დავით სონღულაშვილი: ეკონომიკა გარემოს დაცვისთვის უნდა იყოს შესაძლებლობა და არა გამოწვევა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და
სბმკ „ორქისი“-ს ერთობლივი ძალისხმევით, შვედეთის მთავრობის მიერ
დაფინანსებული ცირკულარული ეკონომიკის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც
სბმკ „ორქისი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროების მხარდაჭერით, საქართველოს მყარი
ნარჩენების მართვის კომპანიასთან და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და
განათლების ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს, ცირკულარული
ეკონომიკისადმი მიძღვნილი მე-5 კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაზე, რომლის მიზანიც საქართველოში, ცირკულარულ ეკონომიკაზე
გადასვლის დაჩქარებისა და ამ სისტემის ეფექტიანად დანერგვის ხელის
შეწყობა იყო, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები და ექსპერტები
იყვნენ მომხსენებლებად.
როგორც სიტყვით მიმართვისას, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი
ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ
აღნიშნა, „ეკონომიკა გარემოს დაცვისთვის უნდა იყოს შესაძლებლობა“.
„ვფიქრობ, დღეს, ეკონომიკა გარემოს დაცვისთვის უნდა იყოს შესაძლებლობა
და არა გამოწვევა. ამიტომ, ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა
წარმოებისა და მოხმარების მეთოდების ცვლილებას საჭიროებს.
ცვლილებებისთვის მზაობა კი უნდა ჰქონდეს ყველა შესაბამის უწყებას, რომ
მუშაობა დაიწყოს ერთიანად და ყველა საჭირო კომპონენტის
გათვალისწინებით. მთავარი სარგებელი ამ პროცესში კი ის არის, რომ
ცირკულარულ ეკონომიკაში, საქონელი იმგვარად იქმნება, რომ იყოს გამძლე,
შესაძლებელი იყოს მისი განახლება, შეკეთება და ხელახლა გამოყენება.
კომპანიები შეიმუშავებენ ახალ ბიზნესმოდელებს, სადაც შემოსავლის
მიღება ხდება მომსახურებიდან და არა საქონელიდან. მომხმარებლები კი
საქონელს იყენებენ ეფექტიანად და იმგვარად იცილებენ, რომ შესაძლებელია
მათი ხელახლა გამოყენება, ხოლო თუ ასეთი რამ ტექნიკურად შეუძლებელი ან
ეკონომიკურად გაუმართლებელია, გადამამუშავებელი ობიექტები მათ
გარდაქმნიან მეორად ნედლეულად, რომელმაც შეიძლება წარმოება-მოხმარების
ახალ ციკლი გაიაროს. შესაბამისად, ამ პროცესის დასაჩქარებლად
აუცილებელია სისტემური ცვლილება, რომელიც გამართულ პოლიტიკასა და
ცირკულარული ეკონომიკის ბიზნესმოდელებისათვის თანაბარ პირობებს
დაეყრდნობა,“ - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ცირკულარული ეკონომიკის მე-5 კონფერენციიის მომხსენებლები ასევე
იყვნენ: დარიუშ ედვარდ პრასეკი, გარემოს დაცვის, სოციალური,
მმართველობისა და ცირკულარული ეკონომიკის საკითხების საერთაშორისო
ექსპერტი და თიმო მაკელა, რომელსაც გარემოს დაცვის, ფინანსებისა და
მდგრადი განვითარების სფეროებში 40 წლიანი გამოცდილება გააჩნია.
ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი ოთხი კონფერენციის შემდეგ,
რომლებიც შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ცირკულარული
ეკონომიკის პროგრამის ფარგლებში 2019-2021 წლებში ცენტრალური,
რეგიონული და მუნიციპალური ხელისუფლების, ბიზნესისა და საფინანსო
სფეროების წარმომადგენლებისათვის მოეწყო, ცირკულარული ეკონომიკის მე-5
კონფერენცია გამიზნული იყო პოლიტიკის შემქმნელებისათვის, რომლებიც
გარდაქმნის პროცესის ერთ-ერთ საკვანძო ხელშემწყობ მხარეს
წარმოადგენენ.
[R]
მასალის გამოყენების პირობები