ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები ვალებულები არიან სამსახურში კოვიდ საბუთი წარადგინონ
სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს სამსახურში კოვიდ საბუთის
წარდგენის ვალდებულება დაეკისრათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოუწევთ
კვირაში ერთხელ, საკუთარი ხარჯით PCR კვლევა ჩაიტარონ.
„ახალი კორონავირუსის გავრცელების და უმძიმესი ეპიდვითარების გამო,
რაც ინდივიდუალურად და კოლექტიურად სერიოზულ საფრთხეს უქმნის
ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ასევე სახალხო დამცველის
აპარატში უსაფრთხო გარემოს შექმნისა და იმ პირთა დაცვის მიზნით,
ვისთანაც აპარატის თანამშრომლებს აქვთ ურთიერთობა, სახალხო დამცველმა
კოვიდ საბუთის წარდგენის ვალდებულების შესახებ გადაწყვეტილება
მიიღო.
ბრძანების თანახმად, სახალხო დამცველის აპარატის ყველა თანამშრომელი
ვალდებულია წარადგინოს სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი
ან კვირაში ერთხელ, საკუთარი ხარჯით აღებული PCR ტესტის უარყოფითი
პასუხი.“ - ვკითხულობთ განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ კოვიდ საბუთის გარეშე სახალხო დამცველის
აპარატის თანამშრომელი არ დაიშვება არც სამსახურში და არც
სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად ოფისს გარეთ (გარდა
დისტანციურად მუშაობისა); ხოლო, გამოუცხადებლობა ანდა სამსახურებრივი
მოვალეობების შეუსრულებლობა ჩაითვლება არასაპატიოდ.
ომბუდსმენის განმარტებით, გამონაკლისს წარმოადგენენ ის თანამშრომლები,
რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვაქცინაზე
სამედიცინო უკუჩვენება ან დროებითი უკუჩვენება აქვთ (მათ შორის, კოვიდ
19-ით ავადობის შემდგომი პერიოდი).
თუმცა, ისინი ვალდებულები არიან წარადგინონ ექიმის მიერ გაცემული
დოკუმენტი, სადაც პირდაპირ იქნება მითითება ვაქცინაციის ჩატარების
შეუძლებლობის შესახებ.
სახალხო დამცველის აპარატი იმსჯელებს ასეთი თანამშრომლებისთვის
განსხვავებული სამუშაო რეჟიმის დადგენის შესახებ, ანდა დროებითი
უკუჩვენების პერიოდში, აპარატის ხარჯით PCR ტესტის ჩატარების
თაობაზე.
მასალის გამოყენების პირობები