ირაკლი ღარიბაშვილი - 3 მილიონზე მეტი ვაქცინა შემოვიტანეთ და ეს ემსახურებოდა ჩვენი მოქალაქეების დაცვას
მთავრობამ, პანდემიის პერიოდში, ყველაფერი გააკეთა და აკეთებს
იმისათვის, რომ არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს ზრუნვის გარეშე. ყველა
პაციენტს, რომელიც დაინფიცირდა კოვიდ-19-ით, მთავრობა პატრონობს.
იქნება ეს სახლის პირობებში, სასტუმროებში თუ საავადმყოფოებში, მათ,
ვისაც განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება, - ამის შესახებ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩხოროწყუში
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, დათო გოგუას წარდგენისას
განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის სწორედ ის მთავარი პრიორიტეტი და
ამოცანა, რომ არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს სახელმწიფოს მხრიდან
ზრუნვის და მკურნალობის გარეშე.
„გავიხსენოთ შედარებისთვის, რა ხდებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს.
რამხელა სხვაობაა ახლა, როგორი შედარებაა. მაშინ ჩვენ ვებრძოდით
ერთ-ერთ ყველაზე დიდ აგრესიულ ძალას და როგორი ქაოსი იყო ქვეყანაში.
აი, როგორ იმართებოდა ყველაზე დიდი კრიზისი მაშინ, იმ დროს. როგორ
არაფრად მიაჩნდათ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე, ჩვენი გმირი
ჯარისკაცები. მე 1 წელი ვიყავი თავდაცვის მინისტრი, ჩემთვის დიდი
პატივი იყო, მემსახურა ჩვენი გმირი ჯარისკაცებისთვის და მათთან ერთად
ძალიან ბევრი საქმე გამიკეთებია. ძალიან კარგად ვიცი, როგორი ღალატი
ჩაიდინეს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, როცა პირდაპირ მიატოვეს
ჩვენი გმირები ბრძოლის ველზე. ამ დროს ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისმენთ
ძალიან ბევრ მიზანმიმართულ ცილისწამებას, პანიკას და შეხედეთ
ტელევიზიებში რა ხდება? მიზანმიმართული პანიკის დათესვა ყოველდღიურად.
კოვიდ-პანდემია არის მთელს მსოფლიოში, მეგობრებო და ვერავინ შეაკავა,
ვერც ერთმა ძლევამოსილმა სახელმწიფომ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა,
სადაც ყოველდღიურად ასი ათასი შემთხვევაა და ძალიან ბევრი
გარდაცვალება და ა.შ. ყველგან, ევროპის ქვეყნებში, გერმანია,
საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი - ყველგან ხდება. პატარა
საქართველომ მოახერხა ის, რომ პირველი და მეორე ტალღა ზოგადად
წარმატებით ვმართეთ. მაშინ ყველა, მთელი მთავრობა, მთელი გუნდი იყო
ჩართული. გასაგებია, შემდეგ დიდხანს გაიწელა ეს დაკეტვა, ე.წ
ლოქდაუნები და ამან გამოიწვია ჩვენი ათასობით მოქალაქის სამსახურის
გარეშე დატოვება, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ,
რომ იმ ქვეყანაში, სადაც უმუშევრობა და სიღარიბე არის მთავარი
გამოწვევა ოკუპაციის შემდეგ, არ შეიძლება შენი მოქალაქეები დიდხანს
დატოვო სამსახურის გარეშე“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამიტომაც, დაიწყო ეტაპობრივად,
მიზანმიმართულად, გააზრებულად ეკონომიკის გახსნა.
„დაახლოებით 6 თვის წინ, დავიწყეთ ვაქცინების შემოტანა, ოპერატიულად
მოვაგვარეთ, 3 მილიონზე მეტი ვაქცინა შემოვიტანეთ და ეს ყველაფერი, რა
თქმა უნდა, ემსახურებოდა ჩვენი მოქალაქეების დაცვას. ანუ დღეს ჩვენ
გვაქვს უკვე წამალი, რომელიც კურნავს და რომელიც იცავს ჩვენ
მოქალაქეებს სიკვდილისგან. რა თქმა უნდა, აცრა არის ნებაყოფლობითი.
არავინ და ვერავინ ვერავის დააძალებს აცრას, მაგრამ ჩვენ უნდა
ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს, ოჯახის წევრებს. ოჯახშიც შეიძლება,
ადამიანს ჰქონდეს სირთულე, დაარწმუნოს საკუთარი ოჯახის წევრი, აიცრას
თუ არა, მაგრამ ჩვენ უნდა მოვახერხოთ აქტიური კომუნიკაცია ფაქტებით და
არგუმენტებით, რომ დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები აცრის
აუცილებლობაში. დავიცვათ ჩვენი თავი, ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი
მეზობლები, ახლობლები, მეგობრები, მშობლები. რაც მთავარია, სწორედ
ვაქცინაციაზე გადის ეკონომიკის აღდგენა და სწრაფი ტემპით აღდგენა
პირდაპირ უკავშირდება ვაქცინაციის წარმატებით ჩატარებას. ეკონომიკა
სწრაფად იზრდება, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც არის
უპრეცედენტო. მთელს მსოფლიოში ახლა არსად არ ხდება ასეთი რაღაც,
რამდენიმე გამონაკლისის გარდა. ეს გააჩენს დამატებით დოვლათს“, -
განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, შედეგად, შესაძლებელი გახდა სულ რაღაც 5
თვეში ბიუჯეტის 1,2 მილიარდი ლარით გაზრდა, შესაბამისად, დაფინანსდა
მეტი პროგრამა, მათ შორის გაიზარდა ბავშვების სოციალური დახმარებები,
ჯანდაცვა დაფინანსდა 600 მილიონით და ა.შ.
„დაფინანსდა უამრავი პროექტი, რომელიც მანამდე არ იყო
გათვალისწინებული ბიუჯეტში. ამ დამატებითი ბიუჯეტით შევძელით ის, რომ
მაგალითად ჩხოროწყუში კულტურის სახლის რეაბილიტაცია ახლავე დაიწყება
და ხვალიდან ტენდერს ვაცხადებთ. 5,5 მილიონი დაჯდება ჩხოროწყუს
კულტურის სახლის რეაბილიტაცია. სხვა უამრავი დამატებითი პროგრამების
დაფინანსებას შევძლებთ. იქნება ეს გზების რეაბილიტაცია, გაზიფიცირება,
წყალმომარაგება, სკოლების რეაბილიტაცია, ბაღების აღჭურვა თუ სხვა. ამ
ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება, მეგობრებო, მშვიდად, მტკიცედ და
ორგანიზებულად. ჩვენ არ უნდა დავიბნეთ, არ უნდა დაიბნეს საზოგადოება
და ჩვენ უნდა დავეხმაროთ. მთავრობა ვალდებულია, მაქსიმალურად მიიტანოს
თითოეულ მოქალაქემდე სწორი ინფორმაცია, ავუხსნათ, რომ ეს არის
აუცილებლად გასაკეთებელი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
[R]
მასალის გამოყენების პირობები