ერთი წელია, რაც ქალაქ გურჯაანში ტექნოპარკი ფუნქციონირებს.
მენეჯერის, ეკა ცისკარაშვილის თქმით, პანდემიისა და გარკვეული
შეზღუდვების მიუხედავად, ამ ხნის განმავლობაში დაწესებულებამ 55
ღონისძიებას უმასპინძლა. ტექნოპარკს დღეის მდგომარეობით, 2000-ზე მეტი
ბენიფიციარი ჰყავს.
როგორც ცისკარაშვილი ამბობს, გურჯაანში ტექნოპარკის გახსნის მთავარი
მიზანი იყო, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ნებისმიერი სხვა
მსურველისთვის ინოვაციური დანადგარები თუ სერვისები, ხელმისაწვდომი
ყოფილიყო.
მართალია, ტექნოპარკი თელავშიც არის და ახმეტაშიც ფუნქციონირებს
ინოვაციების ცენტრი, მაგრამ გურჯაანის ტექნო-პარკი მაინც გამორჩეულია
აღჭურვილობით და შენობის სიდიდით.
„ჩვენთან არის ისეთი დანადგარები, რომლებიც კახეთის რეგიონში კი არა,
საქართველოს მასშტაბით სხვა ექნოპარკებშიც არ მოიპოვება.
ფაბრიკაციების ლაბორატორიაში (ფაბ-ლაბში) გვაქვს: CNC რუტერი,
ლაზერული მჭრელი, პლატების საბეჭდი დანადგარი, 3D პრინტერები. ეს
ყველაფერი ჩვენს ბენეფიციარებს საშუალებას აძლევს განავითარონ ბიზნესი
ზედმეტი რისკების გარეშე.“
ეკა ცისკარაშვილის თქმით, იმისათვის, რომ დაინტერესებულმა პირმა
მიიღოს წვდომა ტექნოპარკის რესურსებზე, საჭიროა მხოლოდ სურვილი და
მონდომება.
„დანარჩენი ყველაფერი გხვდებათ ადგილზე. დაწყებული დანადგარებიდან და
სერვისებიდან, დამთავრებული საერთო სამუშაო სივრცით, რომელიც
საშუალებას გაძლევთ, იმუშაოთ, მოიწყოთ სამუშაო გარემო და ა.შ.
ასაკს, რა თქმა უნდა, არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი კარი ყველასთვის
ღიაა. ნებისმიერი იდეის ჩვენამდე მოტანა ნიშნავს იმას, რომ
განვითარების შესაძლებლობა გეძლევათ. ფაბ-ლაბის მენეჯერი მზად არის,
რომ მიეხმაროს ყველას, ვისაც იდეის გარშემო დახმარება
დასჭირდება.“
ამ ერთი წლის განმავლობაში, ტექნო-პარკის მიერ განხორციელებული
პროექტებიდან ყველაზე მასშტაბური იყო სამაგიდო თამაშების
ჰაკათონი.
„საკმაოდ საინტერესოდ წავიდა პროექტი, საერთო ჯამში გვყავდა 200-ზე
მეტი მონაწილე. თავიდან მუშაობა დავიწყეთ ფიზიკურ სივრცეში, თუმცა
შემდეგ მოგვიწია დისტანციურ ფორმატზე გადასვლა და დაჯილდოების
ცერემონიალიც ონლაინ ჩავატარეთ. პროექტს გამოვარჩევდი მასშტაბურობით,
რადგან არ მოიცავდა მხოლოდ გურჯაანელ მონაწილეებს, არამედ მთლიანად
კახეთის რეგიონზე იყო გათვლილი.“
ჰაკათონის მიზანი იყო ისეთი სამაგიდო თამაშების შექმნა, რომელიც
ორიენტირებული იქნებოდა სხვადასხვა სოციალურ, ზოგად თემებსა თუ
ინდუსტრიებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებაზე და ამ ინფორმაციის
თამაშით მიწოდებაზე.
2021 წლის ბოლომდე გურჯაანის ტექნო-პარკი გეგმავს კიდევ სამი დიდი
პროექტის განხორციელებას.
„ამ ღონისძიებებში კიდევ უფრო მეტი სხვადასხვა პროფილის მქონე
ადამიანები ჩაერთვებიან. პროექტებს სულ მალე დავაანონსებთ. ჩატარდება
ჰაკათონი, ვგეგმავთ ინტელექტუალურ თამაშს და კიდევ ერთ მასშტაბურ
საერთაშორისო ღონისძიებას.“
ცნობისთვის, გურჯაანის ტექნოპარკი, გასულ წელს,
29 ოქტომბერს გაიხსნა. მის მშენებლობაზე 2,5
მილიონი ლარი დაიხარჯა.
მასალის გამოყენების პირობები