გიორგი ქართლელიშვილის ბლოგი
მინდა ჩემს ცხოვრებაში ერთ, შეიძლება ითქვას, საშიშ ექსპერიმენტზე
მოგიყვეთ. როდესაც ჯერ კიდევ მეხუთე-მეექვსე კლასში ვიყავი და ვიგებდი
ადამიანებისგან, რომ ვიღაც კაზინოში თამაშობს და ამის გამო ძალიან ცუდ
მდგომარეობაშია, ზოგი თურმე სახლსაც კარგავს ან საერთოდ თავს იკლავს,
ძალიან მიკვირდა, არც კი მჯეროდა. ისეთივე გაუგებარი იყო ჩემთვის ეს
ყველაფერი, როგორც სიგარეტზე დამოკიდებულება-ადამიანი ამბობს, რომ არ
უნდა მოწევა და ამ დროს დღეში ორ-სამ კოლოფს ყიდულობს. ეს ფენომენი
ყოველთვის ღიმილს მგვრიდა, მართლა ვერ ვიგებდი ასეთი ადამიანების
ქცევას, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მათ ცხოვრებაში ყველაფერი
ირეოდა.
გავხდი თუ არა 18 წლის, მაშინვე შევუდექი ჩემი ექსპერიმენტის
განხორციელებას, რათა საბოლოოდ დამენგრია სტერეოტიპი ამ „ჯადოსნური“
„ზებუნებრივი“ ფენომენის შესახებ, რომელსაც ხალხი დამოკიდებულებას
უწოდებს. დავრეგისტრირდი ერთ-ერთ ონლაინ კაზინოში და შევიტანე ჩემი
პირველი „შენატანი“. ეს ის ღირებულებაა, რომელიც გადავიხადე ჩემს
ცხოვრებაში ყველაზე კარგი გამოცდილებისთვის და იმისთვის, რომ საბოლოოდ
დავრწმუნებულიყავი „დამოკიდებულების“ არ არსებობაში. ახლა, ბევრი
თქვენგანი ალბათ კიდევ ეჭვის თვალით კითხულობს ამ ტექსტს, თუმცა თუ
გსურთ, რომ დარწმუნდეთ ჩემს სიტყვებში, ბოლომდე წაიკითხეთ ეს
ისტორია.
პირველი დღე, რა თქმა უნდა, მოგებით დაიწყო. თავიდანვე გადაწყვეტილი
მქონდა, რომ არ ვითამაშებდი სლოტებს, რადგან მინდოდა სხვა
ადამიანებთან მეთამაშა ის, რაც ასე თუ ისე, ვიცოდი. ჩავუჯექი ბურას.
დავიწყე პატარა თანხით, 1 ლარით და აჰა, ჩემი პირველი მოგებაც მოვიდა.
ამ მოგებამ გააქარწყლა შიში, რომელიც მქონდა. მართალია, ჩემი მიზანი
თავიდანვე მტკიცე იყო, ეს მხოლოდ და მხოლოდ ექსპერმენტს წარმოადგენდა,
მაგრამ მაინც უხერხულად ვგრძნობდი თავს, სულაც არ მინდოდა თუნდაც 1
ლარის გადაგდება იქ, სადაც ვიცოდი, რომ თავიდანვე ყველა წაგებულია.
-გაინტერესებთ რა იყო შემდეგ?- არაფერი ჯადოსნური-წაგება! წაგებას
მოჰყვა მეორე და მესამე წაგება, შემდეგ მოგება და ასე, სანამ ანგარიში
0-ს არ მიუახლოვდა. ეს დღე საბოლოოდ 15 ლარიანი „მოგებით“ დავასრულე.
დიახ, 15-ლარინი მოგებით, რომელიც იგივე იყო, რაც 35-ლარიანი წაგება,
მაგრამ ხომ მოვიგეთ!
