დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც კახეთში, საგარეჯოს
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისიდან 70 კილომეტრში მდებარეობს,
საქართველოსთვის მნიშვნელოვანი კულტურული და რელიგიური ძეგლია.
მეორე მხრივ, აზერბაიჯანელები მას თავიანთი წინაპრების - ქრისტიანი
ალბანელების მემკვიდრეობად მიიჩნევენ და "კეშიქჩიდაღს" (Keşikçidağ)
უწოდებენ.
ისტორიული წარსული,
ალბანური კულტურა და დავით გარეჯი
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის პირველ
ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის, დავითის მიერ. იგი თავის მოწაფე
ლუკიანესთან ერთად ჩავიდა გარეჯის უდაბნოში და პატარა მღვიმეში
დასახლდა. სწორედ ამ პერიოდში იქმნება დავითის ლავრა, რომელიც
შემდგომში სამონასტრო ცხოვრების ცენტრად იქცა.
ადრეფეოდალური ხანის ტერიტორიული განაწილების მიხედვით, გარეჯის
მონასტრებს, კახეთის საორეპისკოპოზოს სამხრეთ სასაზღვრო ზონაში უფრო
ადრე კამბეჩანის, ხოლო შემდგომ კუხეთის ტერიტორია ჰქონდათ დაკავებული.
ეს მონასტრები მტკვრის პარალელურად გადაჭიმულ გარეჯის მთებსა და ივრის
ხეობის ქვედა წელის მიდამოებში განლაგებულ ხრიოკ კლდეებში
მდებარეობენ.
შემდეგში თანდათან ჩამოყალიბდა შორი-შორს მდებარე გამოქვაბულ
მონასტერთა კომპლექსების ქსელი: წამებული, ნათლისმცემელი, ჩიჩხიტური,
თერთრსენაკები, დოდოს რქა, უდაბნო, აღდგომისა წამებული, ბერთუბანი,
მღვიმე, ქოლაგირი, დიდი ქვაბები, ვერანგარეჯა, პირუკუღმარი, პატარა
ქვაბები.
დავითგარეჯის მონასტერთა საქმიანობა თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი
ფაქტორი გახდა ქართველი ხალხის როგორც რელიგიურ, ისე საერთოდ კულტურულ
ცხოვრებაში.
XII საუკუნის დასაწყისში დავით IV აღმაშენებელმა დავითგარეჯის
მონასტრები სამეფო საკუთრებად აქცია, ხელს უწყობდა მათ
დაწინაურებას.
XIV საუკუნის I ნახევარში, გიორგი V ბრწყინვალის მეფობაში, დავით
გარეჯი მძლავრ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრად იქცა. მონასტერთა
მესვეურნი მონაწილეობდნენ სამეფო დარბაზის მუშაობაში და ქვეყნის
საეკლესიო საქმეთა მართვაში. XIV საუკუნის ბოლოს თემურ-ლენგის
მრავალგზის ლაშქრობების დროს, სამონასტრო ცხოვრება მოიშალა.
1639 წელს თეიმურაზ I-მა აღადგინა აქ სამონასტრო ცხოვრება XVIII
საუკუნეში დავითგარეჯი კვლავ მეფის ხელდებული გახდა. დავითგარეჯის
მონასტრებმა XIX საუკუნის დასასრულამდე იარსება.
დავითგარეჯის სამონასტრო მშენებლობამ თავის მწვერვალს საქართველოს
საერთო ეროვნულ და კულტურულ-პოლიტიკური აღმავლობის დროს, XII-XIII
საუკუნეების მიჯნაზე მიაღწია. დავითგარეჯში გამომუშავდა სამონასტრო
ცხოვრებისა და მშენებლობის საკუთარი წესი, ფრესკული მხატვრობის
საკუთარი სკოლა.
***
როგორც ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ისტორიკოსი, ლაშა ბაქრაძე
გვეუბნება, დავით გარეჯის საკითხი პრობლემაა მას შემდეგ, რაც საბჭოთა
კავშირი დაიშალა.
