„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, პირველი საბავშვო
წიგნის ფესტივალი გაიმართება. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით
„საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია“
აქვეყნებს.
ღონისძიება 11-12 დეკემბერს, „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში
გაიმართება.
„თბილისის საბავშვო წიგნის ფესტივალი ერთ-ერთია იმ პროექტებიდან,
რომელიც „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში დაარსდა და
სამომავლოდაც გაგრძელდება.
საბავშვო-საყმაწვილო ლიტერატურის გამოცემა უდიდესი საქმეა, რომელსაც
მხარდაჭერა და მეტი მოტივაცია სჭირდება. სწორედ, ამას ემსახურება
საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ დაარსებაც, რომლის
გამარჯვებულებსაც აღნიშნული ფესტივლის მსვლელობისას გამოვავლენთ“, -
ამბობს „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია
მაჭარაშვილი.
წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის დირექტორის,
თინათინ ბერიაშვილის თქმით, წიგნის ფესტივლები უმნიშვნელოვანესი
პლატფორმაა, რომელიც გამომცემლებისა და მკითხველების პირდაპირი
კომუნიკაციის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა.
„საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურა განსაკუთრებულ მხარდაჭერას
იმსახურებს, რადგან მოზარდების მკითხველებად ჩამოყალიბებას უწყობს
ხელს. ვფიქრობ, საბავშვო წიგნის ფესტივლის დაარსებას სერიოზული
ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ამ მიმართულების სამომავლო
განვითარებაზე“,- განაცხადა მან.
„საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის“
ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობას იღებს საქართველოში მოქმედი
თითქმის ყველა გამომცემელი და წიგნის გამავრცელებელი, რომელიც
საბავშვო ლიტერატურას გამოსცემს. ისინი ექსპო ჯორჯიაში მოსულ სტუმრებს
ფასდაკლებებს შესთავაზებენ საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურაზე.
საგამოფენო სივრცეში წიგნების გარდა, სტუმრებს აქსესუარები,
სათამაშოები და სხვადასხვა სახის საბავშვო გასართობი დახვდებათ.
მათივე თქმით, ფესტივალის მსვლელობისას, ბავშვებს ელით: ილუსტრაციის
ხატვის გაკვეთილები, თითების თეატრის წარმოდგენა, ზღაპრების კითხვა და
სხვა; ორივე დღის განმავლობაში, დიდ ეკრანზე ანიმაციური ფილმები
იტრიალებს.
12 დეკემბერს, საბავშვო წიგნის ფესტივლის ფარგლებში, გაიმართება
საბავშვო ლიტერატურული კონკურსის, „ნაკადულის“ გამარჯვებულთა
დაჯილდოება.
ფესტივლის მსვლელობისას, პავილიონის ეზოში გაიმართება ჯგუფ „არასა“ და
თბილისის მერიის ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის მე-19 სკოლის ორკესტრის
კონცერტი.
ცნობისთვის, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს
პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური
მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია „საქართველოს ბანკი“.
მასალის გამოყენების პირობები