ყველაზე საინტერესო შემდეგ დღეებში დაიწყო. აღმოვაჩინე, რომ თუკი
პატარა თანხას მოვიგებდი, შემდეგ კი შედარებით დიდ თანხას „ჩავიდოდი“,
მოგების შანსიც იზრდებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი იქამდე, სანამ დღეში
50-ჯერ დანახულ „ავატარს“ არ შეხვდებოდი. სიმართლეს გეტყვით, სულ ეს
არის მთელი წრე. თამაშობ, მოგებასა და წაგებას თუ აბალანსებ, ბედნიერი
ადამიანი ხარ, მაგრამ თუკი ანგარიში გითავდება და თანხას კიდევ რიცხავ
იმისთვის, რომ ერთი ასეთი წრე კიდევ დაარტყა - გილოცავ, ანკესზე ხარ
წამოგებული! ახლა შეგიძლია თქვა, რომ დამოკიდებული ხარ. არ გინდა
თამაში, მაგრამ რაღაც ძალა გაიძულებს. არადა, მხოლოდ შენ იღებ
გადაწყვეტილებას, შენი აზარტი დააკმაყოფილო თუ არა. აქვე კიდევ ერთ
ჭეშმარიტებასაც გაგიზიარებთ, აზარტს ვერასდროს დააკმაყოფილებთ!
მილიონი ლარიც, რომ მოიგოთ, თუკი საკმარისად არ დაფიქრდებით და მტკიცე
გადაწყვეტილებას არ მიიღებთ, მეტის მოგების იმედით, ამასაც დაკარგავთ!
ეს არის სქემა, რომლითაც კაზინოები მთელ მსოფლიოში მუშაობენ.
საბოლოოდ, ჩემი ექსპერიმენტი იმით დასრულდა, რომ უზომოდ ბედნიერმა
გავაუქმე რეგისტრაცია. აქ არის ჩათრევის კიდევ ერთი მთავარი საიდუმლო.
ჩემი ანგარიშის გაუქმება, უბრალოდ არ უნდოდათ, იმდენ ხანს უტოვებდნენ
„სიცოცხლის შანსს“- ანგარიშის აღდგენის შესაძლებლობის სახით, რამდენ
ხანსაც ეს შეიძლებოდა. საინტერესო ისაა, რომ ანგარიშს საბოლოოდ ცხელ
ხაზზე დარეკვითაც ვერ გააუქმებ, ის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში
იარსებებს, რომ როდესმე იქნებ შეხვიდე და აღადგინო რეგისტრაცია, რათა
კვლავ ჩაება ფერხულში. საბოლოოდ, იძულებული გავხდი და ჩემი საბანკო
ანგარიშები თავადვე დავბლოკე აზარტული თამაშებისთვის.
მოკლედ, ამდენი რისთვის ვილაპარაკე? მხოლოდ იმისთვის, რომ თითოეულ
თქვენგანს ვუთხრა, არ არსებობს დამოკიდებულება, რომელიც თქვენ არ
გინდათ. ჩემი ექსპერიმენტის მიზანიც ამის დამტკიცება იყო. სიმართლეს
გეტყვით, მაინც მჯეროდა, რომ იქნებ რამე მომეგო კიდეც, რატომაც არა.
ვიღაც ხომ იგებს? -ეს მხოლოდ ანკესით შემოგდებული იმედია, რადგან
საბოლოოდ არ არსებობს მოგებული მომხმარებელი. ამაში დასარწმუნებლად,
საკმარისია ჯერ იპოვოთ ადამიანი, რომელმაც მოიგო, შემდეგ კი კითხოთ,
რამდენი წააგო...
რაც შემეხება მე. ამ შემთხვევაში, რიგითი წაგებული გამოვედი, როგორც
კაზინოს მომხმარებელი, მაგრამ მოგებული, როგორც ადამიანი, საქართველოს
მოქალაქე!
მასალის გამოყენების პირობები