„ეს საკითხი ჩვენი საზღვრების დელიმიტაციასთან სულ დგას. პრობლემა იყო
საბჭოთა პერიოდშიც, მაგრამ ეხებოდა პირველ რიგში, ამ დიდი კომპლექსის
სხვა ნაწილებს, რომელსაც მე ვფქირობ, საქართველოს მოსახლეობის
უმრავლესობას, გარკვეულ წერტილად წარმოუდგენია და ძალიან ხშირად ჩვენ
ვხედავთ, როდესაც დავით გარეჯის პრობლემებზეა საუბარი, ლავრის სურათს,
მაშინ, როდესაც ლავრასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი
პრობლემები არ არის. საბჭოთა პერიოდში ძირითადად ეხებოდა საკითხი
მივიწყებულ ბერთუბანს, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შიგნით არის
და იყო მცდელობები ტერიტორიის გაცვლის, ჯერ კიდევ საბჭოთა
აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, რომელიც მაშინ არ შედგა.“ -
ამბობს ბაქრაძე.
90-იანი წლების შემდეგ, აზერბაიჯანშიც და საქართველოშიც სამოქალაქო
ომი მიმდინარეობდა, შესაბამისად, ამ საკითხისთვის არავის ეცალა.
როგორც პოლიტოლოგი, მამუკა არეშიძე ამბობს, 1990-იანი წლების შუაში,
შეიქმნა კომისია, რომელმაც საზღვრის დემარკაცია დელიმიტაციაზე დაიწყო
მუშაობა, ეს იყო ორმხრივი ქართულ-აზერბაიჯანული კომისია და მისი
მუშაობის დროს გაირკვა, რომ დავით გარეჯის საკითხი არის ჰაერში
გამოკიდებული.
ის, რომ დავით გარეჯი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია ეჭვს არ
იწვევს, მაგრამ 20-იანი წლების ძველი დოკუმენტების მიხედვით, მისი,
ნაწილი საქართველოს ტერიტორიის მიღმაა.
„იგულისხმება კომპლექსიდან საკმაოდ მოშორებით, დავარქვათ პირობითად,
აზერბაიჯანული ტერიტორიის სიღრმეში მდებარე, ბერთუბნის სამონასტრო
კომპლექსი. იქ არის ცნობილი ფრესკები, რომელიც ეკუთვნის ლაშა გიორგის,
რუსუდანს და აქედან გამომდინარე, ეს ძალიან სენსიტიური თემა
გახდა.“
მამუკა არეშიძის თქმით, ადგილობრივი სასულიერო პირები მუდმივად
მოითხოვდნენ ხელისუფლებისგან, რომ გადაწყვეტილიყო ეს საკითხი.
ხელისუფლება კი, მუდმივად აპელირებდა, რომ კომისია მუშაობს და ჯერ
გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. ნებისმიერ შეხვედრაზე
ქართულ-აზერბაიჯანული ოფიციალური ურთიერთობებისას, გარეჯის საკითხი
მუდმივად იყო განსაკუთრებული მსჯელობის საგანი.
„კომპლექსის ძირითადი ნაწილი განლაგებულია ქედზე. ამ ქედს ჰქონდა
სტრატეგიული მნიშვნელობა იმიტომ, რომ იმის იქით, დავარქვათ პირობითად,
აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, არის სულ ველი, აღსტაფის ხიდამდე. ეს ის
ხიდია, რომელიც მენშევიკური მთავრობის დროს საქართველოს ტერიტორიის
ნაწილი იყო და ზუსტად ამ ხიდთან იდგნენ ქართველი მესაზღვრეები პირველი
რესპუბლიკის მდგომარეობით. აღსტაფის ხიდსა და ქედს შორის არის
განლაგებული ბერთუბანი. ადრე ამ გარემოებას არ ჰქონდა ისეთი
ისტორიულ-რელიგიური დატვირთვა აზერბაიჯანული მხარისთვის, როგორიც
დღეს. დამოუკიდებლობის მიღების დღიდან მათი აქტივობა უფრო
დაკავშირებული იყო სტრატეგიული სიმაღლის დაკავების სურვილთან,“ -
ამბობს მამუკა არეშიძე.
მისივე თქმით, აზერბაიჯანულ მეცნიერებაში გაჩნდა ასეთი ტენდენცია, რომ
აზერბაიჯანელები არიან ძველი ალანების (კავკასიელი ალბანელები)
წარმომადგენლები, ანუ აზერბაიჯანული ერი ჩამოყალიბდა სპარსული და
თურქული ტომების ნაზავისგან.
