. ეს მოქალაქეებმა
შემდეგ აღმოაჩინეს," - გვეუბნება ლია ხუროშვილი.
"საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე
პენსიონერებს ურჩევს, სესხის აღების დროს ხელშეკრულების პირობებს
კარგად გაეცნონ.
"საპენსიო სესხი სამომხმარებლო ტიპის სესხია, რომლითაც საკმაოდ ბევრი
პენსიონერი სარგებლობს. ყველა სესხი გარკვეულ რისკებთან არის
დაკავშირებული. ძირითადი პრობლემა რაც იყო, ეს საპროცენტო განაკვეთია.
ჩვენ თუ შევხედავთ საშუალო საბაზრო საპროცენტო განაკვეთს, მაგალითად,
ეს სესხი ლიბერთი ბანკში 30%-ია. სხვა ბანკში რომ იგივე ასაკის
ადამიანმა სესხი აიღოს, ვერ ვიტყვით, რომ განსაკუთრებულად იაფად
აიღებს. თან სხვა ბანკები სესხებს საპენსიო ასაკის ადამიანებზე არც
გასცემენ. "ლიბერთი", ფაქტობრივად, ერთადერთია, რომელიც პენსიის
საფუძველზე გასცემს თანხას. თუკი ვინმეს რაიმე პრობლემა აქვს
ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, თუკი სხვა რამეს ელოდა და სხვანაირად
აღმოჩნდა, სჯობს, ბანკს მიმართონ. ბანკი ოჯახის წევრი არ არის, რომ
მორალზე მიუთუთო. როდესაც მათთან ვიწყებთ ურთიერთობას, ის
ხელშეკრულება, რასაც ვაფორმებთ, უნდა წავიკითხოთ და დეტალურად
გავეცნოთ. საპენსიო ასაკის ადამიანი უფრო რისკ ჯგუფშია, ვიდრე
ახალგაზრდები. შესაბამისად, ბანკი, როდესაც გასცემს სესხს, ითვლის
რისკებს. რადგან რისკი მეტია, შეიძლება სხვა ტიპის სესხებზე პროცენტი
ოდნავ მაღალი იყოს. ძალიან დაბალი ალბათობაა იმის, ბანკმა ისეთი
ნაბიჯი გადაგას, რაც ხელშეკრულებაში იურიდიულად არ არის გაწერილი," -
ამბობს გიორგი კეპულაძე.
როგორც უკვე ცნობილია, პენსიების გაცემასთან დაკავშირებით მომავალი
წლიდან ახალი ტენდერი გამოცხადდება, რომელშიც მონაწილეობის საშუალება
სხვადასხვა კომერციულ ბანკებს ექნებათ.
" შეიქმნა უწყებათაშირისი კომისია, რომელიც სატენდერო პირობებზე
მსჯელობს. მორიგ სხდომაზე აუცილებლად ჩაერთვება ჩვენი ორგანიზაცია,
ვეცდებით, ეს პროცესი გავაკონტროლოთ. იმისთვის, რომ ბანკმა პენსია
დაარიგოს, საჭიროა ან ფილიალი ჰქონდეს ყველგან, ან სხვა საშუალება.
ლიბერთი ბანკი 200 000 პენსიონერს, რომელიც არ ცხოვრობს იმ
დასახლებაში, სადაც ფილიალია, ახერხებს პენსიის დარიგებას. ეს წლობით
გამომუშავებული პრაქტიკაა. მაგალითად, შესაძლოა ცაგერში, რომელიღაც
ბანკს ფილიალი არ ჰქონდეს, იმისთვის რომ დაარიგოს პენსია, დიდი
ინვესტიცია დასჭირდება. მას არ მგონია დიდი ინტერესი ჰქონდეს პენსიის
დარიგების, რომელიც ასევე ხარჯთანაა დაკავშირებული. ეს რთული პროცესი
იქნება იმ ბანკებისთვის, რომელთაც ეს აქამდე არ გაუკეთებიათ. არსებობს
ალბათობა, რომ ისევ "ლიბერთი ბანკმა" მოიგოს ტენდერი. არ ველოდები,
რომ დღეს არსებული მოცემულობა შეიცვლება,"- აღნიშნა კეპულაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში სულ 800 000-მდე პენსიონერია, მათგან
ნახევარს, 400 000-ს საპენსიო სესხი აქვს აღებული.
მასალის გამოყენების პირობები