„ნებისმიერი ერი ცდილობს, რომ თავისი ისტორია გაამდიდროს და
დააძველოს. აზერბაიჯანიც ამ გზით წავიდა. აქედან გამომდინარე,
ქრისტიანული ძეგლები, რომლებიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იყო,
გამოცხდდა აზერბაიჯანული კულტურის ძეგლად. ამას ჰქონდა კიდევ
გარკვეული პოლიტიკური დატვირთვა იმ თვალსაზრისით, რომ აზერბაიჯანულ
მხარეს ჰქონდა სურვილი აეხსნა მსოფლიოს საზოგადოებისთვის ყარაბაღში
ქრისტიანული ძეგლების სიმრავლე, რადგან სომხური მხარე ყოველთვის ამ
გარემოებაზე აკეთებდა აპელირებას - თუ ყარაბაღი თქვენი იყო, რატომ
არის ძველი სომხური ეკლესიები ამ ტერიტორიაზეო. მოკლედ, ასეთი
ტენდენცია ჩამოყალიბდა. ამ პროცესში მოხვდა არამარტო სომხური
საეკლესიო ნაგებობები, არამედ ქართულიც.“
ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე ამბობს, რომ ეს ალბანური თეორია
აზერბაიჯანული ერის ეთნოგენოზის შესახებ 1960-იანი წლების შუაში
წარმოიშვა, რომელიც ამჟამად ძალიან ფესვგადგმულია. მისი ბუძემდებელი
იყო აღმოსავლეთმცოდნე ზია ბუნიათოვი.
„ამ თეორიას, პირველ რიგში, აზერბაიჯანი იყენებდა ყარაბაღის
ტერიტორიაზე ისტორიული პრეტენზიის გამოცხადების მიზნით. ასეა თუ ისე,
უნდა ვთქვათ, რომ ტერიტორიები და საზღვრები იცვლება. შუა საუკუნეების,
მით უმეტეს ანტიკურ პერიოდში, სად რა ტერიტორია ვის ეკუთვნოდა,
დღეისათვის აბსოლუტურად ნულოვანი მნიშვნელობა აქვს. მე ვიტყოდი,
თუნდაც იგივე ალბანელებზე რომ შევჩერდეთ, ისტორიული თვალსაზრისით,
ამიერკავკასიის სამივე ქვეყანა: საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი
არის მათი მემკვიდრე. თავისთავად, არგუმენტირება, რომელიმე
ტერიტორიაზე პრეტენზიის, არის სისულელე ანტიკური და შუა საუკუნეების
არგუმენტებით და იმდროინდელი საზღვრებით. თუკი რამე საფუძველი
არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული კულტურის ძეგლი
კავშირშია ალბანურ კულტურასთან, პირველი - ეს არ ნიშნავს, რომ
საქართველოს ტერიტორიაზე არუნდა იყოს; და მეორე- თუკი ეს არის
რამენაირად ჯერ კიდევ საკამათო საკითხი, ეს არის მეცნიერული კამათის
საკითხი და არა პოლიტიკოსებს შორის და ორ ქვეყანას შორის.“
2019 წელს ამერიკის ხმამ ინტერვიუ ჩაწერა აზერბაიჯანში სტრატეგიული
სწავლებების ცენტრის წარმომადგენელ ფუად ჩირაგოვთან, რომელიც ამბობს,
რომ სომხეთთან კონფლიქტის შემდეგ, კავკასიის ალბანეთის აზერბაიჯანული
ქრისტიანული წარსული მემკვიდრეობა განსაკუთრებით მგრძნობიარედ
აღიქმება. აზერბაიჯანს სურს აჩვენოს მსოფლიოს, რომ ის არის ამ
წარსულის გამგრძელებელი და მისი მემკვიდრეც.
„უკანასკნელ პერიოდში, საქართველოში განვითარებული მოვლენები დაემთხვა
მზარდ ანტი-თუქრულსა და ანტი-აზერბაიჯანულ პროპაგანდას. ჩვენ
ვაკვირდებით ამ ნიადაგზე ფობიების სისტემურ და დაგეგმილ მცდელობებს,
რაც მზარდ იმედგაცრუებას იწვევს, ასევე ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში.
ჩვენ მხოლოდ კარგი ურთიერთობების განზრახვა გვაქვს საქართველოსთან და
ამ ურთიერთობების ხარისხი, დიდწილად, ერთმანეთზეა დამოკიდებული.
ვიმედოვნებ, ეს, ჩვენს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების მდგრადობის
კარგი გამოცდა იქნება, რის შემდეგაც უფრო მეტად გავაცნობიერებთ
ერთმანეთის მნიშვნელობასა და ღირებულებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ
ვიცით, რომ არსებობენ სხვა ძალები, ვინც ქართულ-აზერბაიჯანული
ურთიერთობების დაზიანებით მოგებული დარჩება და ეს არ უნდა
დაგვავიწყდეს“,- ამბობს ფუად ჩირაგოვი "ამერიკის ხმასთან."
პოლიტიკური პროცესები და
კარტოგრაფების საქმე
„დავით გარეჯის საკითხი გასულ წელს იყო პატრიოტული აღტკინების დიდი
მიზეზი. ფრიად საინტერესოა დღეს ამაზე აღარავინ აღარ ლაპარაკობს.
იმიტომ, რომ ეს თემა გასულ წელს გამოყენებული იქნა შიდა პოლიტიკური
მიზნებისთვის და ახლა არის სრული სიჩუმე. ძალიან კარგად გვახსოვს, რომ
ეს თემა კიდევ უფრო გამოცოცხლდა მას შემდეგ, რაც ქალბატონი პრეზიდენტი
აპრილის თვეში, იმყოფებოდა დავითგარეჯში, ქედზე და თქვა, რომ უნდა
დაჩქარდეს საზღვრის დელიმიტაციის საკითხი. მაგრამ ქალბატონი
პრეზიდენტი დღეს ამასთან დაკავშირებით ხმას არ იღებს. ისე როგორც
მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლები,“ - ამბობს ისტორიკოსი ლაშა
ბაქრაძე.
საზღვრის საკითხს, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი
მანამდე, 27-28 თებერვალს, აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით სტუმრობის
დროსაც შეეხო. აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის
შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა
განაცხადა:
“ვისაუბრეთ, რომ ტურიზმი უნდა გაიზარდოს ორ ქვეყანას შორის და ის
ციფრული ნიშნული, რაცმიღწეული არის, არ არის საკმარისი. უნდა მიიღოს
სხვა მასშტაბი ამ ტურიზმის განვითარებამ, ორ ქვეყანას შორის, როგორც
გარედან მოსულიტურისტებისთვის, რომ ეს სივრცე გაიხსნას… ამ კუთხით,
მაგრამ, არა მხოლოდ ამ კუთხით, ასევე ჩვენი მეგობრობიდან გამომდინარე,
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უნდა მივცეთ საზღვრის სადემილიტაციო კომისიას
მითითება, რომ განაახლონ თავიანთი მუშაობა და მივიყვანოთ ეს მუშაობა
ბოლომდე და საბოლოოდ დავადგინოთ ჩვენი ერთობლივი საზღვარი, რომელიც
უნდა იყოს გამაერთიანებელი საზღვარი და არა გამიჯვნის საზღვარი…
მაგრამ ნორმალური არის, რომ გამომდინარე ჩვენი მეგობრული
ურთიერთობების, ეს საკითხი ბოლოსდაბოლოს დასრულდეს, ამდენი წლის
შემდეგ”.
პოლიტოლოგი მამუკა არეშეძე თვლის, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს
ეს განცხადება აზერბაიჯანში არ უნდა გაეკეთებინა.
„სალომე ზურაბიშვილს ეს არ უნდა ეთქვა ბაქოში, თუმცა, ეს თემა ისედაც
აქტუალური იყო და მისმა ამ გამონათქვამმა უფრო დაძაბა სიტუაცია“.
ამას მოჰყვა კარტოგრაფების საქმე, რამაც აზერბაიჯანთან საზღვრის
დადგენისა და დავით გარეჯის კუთვნილების საკითხი კიდევ ერთხელ
წამოჭრა.
საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილ წევრებს — ივერი მელაშვილსა და
ნატალია ილიჩოვას — პროკურატურა სახელმწიფოს საზიანო
გადაწყვეტილებებში ადანაშაულებდა, რომელიც 2006-2007 წლებში იყო
მიღებული.
საგამოძიებო უწყებები ამტკიცებენ, რომ მათ გამოიყენეს ისეთი რუკები,
რომლითაც საქართველო ტერიტორიების დაახლოებით 3500 ჰექტარს კარგავდა.
ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად კი, ბრალდებას მოჰყავს 1938 წელს
გამოქვეყნებული 1:200 000 მასშტაბის რუკა, რომელიც მელაშვილმა და
ილიჩოვამ შეგნებულად დამალეს და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების დროს
არ გამოიყენეს.
აღნიშნული ბრალდებით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა
არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე დააკავეს.
ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური
მიზნებისათვის, პოლიტიკური ტემპერატურის აწევისათვის იყო
მიღებული.
პოლიტოლოგ მამუკა არეშეძის შეფასებით კი, ამ საქმეში ივერი მელაშვილის
ფიგურა ხელოვნურად არის გაზვიადებული.
„მელაშვილი აქ არის ერთი ჩვეულებრივი რიგითი ჩინოვნიკი. დასკვნას ეგ
კი არა, ვერავინ ვერ მოაწერდა ხელს, რომ არ გაევლო შესაბამისი
ინსტანციები. საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურები,
მინისტრის მოადგილე, რომელიც კურატორი იყო კომისიისა, საბოლოო ჯამში
მინისტრი და შემდეგ ქვეყნის ხელმძღვანელობა - უშიშროების საბჭო და
პრეზიდენტი. მე ვერ წარმომიგენია მელაშვილს თავის თავზე აეღო ეს
ყველაფერი და ხელი მოეწერა. მთელი სკანდალი ამაში მდგომარეობს და
არასწორი შეფასებები კეთდება საზოგადოებაში. მელაშვილი არის უბრალო
შემსრულებელი და ვინ იდგა ამის ზემოთ, ეს უკვე ჩემს კომპეტენციას
სცილდება“.
2020 წელს ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა ქართულ მხარეს მიაწოდა გასული
საუკუნის 1933-1938 წლების რუკები, რომლებიც მან მოსკოვში, სახელმწიფო
ფედერაციული საბიუჯეტო დაწესებულების, “გეოდეზიის, კარტოგრაფიის და
ინსფრასტრუქტურის სივრცითი მონაცემების სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრში”
იპოვა;
დავით ხიდაშელის ჩვენების მიხედვით, რომელიც მედიაში გავრცელდა,
აღნიშნულმა ცენტრმა ხიდაშელს 1:200 000 მასშტაბის 4 რუკა გადასცა.
ყველა მათგანი შედგენილი იყო საბჭოთა კავშირის სახალხო კომისარიატთა
საბჭოს მიერ. K-38-22 შედგენილი 1933 წელს; K 38-23 შედგენილი 1938
წელს; K 38 28 შედგენილი 1936 წელს; K 38-29 შედგენილი 1938 წელს.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, პროკურატურა და სხვა
სახელმწიფო სტრუქტურები მოპოვებულ რუკებს არ ასაჯაროებენ.
მამუკა არეშიძე ამბობს, რომ 2016 წლიდან ჩართული იყო ამ რუკების
მოძიების საქმეში, დიდი ძალისხმევისა და საკუთარი რესურსების
გამოყენების მიუხედავად, ვერც რუსეთში და ვერც პოსტსაბჭოთა სივრცის
ტერიტორიაზე, რუკას ვერ მიაკვლიეს.
„საბჭოთა კავშირში როცა იქმნებოდა შესაბამისი დოკუმენტი, ის
ეგზავნებოდა ყველა დანარჩენ რესპუბლიკას არქივში შესანახად.
მაგალითად,საზღვრის გამიჯვნის ეს დოკუმენტი, რომელიც შეიქმნა 1937-38
წლებში, თავის დროზე გაიგზავნა სხვა რესპუბლიკების არქივებში. მას
ჰქონდა შესაბამისი ბეჭედი, ე.წ. „გუკის“ (Главное управление
картографии СССР) ბეჭედი, ასე ერქვა, მხოლოდ ამ ბეჭედის დარტყმის
შემდეგ ჰქონდა ასეთი ტიპის დოკუმენტს ლეგიტიმაცია.
ჩვენ ბევრი რუკა ვიპოვეთ სხვადასხვა არქივში, რომელიც ჩვენს
სასარგებლოდ მეტყველებდა, მაგრამ არ ჰქონდა ეს წითელი ბეჭედი.
მივხვდით, რომ არა მხოლოდ ეს რუკა, არამედ სხვა ტიპის რუკები, რომელიც
უკავშირდებოდა დავით გარეჯის, ასევე ზოგადად საქართველო-აზერბაიჯანის
საზღვარს, გამქრალი იყო.
ეს რუკა მნიშვნელოვანია, მას აქვს თავისი წითელი ბეჭედი. ამ რუკის
მიხედვით, სამწუხაროდ, ბერთუბანი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა, მაგრამ
დანარჩენი ყველაფერი საქართველოს ტერიტორიაა.“
რა არის გამოსავალი?
ისტორიკოსები, პოლიტოლოგები, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს საკითხი
მშვიდობიანი გზით, ორივე მხარის ჩართულობით უნდა მოგვარდეს.
როგორც მამუკა არეშიძე ამბობს, მიტინგებით და დემონსტრაციებით ამ
საქმეს შედეგი არ მოჰყვება და აქ სხვა ტიპის აქტივობაა საჭირო.
კერძოდ, საუბარია ტერიტორიების გაცვლაზე.
„რაღაცა რაღაცაში უნდა გაიცვალოს. ობიექტურობისთვის მინდა გითხრათ,
რომ საქართველოს ხელისუფლებამ შევარდნაძის დროს რამდენჯერმე შესთავაზა
ტერიტორიების გაცვლა, პატიაშვილის დროსაც იყო ეს, მაგრამ
აზერბაიჯანული მხარე ამაზე არ წამოვიდა. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ
იქ ხელი არ შეეშალოს ღვთისმსახურებას, პროცესი იყოს მშვიდობიანი, უნდა
იყოს ისეთი ვითარება შექმნილი, რომ ორმა სახელმწიფომ როცა
პარტნიორობაზე აქვთ პრეტენზია, ერთმანეთს ხელი არ შეუშალოს.“
როგორც ისტორიკოსი, ლაშა ბაქრაძე ამბობს, დავით გარეჯის სამონასტრო
კომპლექსის დღევანდელი პრობლემა, არის ამ ტერიტორიის ერთი ნაწილი,
ძირითადად, უდაბნოს მონასტერი, ჩიჩხიტურის კოშკი და ა.შ. რომელიც
სწორედ ზედ ქედზე იმყოფება.
მნიშვნელოვანია, ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის, საზღვრები ისე
გაევლოს, რომ ორივე მხარე კმაყოფილი დარჩეს.
მისივე თქმით, საქართველოსათვის, ძალიან მტკივნეული საკითხია ის, რომ
იქ, სადაც დავდიოდით და შეგვეძლო ადრე მივსულიყავით, დღეს ვეღარ
მივდივართ. თუ ჩვენს ქვეყნებს შორის გვინდა, რომ იყოს მეგობრული
ურთიერთობა, ამის საშუალება უნდა გვქონდეს დღეს.
„მე იმედი მაქვს, ამას კარგად გაიგებს აზერბაიჯანის მხარეც და
საქართველოს მხარეც შეეცდება, რომ ორ ქვეყანას შორის არ გააფუჭოს
ურთიერთობები ტერიტორიების ზუსტი გამიჯვნის გამო.
თუ ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობა, ვფიქრობ,
შესაძლებელია. თუკი სხვანაირად ამ საკითხის გადაჭრა ვერ მოხერხდება,
ეს ტერიტორია ნეიტრალურ ზონად უნდა გამოცხადდეს, სადაც მისვლის
საშუალება ექნებათ როგორც აზერბაიჯანის, ასევე საქართველოს მხრიდან.
მე ვიტყოდი, რომ ასევე საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს უნდა ჰქონდეთ
საშუალება, მივიდნენ ბერთუბნის ეკლესიამდე, მონასტრამდე და მემგონი,
ეს იქნება კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ორ კეთილმეზობელ
ქვეყანას შორის არსებობდეს კარგი დამოკიდებულებები და როგორ შეიძლება
ორივე ქვეყანამ იხეიროს კულტურული მემკვიდრეობით.“
ლაშა ბაქრაძის თქმით, ეს საკითხი ძალიან ადვილად გადასაწყვეტი უნდა
იყოს, თუკი მესამე ქვეყნის, რუსეთის მხრიდან, არ იქნება მცდელობა, ეს
პრობლემა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების გასაფუჭებლად
გამოიყენოს, თუკი ორივე მხარე დაჯდება, აწონ-დაწონის და მოიფიქრებს
გამოსავლის გზებს.
როდის შეიკრიბა ბოლოს სადერმარკაციო-სადელიმიტაციო კომისია, რა
კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღეს ამ საკითხთან დაკავშირებით და
ზოგადად, რას აკეთებს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ პრობლემის
მოსაგვარებლად? - ამ კითხვებით საგარეო საქმეთა სამინისტროს
მივმართეთ. თუმცა, თითქმის ორკვირიანი ლოდინის შემდეგ გვითხრეს, რომ
ამ საკითხზე ჯერჯერობით კომენტარს ვერ გააკეთებენ.
ნამდვილი და მოგონილი
მას შემდეგ, რაც დავით გარეჯის საკითხი კვლავ გააქტიურდა, ამ თემის
ირგვლივ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. მათგან რთული გასარკვევი იყო,
რომელი წარმოადგენდა სინამდვილეს და რომელი გამოგონილს, ე.წ. „ფეიკ
ნიუსს“. ყველაზე მწვავე, ალბათ, მაინც ის ცრუ ინფორმაცია იყო, რომელიც
სალომე ზურაბიშვილის მიერ აზერბაიჯანისთვის დავით გარეჯის გადაცემას
ეხებოდა.
ამ საკითხს იკვლევდა და აანალიზებდა ონლაინ პლატფორმა
მედიაჩეკერი.
მაგალითად, 2020 წლის 25 აპრილს, სწორედ მაშინ,
როცა მონასტერთან მისასვლელი გზის ჩაკეტვის შესახებ გავრცელდა
ინფორმაცია, websport.ge-მ ახალ ამბად გამოაქვეყნა 2019 წლის 27
თებერვლის მასალა. სტატიის სათაური მკითხველს აუწყებდა, თითქოს
საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანული მხარისთვის დავით გარეჯის
ტერიტორიის გადაცემას დათანხმდა. სინამდვილეში, მასალა ეფუძნებოდა
„თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის, თენგიზ ომანიძის
მოსაზრებას.
მედიაჩეკერის ინფორმაციით, გამოცემებმა კი კონტექსტიდან ამოგლეჯილი
ფრაზა სათაურად დააწერეს მასალას. იმავე გზით მანიპულირებდა
მკითხველზე გამოცემა „ალია“, როდესაც პოლიტიკური გაერთიანება "ქართული
დასის" თავმჯდომარე ჯონდი ბაღათურიას ფეისბუკ სტატუსი სენსაციური
სათაურით ("დავით გარეჯი გაყიდეს!") გამოაქვეყნა.
timer.ge-მ კი 2017 წლის სტატია 2019 წლის 3 მაისს გააზიარა
ფეისბუკზე. Geotimes.ge-იმ იდენტური სტატია 4 მაისს ახალ ამბად
გამოაქვეყნა საიტზე.
მედიაჩეკერის შეფასებით, ორი წლის წინანდელი მასალის გამოქვეყნება
მსგავსი სენსაციური სათაურით, რომელიც დავით-გარეჯის გაყიდვის შესახებ
აუწყებს მკითხველს, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ კრიტიკულ სიტუაციაში
საიტები განზრახ მანიპულირებდნენ საზოგადოებაზე.
27 თებერვალს ონლაინგამოცემა faqtebi.ge-მ
გამოაქვეყნა მასალა სათაურით - “სალომე
ზურაბიშვილი დათანხმდა აზერბაიჯანული მხარისთვის დავით გარეჯის
ტერიტორიის გადაცემას - თენგიზ ომანაძე”.
გამოქვეყნებული ტექსტი პარტია “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარის
მოადგილის, თენგიზ ომანაძის ინტერპრეტაციას ეყრდნობა და არა რაიმე
კონკრეტულ ფაქტს.
faqtebi.ge-ზე დაყრდნობით, იგივე მასალა გამოაქვეყნეს alia.ge-მ,
infonews.ge-მ და news.coa.ge-მ.
პოლიტოლოგ, მამუკა არეშიძის შეფასებით, ეს არის სალომე ზურაბიშვილის
პოლიტიკური დისკრედიტაციის მცდელობა, რაც ქართული რადიკალური
ოპოზიციის დღის წესრიგს წარმოადგენს, რადგან რეალურად საქართველოს
ამჟამინდელი პრეზიდენტი, ვერ მიიღებს ამ ტიპის გადაწყვეტილებას,
ძალიანაც რომ უნდოდეს, იმიტომ, რომ ეს არ შედის მის ფუნქციასა და
კონსტიტუციით განსაზღვრულ კომპეტენციაში.
მასალის გამოყენების პირობები